"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"

"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"

მომავალი წლიდან თბილისის მერია ავარიული კორპუსების გამაგრებას დაიწყებს, რისთვისაც თბილისის ბიჯეტიდან 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია, თუმცა ამისთვის 35 მილიონი ლარია საჭირო. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თემურ გრიგალაშვილის თქმით, დარჩენილი 10 მილიონის დამატება ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ქალაქის მერიას ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირა.

თუმცა გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის მთვარობა ამ საკითხზე იმსჯელებს და საქმე მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება.

"მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებაა. თუ ჩვენ ამ ქმედებას დროულად არ დავიწყებდით, ჩნდებოდა საფრთხე, რომ 130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო. ეს იმის ფონზე, როცა 10 000 ოჯახი პრაქტიკულად, უსახლკაროა ან ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ მას საცხოვრებელი არ ჰქვია.

"ამისთვის ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. მიმდინარეობს კორპუსების ტენდერები და თებერვლიდან უკვე დაიწყება კორპუსების სრული გამაგრება. ამისთვის მერიას 25 მლნ ლარი აქვს შემოთავაზებული, თუმცა 35 მლნ-ია საჭირო", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა. ამასთან, როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, უნდა დაიწყოს ქალაქში "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი.

"საკრებულომ უნდა დაიწყოს "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი და ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი კორპუსების მშენებლობა, რომლითაც დავაკმაყოფილებთ ბინებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ "ხრუშჩოვკებში" ცხოვრობენ და ამასთან, ქალაქს შევუქმნით საბინაო ფონდს. ეს პროექტი განხორციელდება კერძო ინვესტორების და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

თემურ გრიგლაშვილს ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე არაფერი სმენია. ავარიული კორპუსების გამაგრების პროექტს კი პოზიტიურად აფასებს. ამბობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს, თუმცა მისი თქმით, ერთ წელიწადში ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრება.

"ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე დღეს წავიკითხე, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება გამაგრებას, ცალსახად პოზიტიური საკითხია და მხარდაჭერის გარდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.

"ზოგადად თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს არ არის შერჩეული ერთი, რომელიმე უბნის მიხედვით. ბუნებრივია, ეს პრობლემა ერთ წელიწადში ვერ აღმოიფხვრება, თუმცა კარგია, პირველი ნაბიჯები რომ იდგმება და რაღაც ნაწილი კორპუსებისა გამაგრდება.

"გამაგრების პროცესში მოხდება თუ არა მოსახლეობის გამოყვანა ამა თუ იმ კორპუსიდან, უცნობია. ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ასევე ამ პროექტზე, რომელზეც დაიწყება მუშაობა. ამაზე შესაბამის დასკვნას ექსპერტები დადებენ.

რაც შეეხება ე.წ იტალიური ეზოების გამაგრებას, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით აქვს თუ არა კონკრეტული მოსაზრება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ეს გამაგრება მხოლოდ კორპუსებს არ უნდა ეხებოდეს, იმიტომ, რომ ამ ეზოებშიც ბევრი სახლია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს.

"მაგრამ ეს დამოკიდებულია დედაქალაქის ბიუჯეტზე - ცნობილია, რომ ცენტრალურმა მთვარობამ თბილისის ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეამცირა და თუ იქნება ხელისუფლების კეთილი ნება, ამისთვის გამოყოფილ 25 მილიონ ლარს კიდევ დაემატება 10 მილიონი ლარი და სამუშაოები ჩვეულებრივ შესრულდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებს", - უთხრა "რეზონანსს" გრიგალაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნას.

"ამ ეტაპზე საუბარია ავარიული შენობების გამაგრებაზე. იტალიური ეზოების და ძველი უბნების გამაგრებას, რამდენადაც ვიცი, "თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებს. თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ მოსახლეობას ამ მხრივ რაღაც პრობლემები შეექმნას.

"დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მერიას 168 მილიონი ლარი აქვს დაუხარჯავი, სწორედ ამის გამო არ მისცა ცენტრალურმა მთავრობამ ის 50 მილიონი ლარი, აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები მათ, რომ ვიღაცამ რამე დააკლო.

"ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი კი ჯერ არ დაიწყება, ამის მხოლოდ პროექტი არსებობს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა, რომ იქიდან მიიღოს დაფინანსება და დონორმა ორგანიზაციებმა გამოგვიყონ ფული ამ კორპუსების ადგილზე უფრო თანამედროვე ლამაზი კორპუსების ასაშენებლად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მუსხელიშვილი.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი, თუმცა მისი თქმით, მთავრობამ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხალხი არ დაზარალდეს.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟი საჭიროა, მაგრამ როგორ მოხდება ეს, კაცმა არ იცის. სახელმწიფომ ისე უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეს პროცესები არ გაჭიანურდეს. ისე არ მოხდეს, რომ დაანგრევენ და მერე გაპარტახებულ სახლებს დატოვებენ, როგორც აკეთებდნენ ხოლმე", - გვითხრა ჩხენკელმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია