ქორწილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ქორწილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის დეტალები

2013 წლის ნოემბერში თბილისში, საბურთალოზე ტრაგედია დატრიალდა: ახალდაქორწინებული 34 წლის მარიკა ჩემია, ქორწილის მეორე დილას, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის დროს ბინაში მხოლოდ წყვილი იმყოფებოდა... ტრაგედიის წინადღეს, 17 ნოემბერს, მარიკა ჩემიამ და პოეტმა დავით ბაზუაშვილმა ჯვარი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერეს. ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს. ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ და გვიან ღამით სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ.

წყვილმა ოროთახიანი ბინა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე შეიძინა. შეყვარებულებმა ის საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს, მყუდრო გარემო შეიქმნეს და ერთ ჭერქვეშ ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებოდნენ, გეგმებიც დაწყობილი ჰქონდათ - სამოგზაუროდ ეგვიპტეში მიდიოდნენ. სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. სახლში გამთენიისას დაბრუნებულ მარიკას თურმე, დივანზე საქორწილო კაბაში გამოწყობილს ჩაეძინა. მოგვიანებით, დათომ მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ ექიმებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. ამ ფაქტმა ყველა შოკში ჩააგდო. ახლობლებს დღემდე ვერ აუხსნიათ, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, მარიკა ჩემია ფილტვის ინფარქტით გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაში გადაასვენეს.

ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

გოგონა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა, ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, მის სამსახურში მივედი. მუზეუმის შესასვლელში მისი ფოტო იყო გამოკრული. მარიკას ოთახის კარი დაკეტილი დამხვდა. კარზე ისევ იყო წარწერა - მარიკა ჩემია. "აქ შესვლა არავის უნდა, რადგან მარიკა აღარ გვყავს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით", - მითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც თვალი ცრემლით ჰქონდა სავსე. მანვე მეექვსე სართულზე, მარიკას უახლოეს მეგობართან, ვახტანგ ცინცაძესთან მიმიყვანა. "საშინელ დღეში ვართ, ლაპარაკს ვერავინ შეძლებს. ვფიქრობ, ვახო მოიკრებს ძალას. თქვენ არ იცით, როგორი გოგო დავკარგეთ", - მითხრა ქალბატონმა და ვახტანგის კაბინეტთან მიმიყვანა.

ვახტანგი და მარიკა ლანჩხუთელები ყოფილან და თურმე, ბავშვობიდანვე მეგობრობდნენ.

ვახტანგ ცინცაძე:

- მარიკა პირველი კლასიდან მახსოვს. გამორჩეული გოგო იყო. ჩვენი დიდი მეგობრობა აქ, მუზეუმში კიდევ უფრო მეტად მტკიცე გახდა... სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მარიკა კი მეორე კურსზე, იმავე სპეციალობაზე დამხვდა. ორივემ ტექნიკური უნივერსიტეტის სიძველეთა ფაკულტეტი დავამთავრეთ. როცა სამუშაოდ აქ მოვედი და მუზეუმში მარიკა ვნახე, ძალიან გამიხარდა. ის აქტიური, უზომოდ თბილი, ხალისიანი გოგო იყო. იმდენად ენერგიული გახლდათ, რომ სხვასაც არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ყველაფერი გულთან მიჰქონდა. თუკი ვინმე ავად გახდებოდა, დღეში ათჯერ მოიკითხავდა. თანამშრომლის ოჯახის წევრიც რომ ყოფილიყო ავად, იმის ამბავსაც რამდენჯერმე იკითხავდა.

ეკლესიურად ცხოვრობდა. როცა მომხდარის შესახებ შევიტყვე, ვერ ვიჯერებდი და მაშინვე მის სახლში დავ­რეკე. ყურმილი მარიკას ბაბუამ აიღო. საუბრიდან მივხვდი, მან არაფერი იცოდა, ამიტომ ყურმილი გავუთიშე და პროზექტურაში წავედით. იქ მისულები საშინელი ფაქტის თვითმხილველები გავხდით... გოგოს ქორწილი ჰქონდა და გვეგონა, სამოგზაუროდ ეგვიპტეში წავიდნენ და უცებ, ასეთ ამბავი გავიგეთ... მარიკას ჩვენთან ავადმყოფობაზე არა­სოდეს დაუჩივლია. შეუძლებელია, უახლოესი მეგობრებისთვის რაიმე დაემალა.

- მარიკამ სკოლა გურიაში დაამთავრა. მის ოჯახზე რას გვეტყვით?

- გურიაში დაიბადა და გაიზარდა. ლანჩხუთში ჩემიების სულ ორი ოჯახია. საოცარი დიპლომატი იყო და სულ ვეხუმრებოდი, - გურულისა და მეგრელის სისხლი რომ გაქვს, ასეთი კომუნიკაბელური და კარგი ამიტომ ხარ-მეთქი. 9 კლასის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვიდა, სკოლა აქ დაამთავრა. ერთი ძმა ჰყავს, რომელიც მასზე ორი წლით უფროსია. და-ძმა თბილისში ერთად ცხოვრობდა. მარიკა ობლობაში გაიზარდა: მეორე კლასში იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ხომ ასეთი "გახსნილი" იყო, მაგრამ მამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. ეს იყო მისი დიდი ტკივილი, რომელსაც გულში ინახავდა. სამწუხაროდ, ობლობაში გაზრდილს არ ეღირსა ლამაზ ახალ ოჯახში ცხოვრება... მეოცნებე გოგო იყო. მეტყოდა ხოლმე, - ძალიან ძველმოდური და კონსერვატორი ვარო. ცდილობდა, თანამედროვე ყოფილიყო, მაგრამ მაინც, ეროვნული ტრადიციების მატარებელი გახლდათ. ოცნებობდა, ჰქონოდა ლამაზი ოჯახი, ჰყოლოდა ბევრი შვილი და ეპოვა პიროვნება, რომელთანაც ბედნიერი იქნებოდა. ასეთი ადამიანი იპოვა, მაგრამ ბედნიერებით ტკბობა არ ეღირსა.

- დავით ბაზუაშვილი სად გაიცნო? როგორი იყო შეყვარებული მარიკა?

- ძალიან ბედნიერი გახლდათ. შეყვარებული რომ იყო, ამას არ მალავდა. საოცრად უყვარდა დავითი. ის 6 თვის გაცნობილი ჰყავდა. მარიკა წილკნის ტაძარში დადიოდა და იქ გაიცნო თავისი რჩეული. ისიც მორწმუნე ბიჭია. მარიკას მოძღვარი - მამა იოსები ქუთაისში გადაიყვანეს. ჰოდა, ამის შემდეგ წილკნის ტაძარს მიეკედლა...

დავითი პოეტია, პროფესიით - იურისტი. სასულიერო აკადემიაც დაამთავრა და მედავითნე იყო... ახალი ბინა საბურთალოზე დაქორწინებამდე შეიძინეს და მარიკა ბოლო თვე რემონტით იყო დაკავებული. იქაურობა საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. ჩემთვის სრული შოკია, რაც მოხდა. არ ვიცი, როგორ გავძლებ მის გარეშე. სულ ველოდები, როდის დამირეკავს და დამიძახებს: ვახო, ჩამოდი, მეგობრები შევიკრიბეთ და ვისაუბროთო. ერთი სართულით დაბლა იყო მისი სამუშაო ოთახი და სამსახურის შემდეგ, მეგობრები მასთან შევდიოდით და იწყებოდა ცხოვრებისეულ თემებზე ლაპარაკი. მუზეუმში ფეოდალურ განყოფილებაში მუშაობდა. შარშან ოთხმა თანამშრომელმა ერთდროულად დავიცავით დისერტაცია. ცხოვრებაში ყველაფერი მოასწრო: სწავლაც, დისერტაციის დაცვაც, უამრავი ხალხის სიყვარულის მოპოვებაც, დიდი სიყვარულის პოვნაც, გათხოვებაც. ყველანი დაბნეულები ვართ. მისი მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია. მარიკას ძმამ გადაწყვიტა, ცხედარი ლანჩხუთში გადაესვენებინა და 23 ნოემბერს, გიორგობას დავკრძალეთ. უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას...

სულიერი მეგობრის დაკარგვა ძალიან მძიმე რამ არის. შეიძლება, ბევრი მეგობარი გყავდეს ადამიანს, მაგრამ დამატებით გქონდეს სულიერი კავშირი, იშვიათი რამ არის. ვიდრე ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, ბოლო 3 კვირა უაზრო თავის ტკივილები მქონდა; ისეთი, რომ არაფერი მიყუჩებდა. თან, ყოველ ღამით უაზრო რაღაც მესიზმრებოდა. ვითომ, ტაძარში შევდიოდი და ჯვარცმასთან სანთელს ვანთებდი და სანთელი ბოლომდე არ იწვოდა... რაღაც ცუდის მოლოდინის შიშითაც, ამ სიზმრებს ვერავის ვეუბნებოდი. როცა მარიკას ამბავი შევიტყვე, მომენტალურად გამიქრა თავის ტკივილი და მას მერე, არც სიზმარი გაგრძელებულა. ვფიქრობ, ეს ჩემი წინათგრძნობა იყო. მარიკას უეცარმა გარდაცვალებამ დამარწმუნა, რომ ეს ცხოვრება ამაოებაა. მან დატოვა მესიჯი: გიყვარდეთ ერთმანეთი. მეტის თქმა არ შემიძლია. ის იყო უბრალოდ, ადამიანი.

ვახტანგმა საუბარი შეწყვიტა, თვალები ცრემლით აევსო და ერთგულ მეგობარზე ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არც მე შემიწუხებია კითხვებით, რადგან მან ფაქტობრივად, ისედაც დახატა მარიკას პორტრეტი.

ვახტანგ ცინცაძის კაბინეტიდან გამოსულს, მარიკას ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე შემხვდა. იგი ნეკრესის ექსპედიციის ხელმძღვანელია.

- არაჩვეულებრივი გოგო იყო. ჩვენთან აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა მოიყვანა. ნეკრესის კვლევებში აქტიურად მონაწილეობდა. წარმოდგენა არ მაქვს, მის გარეშე როგორ ვიმუშაო. საოცრად ენერგიული, ნიჭიერი იყო. მუზეუმში უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ ამ ასაკში სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. მერწმუნეთ, ეს არ არის ადვილი საქმე. თითქოს გრძნობდა, რაც ელოდებოდა და სურდა, ყველაფერი მოესწრო. ამ ზაფხულსაც ერთად ვიყავით ექსპედიციაზე. ყველას შეაყვარა თავი. ძალიან ყურადღებიანი იყო; არ ავიწყდებოდა არავის დაბადების დღე. თუ ვინმეს პრობლემა ჰქონდა, გვერდით ედგა. ერთადერთი, რაც არ მოგვწონდა და რის გამოც ვსაყვედურობდით, გახლდათ ის, რომ ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი. ჰოდა, ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ შეყვარებული იყო. საოცრად რომანტიკული გახდა. ქორწილისთვის ემზადებოდა და ძალიან ბედნიერი იყო... ახლა უკვე მარიკა აღარ გვყავს. არ ვიცი, წელს როგორ წავალ ექსპედიციაში მის გარეშე; არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო საქმე, რომელშიც მარიკა 13 წელი აქტიურად იყო ჩართული. მის გარეშე ძალიან გამიჭირდება.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, მარიკა ჩემია გალერეა "ვაჩეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო. 3 წლის წინ მან და ინგა ვაჩეიშვილმა ერთად დააარსეს ეს გალერეა.

- მე და მარიკა მეგობრები ვიყავით. ინტერესთა სფეროც ერთი გვქონდა და აქედან დაიწყო ჩვენი საქმიანი ურთიერთობაც. გადავწყვიტეთ, გალერეა ერთად გაგვეკეთებინა. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო. საოცარი ინტუიცია ჰქონდა. შეეძლო, ნებისმიერი ნაკლებად ცნობილი ხელოვანის ძლიერი მხარე აღმოეჩინა. ხალისიანი, კომუნიკაბელური ადამიანი იყო. 34 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო, როგორც მეცნიერმა. მას ამ გალერეის წარმატებაში ლომის წილი აქვს. არასოდეს უავადმყოფია. ჯანმრთელი გახლდათ და მომხდარით გაოგნებული ვარ. მას არ შეეძლო არაფრის საშუალო დონეზე გაკეთება, ყოველთვის ყველა საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა.

"ფეისბუკში" მარიკას გვერდზე 12 ნოემბრით დათარიღებული 7 ფოტო დევს წარწერით - "ჩემი და დავითის წინდობა". როგორც შევიტყვე, რადგან ორ­ივე ეკლესიური ადამიანი იყო, დავით ბაზუაშვილმა შეყვარებულ გო­გოს ხელი სწორედ ეკლესიაში სთხოვა და ეს დაწინდვის კადრები სწორედ მაშინ არის გადაღებული, წილკნის ტაძარში.

დავით ბაზუაშვილი უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაშია და ბუნებრივია, მას და მარიკას ოჯახის წევრებს მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ.

მარიკას "ფეისბუკის" გვერდზე ერთი სიუჟეტი მოვიძიე, რომელიც ოქტომბერში, საპატრიარქოს ტელევიზიით გასულა. სიუჟეტი ახალგაზრდა პოეტის - დავით ბაზუაშვილის შემოქმედებას ეძღვნება. დავითი ამ სიუჟეტში ერთ ლექსს საყვარელ ადამიანს - მარიკა ჩემიას უძღვნის და მათი ერთად გადაღებული კადრიც არის ასახული. "ყველა ლექსს, რომელსაც ვწერდი, ვათარიღებდი, რათა შემდეგ გამეგო იმ წუთს და წამს რა განცდა მქონდა. ადამიანებს მოეწონათ ჩემი ლექსები და მირჩიეს, წერა გამეგრძელებინა. შემიძლია, გამეღვიძოს ღამით და ლექსი დავწერო. თემატიკა მუზაზეა დამოკიდებული... რელიგიური თემატიკა შემოვიდა მანამდე, სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, სანამ მაზიარებელი, აღმსარებელი გავხდებოდი", - ამბობს იგი.

დავითი თურმე, ბოლო სამი წელი, დაახლოებით 6-7 თვეს ზედაზნის მონასტერში ატარებდა, იქ ცხოვრობდა. გთავაზობთ ლექსს, რომელიც მან საყვარელ ადამიანს, მარიკა ჩემიას მიუძღვნა:

"მოხვედი, თან ისე, როგორც ჯერ არავინ,/ მანამდე, შენამდე არც არვინ მოსულა,/ და უმალ ჩემს სულში გაშალე კარავი,/ ეული და ბერწი მაქციე ორსულად,/ შენს მოსვლას მე ხალას გაზაფხულს დავარქმევ,/ მტრედო და უწყებავ, წარღვნის დასასრულო,? მსგავსებას მიბრუნებ, მსახურო, თან აკმევ,/ წმინდა ქერუბიმო, მიწად გარდმოსულო./ ღვთის ცისარტყელა ხარ, აღთქმა ხარ უფლისა,/ ეს შენ ხარ აღდგომა გახრწნილი ლაზარეს./ უკუნში ფესვგადმულ ცოდვათა მოძირკვა/ ვიცი ვერ გაშინებს, ვიცი არ გაზარებს/ და განცდა სიცოცხლის შენიდან დავიწყე,/ ვიშევი ხელახლა, მივიღე ნათელი,/ მირონი შევიცხე ბოლო წუთს, ბოლო წამს,/ მომეც ზიარება შერყვნილს და გათელილს,/ ნატვრა ხარ წარსულში - მომავლის ოცნება/ აზრი ხარ აწმყოში უაზრო არსობის,/ მიბრუნებ ღრმად მოხუცს განცდას და/ შეგრძნებას ლამაზ და შორეულ უცოდველ ბავშვობის./ ჩვენ, სამთა კავშირი, განგების ნაკურთხი,/ თანდათან ვრწმუნდები, ზმანება არ არის/ დროების მპარავი დემონი განდევნე,/ შესძელი, თან ისე, როგორც ჯერ არავინ".

23 ნოემბერს, გიორგობას, მარიკა ჩემია მშობლიური სახლიდან გაასვენეს. ის საქორწილო კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ შეარჩია ქორწილისთვის. ყვავილებით სავსე იყო ეზო, ბევრი ცრემლი გააყოლეს. იგი მამის გვერდით დაკრძალეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია