საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, მიხეილ სამხარაძის წერილი გამოქვეყნდა. მიხეილ სამხარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.
"და აი დასრულდა ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამსახურში
თითქმის 4 წელი ამ კედლებში გავატარე, სადაც ყოველდღიურად უზარმაზარი ოჯახი ფუსფუსობდა. ეს იყო ჩემი სახლი. იშვიათია ალბათ, როცა სამსახურში სიარული გიხარია ადამიანს. მე მიხაროდა. მეამაყებოდა და ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ ამ წლებს. მინდა ყველას გადავუხადო უდიდესი მადლობა, ვინც მომცა შანსი, ჩემი ირწმუნა და მომცა საშუალება, ქვეყნის პირველი პირის მხარდამხარ მემუშავა, მენახა უამრავი რამ, რისი შანსიც სხვა შემთხვევაში არ მექნებოდა, ვყოფილიყავი საჭირო დროს საჭირო ადგილზე, გამეცნო უამრავი საინტერესო და საჭირო ადამიანი და მესწავლა საქმის კეთება უმაღლეს დონეზე და უბრალოდ გავზრდილიყავი, როგორც პიროვნება. ძალიან დიდი მადლობა პროტოკოლის სამსახურის ყველა, უბრალოდ თანამშრომელს კი არა, საუკეთესო მეგობრებს, მჯერა, რომ ვქმნიდით სტანდარტებს, რომელიც დარჩება ჩვენს შემდეგაც; ვწერდით ისტორიას, რომელსაც ხალხი ეკრანებიდან და ახალი ამბებიდან ხედავდა. და უბრალოდ ვიყავით იქ და იმ დროს, სადაც საჭიროები ვიყავით. ყველანი მიყვარხართ. მადლობა ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს ამ წლების მეგობრული და სასიამოვნო სამუშაოსთვის.
სევდიანი შეგრძნებაა, ხედავდე როგორც იცლება შენობა, მიდიან თანამშრომლები, ცარიელდება ოთახები..
მეც ჩავალაგებ ახლა ჩემს ნივთებს", - წერს მიხეილ სამხარაძე.