დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება

დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება

"გზის" N50-ში გამოქვეყნდა 18 წლის ნიაკოს წერილი, რომლის დედაც ემიგრანტია, მამამ კი მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა შვილებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, დიასახლისის ამპლუა მოირგო. ჰოდა, თურმე, გოგონას ოჯახს ამის გამო შეყვარებულის დედა აბუჩად იგდებს და სარძლოს იწუნებს. ნიას მესიჯმა რამდენიმე ადამიანს გაუჩინა სურვილი, დიასახლისებად ქცეული კაცების საინტერესო ცხოვრების შესახებ მოეთხრო ჩვენთვის.

"მე ვამაყობ მამაჩემით!"

ირაკლი, 16 წლის:

- თქვენთან საუბრის სურვილი მას მერე გამიჩნდა, რაც "გზის" ერთ-ერთ ნომერში სადედამთილოსგან დაწუნებული გოგონას წერილი წავიკითხე - ის ამბობდა: შეყვარებულის დედა მხოლოდ იმიტომ მიწუნებს, რომ დედაჩემი ემიგრანტია, მამას კი დიასახლისობა უწევს. ამის გამო ჩემს ოჯახს დასცინიან, აბუჩად იგდებენო. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ძალიან გავბრაზდი არა მარტო მისი შეყვარებულის ოჯახზე, არამედ მესიჯის ავტორზეც. მის ადგილას, ეგეთ ოჯახს "დავიკიდებდი"... მამაჩემიც დიასახლისობს და სულაც არ მგონია, რომ ამის გამო ის სხვებზე რაიმეთი ნაკლებია. უფრო მეტიც, სხვებს არც ვაჟკაცობით ჩამოუვარდება, არც მუშტი-კრივით და არც სხვა საქმეებში დაუდებს ტოლს ვინმეს. უბრალოდ, მას მერე, რაც მეუღლე გარდაეცვალა, ცდილობს, შვილებს უდედობა არ გვაგრძნობინოს. იმის ნაცვლად, რომ სხვა ქალი შეერთო ცოლად, გადაწყვიტა, თავად მოევლო სამი შვილისთვის. მადლობა ღმერთს, რომ სხვების მსგავსად არ მრცხვენია იმის, რომ მამამ შვილების გამო თავმოყვარეობა გვერდით გადადო, ცოცხი და აქანდაზი აიღო ხელში, ტაფას და ქვაბებს მოუყარა თავი და შეეცადა, ის მძიმე ტვირთი ეზიდა, რომლის ტარება რატომღაც, ქალებს უფრო მეტად ეადვილებათ.

- დედაშენის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა? მაშინ შენ და შენი დედმამიშვილები რამდენი წლის იყავით?

- დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. როგორც ამბობენ, არც ორსულობამდე და არც ორსულობისას პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მშობიარობის შემდეგ, თუ ახლობლების ნათქვამს დავუჯერებთ, ექიმების დაუდევრობის მსხვერპლი გახდა... მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო, დაიკო კი მხოლოდ 10-ის. თურმე, დედას თავიდან ჩემი გაჩენის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ორსულობის ამბავი გვიან ანუ მაშინ გაუგია, როცა უკვე 4 თვის ნაყოფი ვიყავი და მუცლის მოშლა ვერ გაურისკავს.

- ჩვილი მამამ გაგზარდა? არავინ ეხმარებოდა?

- არავინ დაიხმარა, თავად გამზარდა. მხოლოდ მაშინ, როცა სამსახურში უწევდა წასვლა (აბა, რა ექნა, ფულიც ხომ სჭირდებოდა ოჯახს?!), მეზობელ ქალს უტოვებდა ჩემს თავს, და-ძმა კი დამოუკიდებლადაც ახერხებდნენ თავის გატანას. თურმე, თავიდან მამიდა ეუბნებოდა: ბავშვი გამატანე, მე გაგიზრდი და მერე უკვე ზრდასრულს დაგიბრუნებო, მაგრამ ქვა აუგდია და თავი შეუშვერია: ეს რომ წაიყვანო, მოვკვდები, მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ. ცოლმა, როცა ამ ქვეყნიდან მიდიოდა, ეს განძი დამიტოვა და ამას როგორ შეველევიო?.. მამა თურმე, დილაადრიანად დგებოდა, სახლს ალაგებდა, საჭმელს გვიმზადებდა. ამასობაში, ჩვენც ვიღვიძებდით; მერე გვაცმევდა, გვაჭმევდა, უფროსებს სკოლაში უშვებდა, მე კი მეზობელ ქალთან მივყავდი. სამსახურში ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა, მაგრამ შინ დაბრუნებული დაღლას არასდროს იმჩნევდა: სახლში მივყავდი, სადაც და-ძმა მელოდა. მათ მამის რიდი ჰქონდათ და საშინაო დავალებას ალბათ ამიტომაც, ყოველთვის მომზადებულს ახვედრებდნენ. მამა ჯერ მე გამომიცვლიდა, დამაპურებდა, მერე სადილობდა, უფროს შვილებს მიეფერებოდა, მიესიყვარულებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იბარებდა გაკვეთილებს, თუ რა თქმა უნდა, ამაში მე არ შევუშლიდი ხელს. ცხადია, ზოგჯერ ჩემს და-ძმასაც უწევდა პატარა ძამიკოს მოვლა-პატრონობა და როგორც ახლა მეუბნებიან, ეს სიამოვნებდათ კიდეც, ჩემით ერთობოდნენ.

- მართალია, ამბობ, - მამა ცდილობს, არაფერი მოგვაკლოსო, მაგრამ მაინც გკითხავ: როგორ ფიქრობ, უდედობის გამო ყველაზე მეტად, მაინც რა დაგაკლდათ?

- ალბათ დედის სითბო დაგვაკლდა მხოლოდ, სხვა არაფერი. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ძმას უკვე სამსახური და შემოსავალი აქვს, ჩემი დაიკო კი გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს, მეც დიდი ბიჭი ვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა დამოუკიდებლად შემიძლია, მამა მაინც ცდილობს, არასდროს მოგვაკლოს სითბო და ყურადღება. ის ყოველთვის მხარში გვიდგას. მაგალითად, როცა რაიმე დღესასწაულია, ჯერ რძალს ურეკავს, რაიმეში ხომ არ დაგეხმაროო, მერე კი ქალიშვილს სთავაზობს: თუ გინდა, კერძების მომზადებაში დაგეხმარებიო... მეც, შინ სტუმრების მიყვანა არასდროს მერიდება, რადგან ვიცი, მაცივარში ყოველთვის დევს გემრიელი კერძი და სახლშიც ყოველთვის სისუფთავეა. თუ პრობლემა მაქვს, როგორც კაცი კაცს, მამა კარგ რჩევას მაძლევს და დარწმუნებული ვარ, თუ დამჭირდება, საქმის გასარჩევადაც წამყვება (იმედია, ამის საჭიროება არასდროს გაჩნდება). მოკლედ, მე მამაჩემით ვამაყობ და არ მესმის იმ ბავშვების, რომლებიც ამბობენ, რომ რცხვენიათ, როდესაც მათ მშობელს ცოცხი უკავია ხელში ან კერძის მომზადება ანიჭებს სიამოვნებას. პირიქით - უნდა უხაროდეთ, თუ მათი მამა ნებისმიერ საკითხში ერკვევა და მათზე ზრუნავს.

- მშობელს სახლის დალაგებაში, კერძების მომზადებაში თავად არ ეხმარები?

- ყველაფერი ვიცი და როცა მარტო ვრჩები, რაღაცების მომზადებაც შემიძლია, მაგრამ როცა მამა ჩემ გვერდითაა, ამის საჭიროებას არ განვიცდი. ისე კი, უნდა ვაღიარო, დიასახლისობა ძალიან რთული საქმეა!

"მისთვის მთავარია, ცოლმა ფული მოუტანოს..."

მარიანა, 17 წლის:

- დიასახლისის ამპლუამორგებული კაცები რატომღაც, მეც მაღიზიანებს. ნუ, ისეთებს ვგულისხმობ, ცოლი გვერდით რომ ჰყავთ და მაინც თავად აკეთებენ ყველაფერს, რადგან უნდათ, მეუღლე გაანებივრონ. ამჯერად მინდა, ჩემს მეზობლებზე გიამბოთ. ოჯახის უფროსი გაჩითული ქალია, კარგ ადგილას მუშაობს, მანქანით დაგრიალებს, კაცი კიდევ, დიასახლისობს: სულ სახლშია გამოკეტილი, სადილებს ამზადებს, ოთახებს ალაგებს და მერე შინ დაბრუნებულ ცოლს ჩუსტებს მიაგებებს, სამზარეულოში გასულს ვახშმად ნაირ-ნაირ კერძს სთავაზობს, ხელებს უკოცნის. ქალი გაბზრიალებულ სახლში ყველაფერს ბინოკლით აკვირდება და ვაი მისი ქმრის ბრალი, სადმე მტვერი თუ შენიშნა. უნდა ნახოთ, როგორი დაკა-დაკას ხმა გამოდის მათი სახლიდან, თუ ქალს რაიმე არ მოეწონება.

ერთხელ იცით, რის გამო ეჩხუბა? - ჩემი ტანსაცმელი ასე რატომ გაფინე? რომ ჩამოხსნი, "შპილკები" დაეტყობაო და ისეთი ამბავი აუტეხა, სეირის საყურებლად მეზობლები აივნებზე გამოეფინნენ. ერთხელ კიდევ, - რას ჰქვია, კერძის მომზადება ვერ მოახერხე? ბაზარში წასვლა რამ დაგაზარა? მთელი დღე რომ სახლში გდიხარ, სხვას რას მიკეთებ? წვნიანი თავად დაიდგი ქვაბით და ისე თხვლიპეო, - იმხელას უკიოდა, მეზობლებმა ლამის პოლიცია გამოიძახეს... არ გაინტერესებთ, როცა ქალი კივის, ქმარი რას აკეთებს? - რას აკეთებს და ხმასაც არ იღებს. ერთი ოთახიდან მეორეში გადის და ისე იქცევა, თითქოს ეს წივილ-კივილი არ ადარდებდეს. ასეთ დროს შეუძლია, აივანზეც გამოვიდეს და ცნობისმოყვარეებს გაუღიმოს. სულ არ აინტერესებს, მასზე რას ლაპარაკობენ მეზობლები, მთავარია, ცოლმა ფული მიუტანოს. საქმეებს რომ მოითავებს, ბაზარში მიდის, პროდუქტებს ყიდულობს და მორჩენილი ხურდა ფულით არაყიც მოაქვს, რომელსაც დღის განმავლობაში წრუპავს. ჰოდა, მითხარით, ცოლის ხელის შემყურე და ქალის ყურმოჭრილი მონა რატომ უნდა დავაფასოთ? ამას არ ჯობია, თავად დაიწყოს მუშაობა, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და ცოლი თავის ადგილას მოსვას? ასეთ შემთხვევაში, ოჯახის უფროსობას ხომ ვერავინ წაართმევს და ვერავინ ეტყვის უბატონო სიტყვას? დაუყვირებენ კი არა, შინ დაბრუნებულს ლაქუცითაც არ შეეგებებიან?! სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთი ქმრის ყოლას.

უნდა ნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ქალს სახლში დაქალები ამოჰყავს. ჰამლეტა შლის სუფრას, არის ქალების სიცილ-ხორხოცი, წინსაფარაკრული კაცი კი აქეთ-იქით დაატარებს თეფშებს და ბოლოს, ქალების მომსახურებისგან სიქაგაცლილი ცდილობს, მთვრალი ცოლის ახირებებიც უსიტყვოდ აასრულოს. აბა, სხვა რა გზა აქვს? ისე რომ არ მოიქცეს, როგორც მის კნეინას სურს, ალბათ სახლიდან გააგდებენ. მერე კი უფულოს და უსახლკაროს მოუწევს თავის სოფელში დაბრუნება, საიდანაც კარგა ხნის წინ გამოაგდეს ძმებმა...

"მამა თითქოს ნაადრევად დაბერდა"

ნათია, 17 წლის:

- დედაჩემიც ემიგრანტია და სულაც არ მგონია, რომ მამაჩემს დიასახლისის როლის მორგება აკნინებს. მე მესმის იმ მამების, რომლებიც ცდილობენ, შვილებს დედის გვერდით არყოფნა შეუმსუბუქონ, თუმცა არ მესმის იმ კაცების, რომლებსაც ცოლები საზღვარგარეთ ჰყავთ და მათი გამოგზავნილი ფულით ბლატაობენ, საყვარლებს იჩენენ, შვილებს ყურადღებას არ აქცევენ. მოკლედ, ცოლის წყალობით გაბღენძილი, მანქანიანი "მაგარი ბიძები" არ მევასება, მაგრამ ის კაცები, რომლებიც მეუღლის გამოგზავნილ კაპიკებს უფრთხილდებიან, მის არყოფნას ძალიან განიცდიან, შვილებს თან ჰყვებიან და ცოლის დაბრუნებსაც მოუთმენლად ელიან - დასაცინი კი არა, დასაფასებლები არიან და არ მესმის, ვის შეუძლია მათზე აუგი თქვას?

დედაჩემი საზღვარგარეთ მას მერე წავიდა, რაც მამამ სამსახური დაკარგა, მერე სამუშაო ვეღარ იშოვა და თავის გატანა ძალიან გაგვიჭირდა. თან, მაშინ ჩემი ძმაც სტუდენტი იყო და ცხადია, ოჯახს არ უნდოდა, მათ ერთადერთ ვაჟს სწავლა მიეტოვებინა. ჰოდა, არა მარტო დედამ, არამედ მამამაც გარისკა. მას არ სურდა, ცოლი სამუშაოდ გაეშვა, მაგრამ ხედავდა, სხვა გზა არ იყო და თავის დას, რომელიც ასევე საზღვარგარეთ გახლდათ წასული, თანხმობა განუცხადა: წაიყვანე ლია, მის თავს შენ გაბარებო. ცოლს კი გამგზავრების წინ სთხოვა: წადი, მაგრამ იცოდე, თუ მუშაობა ოდნავ მაინც გაგიჭირდება, თუ იქ დამცირებულად იგრძნობ თავს, მაშინვე წამოდი, ჩემს ღირსებაზეც იფიქრეო.

მას მერე, რაც დედა სამუშაოდ გაუშვა, მამა თითქოს ნაადრევად დაბერდა. ძალიან განიცდის ამ ამბავს... თქვენ არ იცით, მანამდე რა გადაიტანა: სად არ ეძებდა სამსახურს, ბოლოს "გრუშჩიკადაც" მოსინჯა მუშაობა, მაგრამ შინ ვერაფერი მოიტანა და...

შვილები მამას მხარში ვუდგავართ. ვცდილობთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ. ერთხანს შინ საქმეების კეთებაც ავუკრძალე, მაგრამ მივხვდი, თუ არაფერს გააკეთებდა, უფრო მეტად დამიბერდებოდა. ახლა მისი მადლიერი ვარ, რადგან სწავლაში მიწყობს ხელს. მთხოვს: შენ ოღონდ ისწავლე, მერე სამსახური იშოვე და მე მოგემსახურები. იცოდე, უსაქმურზე და უფხო ბიჭზე არ გათხოვდე. აბა, რად გინდა, ჩემნაირი ქმარი რომ გყავდესო? საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ ძალაუნებურად, დედას დავშორდით. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ არაფერი გამომდის. ვფიქრობ, მამაჩემისნაირი კაცი და დედაჩემის მსგავსი ქალები დასაფასებლები არიან! მათ უბედურებასა და დროებით გაყრაში მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ისე არ ზრუნავს, როგორც საჭიროა. მათ მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ადამიანებს ხელი, რათა ოჯახის წევრები აქეთ-იქით არ მიმოიფანტონ. ჩვენს ოჯახში მამას მაინც რომ ჰქონოდა სამსახური, დედა არსად წავიდოდა და ყველანი ერთად ვიქნებოდით, ოჯახი არ "დაგვეშლებოდა", ქართველი ქალი საქართველოს არ მიატოვებდა!

ცოლის კარიერას შეწირული სამსახური

დაბოლოს, დავინტერესდი, რას ფიქრობენ სოციალურ ქსელში მამაკაცებზე, რომლებმაც დიასახლისის როლი მოირგეს. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, ერთ-ერთ ფორუმზე მალევე ვიპოვე თემა სახელწოდებით - "მამაკაცი-დიასახლისი".

ლიზა:

"თანამშრომელმა მიამბო, რომ მისი და არის გათხოვილი, ჰყავს 4 წლის ბავშვი და თურმე, იმდენად კარგად წაუვიდა საქმე კარიერაში, რომ ქმარს სამსახური მიატოვებინა და დასვა სახლში. მის მოვალეობაში შედის კერძების მომზადება, შვილის მოვლა, რეცხვა... ცოლი თან სწავლობს, თან - მუშაობს და კარგი კი არა და, ძალიან კარგი შემოსავალი აქვს.

თქვენ მოგწონთ ასეთი რაღაცები? როგორ ფიქრობთ, ძიძის აყვანა არ ჯობდა? იქნებ იმ კაცს უბრალოდ მოსწონს დიასახლისობა? P.S. აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ: თუ ორივეს აწყობს ასეთი ცხოვრება და ბედნიერები არიან, რატომაც არა?!"

Ghost*:

"ძმაკაცები რომ სტუმრობენ, რას შვრება, თვითონ შლის სუფრას? "ბიჭებო, ხაჭაპური დამრჩა და მოვალ ახლავეეე..."

freedom:

"კაცს რომ არ მოსწონდეს დიასახლისობა, ვერავინ აიძულებს ამის გაკეთებას. ჰოდა, ეს ყველაფერი თუ ქმარსაც აწყობს, ზედმეტი ხარჯი რაღა საჭიროა?!"@@

ეგრეა:

"და სამსახურს რატომ დაანება თავი ? ემუშავა ორივეს და ძიძა აეყვანათ. თან, სად კაცი რომ მოუვლის ბავშვს და სად - ქალი?.. რა იდიოტობაა?! ასე რატომ უნდა მოიქცე, გინდაც, მინისტრი იყო, ვერ ვხვდები".

შუშანა:

"არ მინდა დიასახლისი ქმარი :). თუ ასე კარგად წამივა საქმე, დამხმარეს ავიყვან (რა ადვილია არარეალურზე ლაპარაკი, არა?). თუმცა, ვისაც აწყობს, გავატაროთ".

Ultimate:

"თუკი ადამიანს მოსწონს შვილთან ურთიერთობა და სამსახურში დროის ხარჯვას ბავშვთან ყოფნა ურჩევნია, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მაგრამ მე ის მიკვირს, კაცმა რატომ თქვა უარი კარიერაზე? იქნებ დროებით გადადო გვერდზე?.. შეიძლება კაცს მოსწონდეს სამზარეულოში "დვიჟენია", არც ამაშია რაიმე გასაკვირი. უფრო მეტიც, გურმანი თუა, აუცილებლად ეყვარება ახალი კერძების გამოგონება. ბავშვის მოვლას რაც შეეხება, სასიამოვნოა საკუთარ შვილთან გატარებული ნებისმიერი წუთი. პრინციპში, უსაქმურად ყოფნა და ძიძის აყვანაც არა მგონია, დიდი შეღავათი იყოს უმუშევარი კაცისთვის. მისთვის სასიამოვნო სამსახურს როცა იპოვის, ძიძასაც მერე აიყვანენ".

ნუკი:

"თუ ეს ყველაფერი დროებითია, რატომაც არა?! მაგრამ ეს კაცი ამ ყველაფერს რომ შეეჩვიოს და მერე შენიშვნა მისცეს ცოლს, - ეგ თეფში მანდ არ უნდა დაგედო და ფარდას ეგრე ნუ ტოვებო, ცოტა არ იყოს, "მეუხეშება"...

ეგრეა:

"საქართველოში ადამიანს სამსახურს რომ დაატოვებინებ და ეტყვი, შენ ბავშვს მოუარეო, მოსაკლავი ხარ, გინდ კაცი იყო და გინდ - ქალი. ხომ შეეძლოთ, ძიძა აეყვანათ?.. არ თქვათ, რა, მშობელი უკეთ გაზრდისო, პატარას ძიძაც არანაკლებად ზრდის".

თიათია:

"ან დედამთილი დახმარებოდა, ან ამ გოგოს დედა, ან უმუშევარი დაქალი არ ჰყავდა, ქმარს რომ "აპახავებს"?

Kldemamosili:

"ერთს გეტყვით: ქალს ჰკითხეს, მართალია, რომ თქვენი ქმარი ოჯახის თავიაო? - რა თქმა უნდა, მაგრამ კისერი მე ვარო... და კიდევ, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო, - მეთორმეტე საუკუნეში ბრძანეს".

Ghost*:

"XX საუკუნეში შრომის კოდექსმა "თქვა": - ძიძა უნდა იყოს ქალიო, დამლაგებელი უნდა იყოს ქალიო, მრეცხავი უნდა იყოს ქალიო...

რა თქმა უნდა, ამას "ცუდად" არ ვამბობ, უბრალოდ, როგორც ნებისმიერ საქმეში, ასევე ოჯახშიც უნდა მოხდეს მოვალეობების სწორად გადანაწილება".

მოლი-სი:

"ბევრი მინახავს დიასახლისი მამაკაცი, მაგრამ ძირითადად იმის გამო, რომ ქალი არჩენს ოჯახს და თვითონ სამსახურს ვერ შოულობს... ეს პრინციპში, არც ისე კარგი ვარიანტია, მაგრამ... ზოგიერთი მთელი დღე სახლშია, სამსახურს ვერ შოულობს და არც ცოლს ეხმარება. ქალს მხოლოდ ნერვებს უშლის. ჰოდა, ასეთ ტიპებს მგონი, დიასახლისი კაცი ბევრად ჯობია".

ნუცი-ნუცი-ნუცი:

"მთავარია, ქალი იყოს კარგი დიასახლისი, კარგი მეოჯახე და კარიერა, ჩემი აზრით, მეორე ადგილზეა. ვერ ვიტან, ქმარი რომ ფუსფუსებს იდიოტურად სახლში და ქალი გარეთაა გასული".

მოლი-სი:

"არის ოჯახები, სადაც ქალი არის გარეთ გასული და კაცი სახლის საქმეს აკეთებს, მაგრამ ეგ არ ამცირებს მამაკაცს და არც ოჯახს ხდის ცუდს".

ლ123456789:

"საოჯახო საქმეებს, ჩემი აზრით, ორივე უნდა ინაწილებდეს. მხოლოდ ცოლი რომ დიასახლისობს ან მარტო ქმარი აკეთებდეს საქმეებს, ეს უსამართლობაა. როცა საჭირო იქნება, არც მე "გამიტყდება" მისი წინდების გარეცხვა და არც მას უნდა გაუტყდეს ჩემი კაბის გაუთოება".

ბომბორა1:

"არ "უტყდება" კაცს? ვერასდროს ვიქნები ქალის ხარჯზე... იყო მომენტი, როცა ჩემი გოგოს ხარჯზე ვიყავი, მაგრამ ის ისე "მინახავდა", რომ მეგონა, თავად ვარჩენდი :)) და მაინც, მაგრად "ვჭედავდი", იმ პერიოდში ნევროზი დამემართა... ისე, ძალიან მაგარი მზარეული ვარ. ადრე მარტო რომ ვცხოვრობდი, ჩემს გოგოს არც სახლს ვალაგებინებდი და კერძის მომზადებასაც იშვიათად ვთხოვდი, რადგან ჩემთან დღეში მაქსიმუმ, 6 საათს ატარებდა და მაშინაც სახლს ხომ არ დავალაგებინებდი?.. ახლაც მარტო ვცხოვრობ და ჯიგრულად "ვპოვრობ", ვმამასახლისობ. რაც შეეხება იმ კაცს, ვინც სამსახური მიატოვა: მას ვერ დავუმუღამე. "ტეხავს", ცოლთან რომ მიხვალ და ეტყვი, - აუ, ბიჭები ვიკრიბებით და 100 ლარი მომეციო..."

Kandinskaia:

"რა ჯობია იმას, როცა სამზარეულოში კაცი "ბზრიალებს"? ზოგიერთმა მათგანმა ისეთი გემრიელი კერძის მომზადება იცის, ქალები რომ ვერ შეედრებიან".

გიიოგიიო:

"კაცმა რომ ტანსაცმელი გარეცხოს, საჭმელი გააკეთოს, შვილს პამპერსი გამოუცვალოს - ეს ყველაფერი სირცხვილია? არ ვგულისხმობ იმას, რომ კაცი სულ სახლში უნდა იჯდეს და მხოლოდ ასეთი რაღაცებით იყოს დაკავებული, მაგრამ არის მომენტები, როცა მამაკაცის დახმარება მისსავე ოჯახს სჭირდება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს... ბევრისგან მსმენია, - მამა შვილს ეზოშიც არ ასეირნებს, ბავშვს პამპერსის გამოცვლა თუ დასჭირდება, ხელსაც არ მოჰკიდებსო. ჰოდა, ასეთი კაცი შემირცხვენია..."

თიათია:

"ბედნიერებისთვის 3 რამ არის აუცილებელი:

1. ერთიანი ოჯახი, სადაც სიყვარული და სითბო არ გაკლია;

2. საყვარელი საქმე და ისეთი სამსახური, სადაც სიხარულით მიდიხარ;

3. საყვარელი ადამიანი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია