სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის

სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის

გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთების იდეაზეც კი მონოპოლია აქვთ, - ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება.

ირაკლი ვაჭარაძე საპატრიარქოს მადლობას უხდის - რომ არა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით, "იდენტობის" ინიციატივას არავინ გააშუქებდა.

"რა პასუხი უნდა გავცე იმას, რომ ადამიანს ეუბნები, მირჩევნია ვინმე ქუჩაში მოკვდეს, ვიდრე ვინმემ სიკეთე გაუკეთოს და ეს არ ეხება მარტო "იდენტობას", მე არ მეშინია საპატრიარქოზე საუბრის. მონოპოლიაა, ჩვეულებრივი ბიზნესია, ფულს აგროვებენ. რა კომენტარი შეიძლება, გავაკეთო? ჩვეულებრივი აწყობილი ბიზნესია, უკონტროლო, გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთებაზეც კი მონოპოლია აქვთ. ბიზნესია. შეუზღუდავი შემოწირულობები სად მიდის, არავინ იცის, უამრავი მილიონები იხარჯება. და ამ დროს ადამიანები მაინც კვდებიან ქუჩაში.

გაღიზიანება შეიძლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აქამდე ქველმოქმედებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეკლესია უკონკურენტოდ ითვლებოდა. როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი კვდება, გამოჩნდა პრობლემა, რომ რეალურად უზარმაზარი თანხები, რაც მიდის ამ დაწესებულებაში, შესაძლოა, სრულად არ ხმარდებოდეს ქველმოქმედებას და ამიტომ გაბრაზდნენ. მეტი რაციონალური ახსნა აქ არ შეიძლება არსებობდეს. რაც ეხება იმას, რომ მე გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი გადახდილი გადასახადები თუ გინდათ და ჩემი წაკითხული ლექციები?", - ამბობს ვაჭარაძე.

ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც საქართველოში ლგბტ პირების უფლებებს იცავს, უსახლკაროებისთვის სოციალური თავშესაფრის გახსნას გეგმავს.

ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფრისთვის  განკუთვნილი 80 კვ. მეტრის ფართი ერთ-ერთმა მოქალაქემ ორგანიზაციას რამდენიმე წლით გადასცა.

ვაჭარაძის თქმით, თავშესაფარში დაახლოებით, 15-დან 30-მდე უსახლკარო ადამიანი იცხოვრებს. რაც შეხება ამ მოქალაქეების შერჩევის კრიტერიუმს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამაზე სოციალური მუშაკები იზრუნებენ და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. თუმცა, თავშესაფარში "ბომჟები" ვერ მოხვდებიან.

იდენტობა საცხოვრისის ბინადრებისთვის საჭირო თანხების შეგროვებას საქველმოქმედო ღონისძიებებითა და შემოწირულობებით გეგმავს. ამ ეტაპზე მხოლოდ 600 ლარი აქვთ. თუმცა მხოლოდ ფართის გასარემონტებლად და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად 20 000 ლარი სჭირდებათ. ამასთან,  ვაჭარაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული საქმისთვის მათ არავითარი გრანტი არ აქვთ.

"ეს ინიციატივა გვაქვს სამი წელია. ეს შეეხება ყველაზე დაუცველ ადამიანს, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები, ლგბტ ადამიანები და უსახლკაროები", - ამბობს ვაჭარაძე.

"იდენტობის" ინიციატივას უკვე მოყვა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ "იდენტობის" ინიციატივას საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება.

"თუ ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი საზოგადოება ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება. საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს ხმა. თუ მხოლოდ ეკლესიას მივანდოთ ეს საქმე და მხოლოდ ეკლესია იყოს პასუხისმგებელი? საზოგადოება ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს და ერთად უნდა გავაპროტესტოთ ეს ამბავი. ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი ვანდოთ? ამათ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვების ნაწილი? ამაზე უარესი ტრაგედია არ არსებობს. ეს გახდება ძალიან დიდი მსჯელობის და ძალიან დიდი სკანდალის საგანი. ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ. ეს დაჯგუფება იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, განსაკუთრებით უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან", -აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

"იდენტობის" ინიციატივის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

"იდენტობა" გვთავაზობს, რომ გააკეთოს ეს იზოლირებულად, რომ სახლს ააშენებენ და შეუშვებენ. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდის ის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითა და დეკლარაციებით რეგულირდება. არის ნათლად გაწერილი საერთაშორისო დეკლარაციები და კანონები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს კოორდინირებული და არა იზოლირებული. მათი ინიციატივა არ არის კოორდინირებული საერთაშორისო დეკლარაციებთან", - განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

ნათია კიკვაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია