ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით

ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით

სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები. ეს სიტყვები ბენჟამინ ფრანკლინს ეკუთვნის და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამწუხარო ჭეშმარიტებაა. თუმცა გარდაცვალებას თან ახლავს მესამე და ასევე გარდაუვალი რამ, ქელეხი - ქართული სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით.

ქელეხის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებია არსებობს. დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია ბევრჯერ გარდაიქმნა და გადასხვაფერდა. ზოგადად, მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული პურობის ტრადიცია ადრექრისტიანული ხანიდან მოდის. საქართველოში მიღებული იყო ე.წ. "კარგაღებული" აღაპი, როდესაც მიცვალებულის სახელის პატივსაცემად გლახაკებს აპურებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ამ ყოველივემ საერო ცხოვრებაში განვითარება ჰპოვა, თუმცა ქართული სამგლოვიარო სუფრა საკმაოდ თავშეკავებული და მოკრძალებული იყო - სანამ მიცვალებულს არ დაკრძალავდნენ, სუფრას არ მიუსხდებოდნენ. სუფრასთან კი მიცვალებულს მოიგონებდნენ, ჭირისუფალს ნუგეშს სცემდნენ და სუფრაც დასრულდებოდა. საბოლოო ჯამში კი ქელეხის სუფრა ერთგვარი ნუგეშისა და თანადგომის გამოხატვის საშუალება იყო.

ქელეხის ტრადიცია ჩვენმა წინაპრებმა ავად თუ კარგად შემოინახეს და ქართველები დღესაც ვცდილობთ მის შესრულებას. თუმცა სადაც კარგს ვიტყვით, იქ ცუდიც არ უნდა დავივიწყოთ. მრავალ ადამიანს, მათ შორის მორწმუნეებსაც კი მიცვალებულთა მიმართ ჩვენს მოვალეობებზე დამახინჯებული წარმოდგენა გვაქვს. ზოგს მიაჩნია, რომ სამგლოვიარო სუფრა იშვიათი საჭმელითა და მაგარი სასმელით უნდა იყოს სავსე, ან საფლავზე ძვირფასი ქვა უნდა დავდგათ, რომ ნაცნობებმა სიძუნწეში არ დაგვდონ ბრალი.

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა მეგობარი გარდამეცვალა, 25 წლის ბიჭი. ქელეხის უხერხულობა სწორედ მაშინ ვიგრძენი - გლოვას თან ახლდა გამუდმებული ფუსფუსი და მსჯელობა სუფრის თაობაზე. უხეშად რომ ვთქვათ, "მენიუს არაფერი არ უნდა დაჰკლებოდა". იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მგონია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიური პირობების გაუმჯობესებამ და ტრადიციებისადმი უყურადღებობამ ქელეხი ღრეობას უფრო დაამსგავსა, ვიდრე გარდაცვლილის სულის ცხონებისთვის ზრუნვას. იქნებ არაა ლამაზი, როცა ოჯახი და ახლობლები გლოვობენ, მავანნი კი საათობით უსხედან სუფრას და სასმელ-საჭმელს შეექცევიან. და თუკი ჭირისუფალის ეკონომიური მდგომარეობა არც თუ ისე კარგია, სულიერ ტრავმასთან ერთად მატერიალურ ზიანსაც განიცდიან. უფროსი თაობა ალბათ შემედავება, მიცვალებულის სულის ცხონებისთვის ქელეხის სუფრა აუცილებელია, თანაც ჭირისუფალთან სანუგეშოდ მოსულებს პატივისცემაც ხომ უნდათო?! რას იზამ, კაცია და გუნება.

"გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს; დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება; თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, მხოლოდ სამარხვოსაჭმელი მზადდება",- მართლმადიდებელ ეკლესიას თუ დავეკითხებით, მიცვალებულის სულის საცხონებლად ჭირისუფალი სწორედ ასე უნდა მოიქცეს.

საქართველოს კუთხეები თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში, არც მიცვალებულის დატირების ერთფეროვნებას განვიცდით ქართველები. დასავლეთ საქართველოს ზოგ კუთხეში გლოვა ერთგვარ თეატრალიზებულ სანახაობას მოგაგონებთ. მაგალითად, სამეგრელოში მწუხარების გამძაფრებულად გამოხატვას მოტრალი ქალები კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით ახერხებდნენ. ადრე ასეთ დატირებას ხალხისთვის თავმოსაწონი დატვირთვა ჰქონდა. ეს ტრადიცია თანდათან სახეს იცლის, თუმცა ზოგ სოფელში მაინც დღემდე უჭირთ, რომ შეელიონ თეატრალიზებულ სანახაობას. დატირებისა და, ზოგადად ქელეხის ტრადიცია ქართულ ლიტერატურასა და ფილმებშიც არის გაშარჟებული. ფილმი "იმერული ესკიზები" გამახსენდა - მიცვალებულის კუბოსთან დაჩოქილი მოტირალი მოხუცი კაცი თავში ხელს მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იშენს, უახლოვდება მიცვალებულს, ყურადღების მისაქცევად მოთქმას თანდათან უმატებს და ხმის ტემბრსაც უწევს, რომ მიანიშნოს ჭირისუფლები არიქა, მომეშველეთ, ამაყენეთ ვინმემო. თუმცა ვის ახსოვს შენი მოხუცებული, იქვე მსხდომი დათალხული ქალები ჭორაობით გართულან.

სხვათა შორის, ნოდარ დუმბაძეც შეუწუხებია ქელეხის უთავბოლობას და თავის დროზე ამ ტრადიციას იუმორისტული მოთხრობა "ქელეხი" მიუძღვნა, ყველაზე მეტად კი დაკრძალვის პროცესია აქვს გაშარჟებული, სადაც მიცვალებულის კუბოს არც მეტი, არც ნაკლები - მთვრალი მამაკაცები "დააპროწიალებენ":

"ოთხჯერ წაუჩოქეს გზაში კუბოს წამღბებმა აღათი ბებიას კუბოს, სამჯერ ამოაგდეს კუბოდან, სამჯერ ჩაიხუტეს გულში და სამჯერ ჩაასვენეს ისევ კუბოში, ბოლოს, როგორც იქნა, მიიყვანეს სასაფლაოზე. საფლავს რომ თავზე წაადგნენ და კუბოს ბაწრებით უშვებდნენ შიგ ერთ-ერთი კუბოს წამღები საფლავში კისრით გადაეშვა"...

დაბოლოს, გლოვის ყველაზე უხერხული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი - ქელეხის სუფრა წინასწარ გაწერილი სადღეგრძელოების სიით, ეს ყოველივე კი თამადის დანიშვნიდან დაწყებული გარდაცვლილის სულის ხსენებით, მისი მეუღლის, მეზობლების, ნათესავების, გამპატიოსნებლების დღეგრძელობით დამთავრებული. თუ შეზარხოშებულმა სუფრის წევრებმა დროის შეგრძნება დაკარგეს, სუფრის ბოლოს, კულმინაციურ მომენტში ოშხივარადენილი შილა აგრძნობინებს, რომ სახლში წასვლის დროა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში

"ამ ომში მთავარი იარაღია ვაქცინაცია... მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები" - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე