ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?! - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახული ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს.

"განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა... თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!", - ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ ოჯახი ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედია; იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - "მცირე ეკლესია".

"ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლუტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს "მცირე ეკლესიად", მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ", - ნათქვამია ეპისტოლეში.

უწმინდესის თქმით, ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

"ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისთვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).

ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.

როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს", - ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს მხარეთა მერკანტილური ინტერესები ენაცვლება, კერძოდ კი ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები.

"მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.

მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.

მაგალითად, ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?",- ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის შეფასებით, პრობლემების მიუხედავად კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.

"მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთის სათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა", - ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია