Go Travel - 8 მიზეზი, რისთვისაც საქართველოს უნდა ეწვიოთ

Go Travel - 8 მიზეზი, რისთვისაც საქართველოს უნდა ეწვიოთ

გერმანელი ბლოგერი ჯოშ კაჰილი, რომელიც ვებსაიტზე gotravelyourway.com სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას განცდილ შთაბეჭდილებებზე უცხოელებს მოუთხრობს, ამჯერად ვრცელ სტატიას საქართველოზე წერს და მკითხველს ფოტოგალერეასაც სთავაზობს.

"არ ვიცი, რა ვიფიქრო საქართველოზე, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ამ ქვეყანამ უბრალოდ აღმაფრთოვანა. ეს იმ გრძნობას ჰგავს, როდესაც იტყვი - დიახ, მთელი ცხოვრება ამის აღმოჩენას ველოდი. გაიფიქრებთ, ასეთი რა ნახეო? გულკეთილი ხალხი, ულამაზესი სოფლები და თბილისის ღამის ცხოვრება. რთულია ემოციები გადმოვცე", - წერს ავტორი.

8 მიზეზი, რისთვისაც საქართველოს უნდა ეწვიოთ:

1. ბუნება: საქართველოს ბუნება გაგაოცებთ. არასდროს დამავიწყდება თუშეთში მოგზაურობა. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ტურისტები იშვიათად დადიან. ძალიან შთამბეჭდავია კავკასიონი. არასდროს დამავიწყდება ულამაზესი ჰორიზონტი, რომელიც ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას ვნახე. ავტობუსის ფანჯრიდან საოცარი პეიზაჟი ჩანდა: უღრუბლო ცა, კაშკაშა მზე და სიჩუმე.

2. ქართველები, რომლებიც თქვენს გულს დაიპყრობენ: არსად მიგრძვნია ისეთი ჰუმანური ურთიერთობა, როგორც თბილისში. არ დამიჯერებთ, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანები ისე მექცეოდნენ, როგორც მათ დიდი ხნის მეგობარს. ერთ საღამოს ჩემმა მასპინძელმა ნინჩომ მე და ჩემი მეგობარი მაიკლი თბილისში ერთ-ერთ ბარში წაგვიყვანა. კუთხეში ბიჭები ისხდნენ, რომლებიც ნასვამები იყვნენ - მოულოდნელად ხმამაღლა სიმღერა დაიწყეს; როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგანაც ჩვენი გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. სიმღერის ბოლოს სხვებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. შემდეგ მე და ჩემმა უცხოელმა მეგობარმა გერმანული სიმღერა დავიწყეთ - მოულოდნელად ყველა გაჩუმდა. სიმღერის ბოლოს შეძახილებით გაგვამხნევეს და ყველამ სიმღერა დაიწყო, ისმოდა ქართული ფოლკლორული ჰანგები და "ბითლზის" პოპულარული კომპოზიციები. ჩვენდამი პატივისცემას გამოხატავდნენ და თბილად გვექცეოდნენ - მუსიკა მათი ცხოვრების გზაა.

3. პატარა ბაზრები: პატარა ბაზრებს ყველგან შეხვდებით. დახლებზე ყველაფერია, რისი დაგემოვნებაც გაგახარებთ, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, პური... ძირითადად პროდუქტებს ასაკოვანი ქალები ყიდიან, რომლებიც ინგლისურად ერთ სიტყვასაც ვერ ამბობენ.

4. თბილისი - ყველაზე უნიკალური დედაქალაქი: თბილისი უნიკალური დედაქალაქია, რადგანაც სხვადასხვა კულტურის მიქსია. ქუჩაში მოსეირნე რიგითი მოქალაქეც კი მზადაა დაგეხმაროს. აქ შეხვდებით დასავლური ქსელის რესტორნებს McDonalds-სა და Burger King-ს, პატარა მაღაზიებს, საბჭოთა და თანამედროვე სტილის არქიტექტურულ შენობებს. თბილისში განსაკუთრებით ღამის ცხოვრება მომეწონა - ქუჩებში უამრავი ახალგაზრდაა. ქვეყანაში ძალიან რელიგიური ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ეკლესიას დიდ პატივს სცემენ.

5. თბილისის ვიწრო ქუჩები: შეუძლებელია ეს სილამაზე თბილისში მოხვედრისთანავე ვერ შენიშნო: ლამაზი, პაწაწინა ხეივნები და ქუჩები. ეწვიეთ თბილისს და აუცილებლად იქონიეთ ფოტოაპარატი.

6. იაფი ლუდი და სამზარეულო: საქართველოში გემრიელ ლუდს 2 დოლარად დალევთ. ალკოჰოლის დალევისას ყველა ყვირის "გაუმაჯუს" (Gaumajus). ქართული სამზარეულო უნიკალურია, განსაკუთრებით ხინკალი. ხინკლის ჭამისას წვენი არ უნდა დაღვარო.

7. ყველგან ეკლესიებია: ეკლესიებს შეხვდებით ყველაზე უცნაურ ადგილებში, სადაც მთისა და ცხვრების გარდა, არაფერია. განსაკუთრებული ყურადღება გერგეტის სამებამ მიიპყრო.

8. ბათუმი და ულამაზესი შავი ზღვის სანაპირო: თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ უფრო ლამაზი სანაპიროც მინახავს და ქვიშას უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ, ვიდრე ქვებს, მაგრამ ბათუმს და შავი ზღვის სანაპიროს თავისი შარმი აქვს. წარმოუდგენელია, ზღვა და მთა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ და 2 საათის შემდეგ სანაპიროზე გაირუჯოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია gotravelyourway.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია