"რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა" - ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან

"რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა" - ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან

ზამთრის დადგომასთან ერთად ყოვედღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატების ტენდენცია შეინიშნება. საფასო ცვლილება იმპორტულთან ერთად, ადგილობრივ ნაწარმსაც შეეხო. AMBEBI.GE აგრარული ბაზრის ფასებით დაინტერესდა.

როგორც გამყიდველები ამბობენ, ბოლო დღეებში კარტოფილის ფასმა 40-50 თეთრით მოიმატა და მალე შეიძლება კილოგრამი 1.50 ლარადაც კი გაიყიდოს. ხილი 1 ლარზე ნაკლები არ ღირს, ლობიოს ფასი თითქმის 5 ლარამდეა, 1კგ. ყველის ფასი - 8-9 ლარი.

სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ფასების ცვლილება ყველაზე მეტად ქვეყნის ღატაკ მოსახლეობას აწუხებს. მომხმარებლები პროდუქტს თამამად ვერ ყიდულობენ: "აქ შემოდის ყველაზე ღატაკი მყიდველი. ყვავილოვანი კომბოსტო კილო 1.20 ლარი ღირს და ხალხი ვერ ყიდულობს. ზოგი თითო კიტრისა და ვაშლის აწონვას მთხოვს. სუპერმარკეტებმა მოსპო ბაზარი", - მეუბნება შუახნის ქალბატონი.

პროდუქტზე ფასების ზრდას ბაზარში ზოგი ზამთრის სეზონს უკავშირებს, ზოგიც დოლარის კურსის ზრდასა და მარხვის პერიოდს:

სურსათით მოვაჭრე შუახნის მამაკაცი გვეუბნება, რომ დოლარის კურსის მატების შემთხვევაში, ალბათ, პროდუქტიც გაძვირდება. საქართველოში ყოველთვის ასე ხდება ხოლმეო.

"სოკოც გაძვირდა და თევზიც, თითქმის ერთი ლარით მოიმატა ფასმა. ყველაფერი მარხვის გამოა გაძვრებული. რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა", - მეუბნება სოკოს დახლთან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი.

გამყიდველების უმეტესობა წინასაახალწლოდ ფასების მომატებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. წინასაახალწლო პერიოდში ყოველთვის იმატებს ფასები. ალბათ 20 დეკემბრიდან დაიწყება მატება და 1 იანვრიდან ისევ დაიკლებს.

ერთ-ერთი კარტოფილით მოვაჭრე მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს -" ბევრი დაუხნავი და დაუთესავი მიწაა დარჩენილი. უამინდობაც იყო, ვერც აზოტი შეიტანეს თავის დროზე. პირადად მე ბაზარში კარტოფილი 1.30 ლარად ჩავაბარე. ხვალ ან ზეგ, ალბათ, 1.50 ლარამდე აიწევს ფასი. გლეხებს აქ კი არა, ადგილზე სოფელში დაელაპარაკეთ და ყველაზე კარგად სწორედ იქ გაიგებთ მათ გასაჭირს."

ექსპერტები ფასების მატებას წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ და მოთხოვნის ზრდასთან ერთად პროდუქტების გაძვირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე სურსათზე ფასების მცირეოდენ ზრდას სეზონის ჩვეულებრივ ტენდენციად მიიჩნევს:

"ახალი წლის პერიოდში ყველა სამზადისშია, ეს წელიც არაა გამონაკლისი. სავარაუდოდ, 10 დეკემბრიდან პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა ფასების მატებას გამოწვევს.

როგორც წესი, იანვრის პირველი რიცხვებიდან ფასები სტაბილურდება ხოლმე. ლარის კურსის დინამიკა 1.3 პროცენტის ფარგლებში, არ არის ისეთი მერყეობა, რაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიძლება აისახოს. ასეთ შემთხვევაში, ხორბალი და შაქარი უნდა გაძვირებულიყო, რაც ჯერჯერობით არ შეინიშნება. მოლოდინი ლარის კურსის მერყეობისა არსებობს, თუმცა ეს უკვე ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რომ ცვლილების შემთხვევაში, მერყეობა შეაჩეროს. მხოლოდ ლარის 5 % ფარგლებში გაუფასურების შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ ფასების მატებას იმპორტირებულ საწვავზე, ხორბალსა და შაქარზე,"- ამბობს ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი.

AMBEBI.GE საახალწლოდ მოსალოდნელ ფასების ზრდის დინამიკას დააკვირდება და ცვლილებების შემთხვევაში მოგაწვდით ინფორმაციას.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი ამ თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია