"თიბისი ბანკი" სათავო ოფისთან ბიზნესმენის მიერ პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის დაწყების პირველივე წუთიდან ბანკმა მზადყოფნა გამოხატა, დეტალურად განეხილა მსესხებლის პრობლემა.
" მზად ვართ, თუკი ის ობიექტურ პრეტენზიებს აყენებს ბანკის მიმართ, დავაკმაყოფილოთ მისი წინადადება. თუმცა, თუკი მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა, ბანკი ცხადია მათ დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. თუმცა, სამწუხაროდ, ბანკის წინადადებაზე, შევხვედროდით და დეტალურად განგვეხილა მისი საკითხი, მსესხებელი ორი საათის განმავლობაში უარს ამბობდა და ამჯობინებდა ქუჩაში დგომას, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით", - აღნიშნულია "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარჯანიშვილზე, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარეიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მას ბანკიდან გამოტანილი ჰქონდა სესხი 430 000 დოლარი, 10-წლიანი ვადით, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, მას სესხის გადახდის ვადა შეუმცირეს და აიძულებენ, რომ ეს სესხი 5 წელიწადში დაფაროს. ადვოკატის განმარტებით, აღებული სესხიდან ბიზნესმენს გადასახდელი დარჩა მხოლოდ 260 000 დოლარი. ზაზა ზაქარეიშვილი ასევე ითხოვს, რომ დაახლოებით მილიონნახევრის ქონება, რომელიც მას ჩადებული აქვს ბანკში, გამოუთავისუფლდეს.
ასევე იხილეთ: ბიზნესმენმა "თიბისი ბანკის"ოფისთან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა