ლანჩხუთელი ტრანსგენდერის ისტორია

ლანჩხუთელი ტრანსგენდერის ისტორია

19 წლის ბიანკა შიგუროვა (ამჟამად ის ამ სახელს და გვარს ატარებს) ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთში ცხოვრობს. ოჯახის წევრებზე საუბრისას ბიანკა ამბობს, რომ დედა არ აღიარებს, რომ მისი შვილია. "არ აღიარებს, რომ ვარ მისი შვილი. ალბათ, იმიტომ რომ მე მის საწინააღმდეგოდ მოვიქეცი. მაგრამ აღიარებს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ - გარეგნობითაც, ხასიათებითაც და ვფიქრობ, რომ ერთმანეთს შესაძლოა, აზროვნებითაც ძალიან ვგავდეთ", - ამბობს ბიანკა.

მამაზე საუბრისას ქართველი ტრანსგენდერი იხსენებს, რომ მან მამას სთხოვა მისთვის გაეგო, თუმცა ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. "ვუთხარი, რომ აღარ შევაწუხებდი და დაბრუნებას ვაპირებდი. თვითონვე მომაბრუნა, დამიძახა  და მითხრა, რომ შენც ჩემი შვილი ხარ და შენზეც ისევე შემტკივა გული, როგორც დანარჩენებზეო",- ყვება ქართველი ტრანსგენდერი.

ბიანკა შიგუროვა იმასაც იხსენებს, თუ როგორ გამოუშვა ოჯახმა სახლიდან: "ეს არასდროს დამავიწყდება, დილის 8 საათი იყო, წვიმიან ამინდში გამიშვეს სახლიდან - ეზოს გარეთ. მაგრამ ამ ყველაფერმა მე მეტი სტიმული მომცა. მე მაინც ჩემი უნდა გამეკეთებინა. ვიყავი ბიჭი, მაგრამ მებრძოდა მეორე პიროვნება - რომელიც დღეს ვარ. სრულყოფილი არა მაგრამ..."

მას შემდეგ, რაც ოჯახმა ზურგი აქცია, ქართველი ტრანსგენდერი ბებიამ შეიკედლა. "ერთადერთი ადამიანი დარჩა ჩემი ბებო, რომელმაც ეს ყველაფერი მიიღო,  დაძლია და დღესდღეობით მასთან ვარ შეფარებული, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგეები იმდენად ძლიერნი არიან, რომ შესაძლოა, ბებოც გადაიბირონ", - ამბობს ბიანკა.

ბიანკა შიგუროვა თანასოფლელების მხრიდან ძალადობის ფაქტსაც იხსენებს. ის ყვება, რომ ორმოცმა ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმა, სცემეს. "მცემეს და სახლში ისე შემომაგდეს, ვითომ მიცვალებული ვიყავი", - ამბობს ბიანკა. მისივე თქმით, მან ამ ფაქტზე სუფსის პოლიციის განყოფილებაში განცხადებაც დაწერა.

"ქართველი ტრანსგენდერი ადამიანები მუდმივ ჭიდილში არიან ქვეყნის კონსტიტუციასთან, სამამულო სტიგმებთან და საკუთარ თავთან. მათთვის ძნელად მისაწვდომია იურიდიული, სამედიცინო და სოციალური სერვისები. ტრანსფორმირების ურთულეს პროცესს ხშირ შემთხვევაში ჰომოფობი ფსიქოლოგები და სექსოლოგები ხელმძღვანელობენ",- ნათქვამია ვიდეორგოლის დასასრულს.

5 წუთიანი ვიდეოისტორიას თან გასდევს მუსიკა  პედრო ალმოდოვარის ფილმიდან "მაღალი ქუსლები”, ხოლო დასასრულს მოცემულია ნაწყვეტი ალმოდოვარის ფილმიდან "ყველაფერი დედაჩემის შესახებ", სადაც ნათქვამია: "ეძღვნება ყველა მსახიობს, რომლებიც მსახიობებს თამაშობენ, ყველა ქალს, რომელიც თამაშობს, ყველა მამაკაცს, რომლებიც თამაშობენ და ქალები ხდებიან, ყველას, ვისაც უნდა, რომ დედა გახდეს".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია identoba.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია