მარტოხელა დედას შვილის გადასარჩენად 770 ლარი ესაჭიროება - ბრძოლა 5 წლის მიას გადასარჩენად

მარტოხელა დედას შვილის გადასარჩენად 770 ლარი ესაჭიროება - ბრძოლა 5 წლის მიას გადასარჩენად

ცოტა ხნის წინ კურსელმა მომწერა: 5 წლის მია გოგიჩაიშვილია ავად. ოპერაციისთვის 770 ლარი ესაჭიროება და იქნებ დავეხმაროთო. გამიკვირდა, ბავშვის ოჯახმა ეს თანხა როგორ ვერ მოაგროვა-მეთქი? ვიფიქრე, რამდენიმე ახლობელი რომ დაეხმაროს, ეს თანხა ისედაც შეუგროვდება და ხალხის შეწუხება რა საჭიროა-მეთქი?! ერთ კვირაში, თითქმის დარწმუნებულმა, რომ მიას საოპერაციოდ საჭირო თანხა შეგროვებული იქნებოდა, ბავშვის ამბის გასაგებად დედამისს დავურეკე, რომელმაც მითხრა: ჯერჯერობით, მხოლოდ 100 ლარს მოვუყარე თავიო.

ანა მაისურაძე, მიას დედა:

- მიას დაბადებიდანვე აქვს სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი სიმსივნე. ბავშვის ზრდასთან ერთად, სიმსივნე იზრდება და აუცილებელია ოპერაცია. საჭირო გამოკვლევებისთვის თანხა არ მქონდა. 14 წელია, კალათბურთელი ვარ და გუნდელმა მაჩუქა 800 ლარი ამ საქმისთვის. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს თავსა და ზურგზე აქვს სიმსივნე. თავზე უფრო მეტად გაზრდილი და გადაგვარებულია, ვიდრე ზურგზე. გარდა ამისა, ბავშვს ადენოიდებიც აღმოაჩნდა, აქვს სუსტი იმუნიტეტი და მწვავე ალერგია. ყველანაირად ვცდილობ, რომ ალერგია ასთმაში არ გადაუვიდეს. წამლები იმდენად ძვირია, რომ მათი შეძენა მიჭირს. მას მერე, რაც "ბატონები" გადაიტანა, გულზეც პრობლემები შეექმნა. ადენოიდების გამო ბავშვს უკვე ფეხის ტკივილი აქვს, ვერ სუნთქავს და ამ ყველაფრის გამო შეიძლება, თავის ტვინი დაუზიანდეს.

- ოპერაციის შემთხვევაში გამოჯან­მრთელების პერსპექტივა თუ არსებობს?

- ერთი ნარკოზით მიას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდება, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ იმუნური სისტემის მკურნალობას, გავუგრძელებთ აცრებს და საბოლოოდ, მია გამოჯანმრთელდება. მერე აუცილებლად ავუსრულებ ოცნებას და ტანვარჯიშზე შევიყვან.

- ოპერაცია საყოველთაო დაზღვევით არ ფინანსდება?

- სადაზღვევო კომპანია სადაც გაგგზავნის, ოპერაცია იქ უნდა გაიკეთო, ჩვენ კი მიას მკურნალ ექიმს ვენდობით... გვითხრეს, თებერვალში სადაზღვევო კომპანია ოპერაციისთვის საჭირო თანხის 80%-ს აანაზღაურებსო, მაგრამ ჩემს გოგონას ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, მაგრამ ჩემს შვილს არ აქვს დევნილის სტატუსი - ჩემი ყოფილი მეუღლე ამის წინააღმდეგია და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამიტომაც ვერ გვაფინანსებს... სიმართლე გითხრათ, უკვე იმდენი რამ გადავიტანე, რომ ყველა ექიმს ვერც ვენდობი. მიუხედავად გაჭირვებისა, მზად ვარ, ვიმათხოვრო და შვილს ნორმალურად ვუმკურნალო.

- სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვთ?

- იმის გამო, რომ ხელფასი ბანკში მერიცხება, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოგვანიჭეს. მხოლოდ დევნილის შემწეობას - 28 ლარს ვიღებ. უკვე 3 წელია, მე და მია 150 ლარად ნაქირავებ პატარა ოთახში ვცხოვრობთ. ამ თანხის გადახდაც ძალიან მიჭირს, რადგან ბავშვის გამო, იძულებული ვარ, მუდმივ სამუშაოზე უარი ვთქვა და მხოლოდ კალათბურთის კონტრაქტებზე გახლავართ დამოკიდებული, რომელიც 6-7 თვე გრძელდება... მია თვეში რამდენჯერმე ხდება ავად და პრობლემების მოსაგვარებლად ჩემი მცირე შემოსავალი არ მყოფნის. დევნილთა და განსახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თხოვნით მივმართე, მივიტანე ჩემი საბუთები ფედერაციიდან და მიას დიაგნოზიც. მითხრეს, რომ ამ საკითხს განიხილავენ, მაგრამ მეშინია, რომ დახმარებაზე უარს მეტყვიან. თუ ვინმეს შეგიძლიათ, გთხოვთ, დამეხმარეთ პრობლების მოგვარებაში.

- მატერიალურად არავინ გეხმარებათ?

- თანაგუნდელები მეხმარებიან. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. მე და ჩემს შვილს რაც გვაცვია, თუ რაიმე გაგვაჩნია, უმეტესად, მათი დამსახურებაა. ჩემი მოძღვარიც ყველანაირად ცდილობს, დამეხმაროს. ბავშვის მამა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი დახმარების საშუალება არ აქვს.

- მია საბავშვო ბაღში არ დადის?

- ავადმყოფობის გამო იშვიათად მიმყავს ხოლმე. ისეთი დაბალი იმუნიტეტი აქვს, რომ ხშირად ცივდება. ბაღის საახალწლო ზეიმზე წიწილის როლი აქვს და რომ გაიგო, ფორმის ქირაობას ფული სჭირდებოდა, მასწავლებლისთვის უკითხავს: დედას ფული თუ არ ექნება, წიწილის როლს აღარ მათამაშებთო? ძალიან განიცდის, თავზე რომ ეტყობა სიმსივნე. თმაზეც არ გვაკიდებინებს ხელს. ერთხელ კლინიკიდან გამოსვლისას მითხრა: დედა, უფულობის გამო ოპერაცია რომ ვერ გამიკეთო, რა მეშველებაო?!

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ 770 ლარია საკმარისი ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად. საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ მიას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძ­ლიათ გადაგზავნოთ თანხა ანა მაისურაძის სახელზე გახსნილ ანგარიშზე - საქართველოს ბანკში: GE79BG0000000616346700. ასევე შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მიას დედას ტელეფონის ნომერზე: 5(71) 00.90.24.

თიკო მაღედანი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია