21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

აფროდიტა ჩემი კორპუსის ეზოში გაიზარდა. მახსოვს, მის ხელში აყვანასა და მოფერებას ერთმანეთს ვასწრებდით - მართლა ზღვის ქაფიდან გამოსულს ჰგავდა - მსხვილი, ქერა კულულებითა და დიდი, ცისფერი თვალებით... მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს რამდენიმე წელიწადში ცხოვრება სერიოზულ გამოცდას მოუწყობდა; ისეთს, მხოლოდ ერთეულებს რომ შეუძლიათ გაუძლონ... 2013 წელი მისთვის მართლა "13" აღმოჩნდა - 6 თვის ინტერვალით, ჯერ სიცოცხლით სავსე 41 წლის მამა, შემდეგ კი იმავე ასაკის, ლაღი და ყველას მიმართ მოსიყვარულე დედა დაკარგა... ამ ტრაგედიას კიდევ უფრო დრამატულს ის ხდის, რომ მარჩენალდაკარგულ ოჯახში მხოლოდ ის და მოხუცი ბებია დარჩნენ.

- სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩვეულებრივი, მშვიდი ოჯახი მქონდა, ბედნიერები ვიყავით. მატერიალური პრობლემების გამო დედას და მამას ბოლო რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მოუხდათ წასვლა. 2013 წლის 6 იანვარს ყველაფერი თავდაყირა დადგა - მამა ავარიაში მოყვა: ველოსიპედით მიმავალი, ჩანთის გასასწორებლად დაიხარა; სწორედ ამ დროს წინ მიმავალი ტრაილერი უხვევდა და მამას სიცოცხლეც შეიწირა... მისი სხეული ნაწილებად ჩამომიტანეს... დავკარგე შვილზე გადარეული მამა, მაგრამ თავი მაინც ძლიერად მიმაჩნდა - დედა მყავდა, რომელსაც დაბრკოლებების არ ეშინოდა... ოჯახის მარჩენლად დედა იქცა, ამიტომ მალევე მოუხდა ისევ თურქეთში დაბრუნება. ნელ-ნელა, ნერვიულობის ნიადაგზე, ჯანმრთელობა შეერყა. დაუდგინეს ნერვის ანთება და მკურნალობა დაუნიშნეს. საბოლოოდ, ნერვის პრობლემა საერთოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ დედას უკვე წამლების აურაცხელი რაოდენობა ჰქონდა დალეული... დედ-მამაზე ნერვიულობის გამო ბაბუა - დედას მამა გარდაიცვალა. დედა მამამისის დაკრძალვაზე ქუთაისში ჩამოვიდა. მოგვიანებით, ნათესავები ამბობდნენ, რომ გასვენებაზე დედას მდგომარეობის გამო უფრო დარდობდნენ, ვიდრე გარდაცვლილ ბაბუას... საბოლოოდ, ქართველი ექიმების დაუდევრობით, არასწორი დიაგნოზითა და მკურნალობით მამას გარდაცვალებიდან 6 თვეში დედაც გარდაიცვალა. 21 წლის ასაკში ცხოვრების პირისპირ სრულიად მარტო, ნათესავებისა და პენსიონერი ბებიის იმედად დავრჩი.

- ერთი ადამიანისთვის ამხელა სტრესი მეტისმეტია. ვიცი, სპაზმური შეტევები გქონდა, გაძინებდნენ... როგორ დააღწიე თავი ამ მდგომარეობას?

- დედას გარდაცვალების შემდეგ სრული აგონია მქონდა. ნერვული სისტემა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან, ნერვებმა ყველაფერი ჩაითრია, მთელი სხეული მტკიოდა, მეწვოდა. ახლაც მრავალმხრივი მკურნალობა მჭირდება. სტუდენტური დაზღვევით ექიმებთან ვიყავი, მაგრამ იმდენი წამალი გამომიწერეს, ვერ ვიყიდე... ეს სტრესი, ასე თუ ისე, სამეგობრომ გადამატანინა: დღე და ღამე ჩემთან იყვნენ. დედასთან და მამასთან წასვლის საშუალება არ მომცეს... გარდა ამისა, როცა ვხედავ, რას უძლებენ ჩემი ბებიები, თავს ცუდად ყოფნის უფლებას ვერ ვაძლევ. ხშირად, ინსტინქტურად, ბებია დედას სახელს მეძახის.

- გამოდის, ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ნათესავების შემოწირულობაა?

- და ბებიას პენსია. ბებიაც ცუდადაა. ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. ტკივილის გამოხატვის უფლებასაც კი არ აძლევს საკუთარ თავს - მე მიფრთხილდება. ბოღმა მახრჩობს, რომ ვერაფრით ვეხმარები...

- დასაქმების ან დახმარების მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ მიგიმართავს?

- ჩემი მეგობრები ყველგან იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც სრულწლოვანს, არაფერი მეკუთვნის. სოციალურად დაუცველადაც არ ჩამთვალეს. გვითხრეს, რომ კომპიუტერი მარჩენალის დაკარგვას ვერ აფიქსირებს, მაცივრის ქონა კი ორი ადამიანისთვის უკვე ზედმეტიაო... ნევროზი მაქვს და წნევა თუ დამივარდა, შეიძლება, სამი დღე მეძინოს... ეს იმის გამოც ხდება, რომ ძირითადად, უნივერსიტეტსა და სახლში მიწევს ყოფნა. მინდა თუ არა, მეფიქრება მშობლებზე, მომავალზე... ვაცნობიერებ, რომ ყველას თავისი ოჯახი, ცხოვრება აქვს და ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები ვეღარ მოახერხებენ ჩემ გვერდით დგომას. იცით, ცხოვრების შიში რა არის?! არავის ვუსურვებ, ეს შიში ჩაუსახლდეს სულში... სოციალური სამუშაოს ფაკულტეტს ვამთავრებ "ჯავახიშვილში". დავამთავრებ და მერე რა იქნება? სამსახურის პოვნა მე კი არა, პროფესორებს უჭირთ... პრობლემას ისიც ქმნის, რომ ჩემ გარშემო მყოფები გამოსავალს ჩემს გათხოვებაში ხედავენ. უფრო მეტიც, ოჯახს ჩემი ასაკის ბიჭი კი არა, "კაცი" სჭირდება, სტაბილური შემოსავლით - ესეც გადაწყვეტილი აქვთ და ეს პანიკაში მაგდებს. დედა ოთახში ესვენა, როცა გათხოვების შესახებ რჩევა-დარიგებებს ვისმენდი. როგორ შეიძლება, გათხოვებაში ეძებო გამოსავალი?! ეს ბედნიერების გარანტიაა?! ან კი­დევ, შავებში, მგლოვიარე როგორ უნდა გათხოვდე მხოლოდ იმისთვის, რომ "ოჯახს პატრონი ჰყავდეს" ანუ ლუკმაპური გვქონდეს?!. ერთადერთ გამოსავლად სამსახური მიმაჩნია, მხოლოდ ეს დამიბრუნებს მომავლისა და საკუთარი თავის რწმენას. ვარ ჯანმრთელი, ასე თუ ისე, არც განათლება მაკლია და მინდა მხოლოდ სამსახური. არც კაბინეტს ვითხოვ... მხოლოდ ის მინდა შევძლო, ჩემს გამწარებულ ბებიას სიბერის წლები ცოტა მაინც შევუმსუბუქო... მხოლოდ მშობლების დაკარგვა არ არის პრობლემა, მათ ძალიან ბევრი რამ დარჩათ გასაკეთებელი, რაც "მემკვიდრეობით" მერგო... სად არ ვიყავი, ვის არ ვთხოვე დახმარება სამსახურის თაობაზე! უამრავი განცხადება დავწერე, მაგრამ გამოცდილების არქონისა და ნაცნობის არყოლის გამო ვერსად დავსაქმდი.

- ვიცი, რომ განსაკუთრებით დღესასწაულებზე გიჭირს საკუთარ თავთან ბრძოლა...

- დიახ. ჩემს დაბადების დღეზე, 23 ნოემბერს ყველაზე მძაფრად ვიგრძენი ეს უბედურება. სასაფლაოზე წავედი და საფლავზე დამხობილი, ღმერთს მათთან წაყვანას ვთხოვდი. იქიდან მოსულს დამეძინა. მეგობრებმა გამაღვიძეს - მეზობლის ბავშვები დიდი ტორტით მომადგნენ... ცოტა ხანში კლასელებიც მოვიდნენ ტორტით და ბოლოს - კურსელები. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თავს საშინლად ვგრძნობდი, მათმა ამ საქციელმა მაგრძნობინა, რომ ჩემი სიცოცხლე საჭიროა თუნდაც, მათთვის... ასევე მოხდა ახალ წელს - სადღესასწაულო ზეიმს გამოაკლდნენ და ჩემთან ერთად იყვნენ.

- რაიმეს ნანობ?

- ვნანობ, რომ ცხოვრების კონ­კრეტული პერიოდი მშობლების გარეშე გავატარე. ვნანობ, რომ დედას უფრო მეტად არ მოვეფერე. ძალიან მენატრება... მაქსიმალურად უნდა გამომეხატა სითბო მანამდე, ვიდრე მას მამა "წამართმევდა"...

- ისე საუბრობ, თითქოს მათზე ეჭვიანობ კიდეც.

- არ მოგჩვენებიათ... იცით, ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც, წამითაც ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. როცა მამა გარდაიცვალა, დედა განუწყვეტლივ იმეორებდა, - გოჩა მალე წამიყვანს. ვიცი, უჩემოდ არ გაჩერდებაო. ეს ძალიან მაბრაზებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მამას გარდაცვალების შემდეგ მე და დედა ხშირად ერთნაირ სიზმრებს ვხედავდით: თითქოს მამა გახარებული იყო. უხაროდა, რომ მალე დარეჯანს ნახავდა. ორივე ვხედავდით, რომ მამას საფლავის გვერდით დედას ადგილი იყო ამოთხრილი... ბაბუას გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე, მამა დამესიზმრა და ამის შესახებ მითხრა... როცა გოჩას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და დედა მეორე დღეს თურქეთში უნდა წასულიყო, იმ ღამით მამას ვიხსენებდით, ვტიროდით. მოულოდნელად მითხრა: აფრო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ბევრი რამე იცი; იცოდე, მამაშენი მალე წამიყვანს, შენ ეს არ უნდა გეწყინოს; გათხოვდები და მიხვდები, როგორი ძვირფასი იქნება შენთვის ის ადამიანიო. მახსოვს, ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, გოჩას გარდა აღარავინ გახსოვს-მეთქი... წარმოიდგინეთ, ბოლოს ყველაფერი სტკიოდა, გამუდმებით "სასწრაფო" იყო ჩვენს კარზე. თავისი სამკურნალო ფული აიღო და სასაფლაო გააკეთა... მამაზე ამბობენ ხოლმე: - როგორი ეგოისტი ყოფილა, შვილს დედა წაართვაო... როცა პირველად დედა თურქეთში წავიდა, მამას, ფაქტობრივად, გლოვა ჰქონდა გამოცხადებული: არსად გადიოდა, ვერც ერთ სუფრაზე ვერ ნახავდით. დედამ იზრუნა, რომ რაც შეიძლება მალე წაეყვანა და წაიყვანა კიდეც. მე კი თბილისში მარტო დამტოვეს... საბოლოოდ, შეეწირა კიდეც დედა მამას სიყვარულს. ახლა უკვე თბილისში კი არა, ამ წუთისოფელში დამტოვეს მარტო... არ ვიცი, ამას ეჭვიანობას თუ დავარქმევთ, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს უფლის და განგების ნებაც იყო.

- გოჩას შენთან ერთად სადმე წასვლა არ უყვარდა?

- არ უყვარდა (იცინის). ჩვენ შორის სხვაობა დიდი არ გახლდათ. ის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და ხშირად შეყვარებულები ვეგონეთ. ამაზე ძალიან ბრაზდებოდა და გარკვეული პერიოდი ჩემთან ერთად არსად დადიოდა. იცით, საოცარი იყო მამას წინათგრძნობა. თებერვალში თურქეთში უნდა ჩავსულიყავი. დეკემბერში მამა მეუბნებოდა, - რომ ჩამოხვალ, რაღაცები ერთად ვიყიდოთო. მერე უცებ იტყოდა: თუმცა, ცოცხალს ვეღარ მნახავო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავისი კლასელისთვის მიუწერია, - 7 რიცხვისთვის ისეთ ადგილას ვიქნები, იქ ინტერნეტი არ იქნებაო. 6 იანვარს, გვიან ღამით გარდაიცვალა... ცოტა ხნით ადრე ყველასთვის ბოდიში მოუხდია. დედა და მამა სუფრაზე იყვნენ, გოჩა აივანზე გასულა. დედამ - მეც გავყევიო. თურმე სიმღერას უსმენდა და ტიროდა, სიმღერის ტექსტი კი ასეთი იყო: "ჩემო სიცოცხლევ, ცოტაც მიცოცხლე, ჩემო სიკვდილო, ცოტაც მაცალე". ვიდრე ავარია მოხდებოდა, ახლობელთან გაუვლია. სააბაზანოში 2 საათი ჩაკეტილა და ნამტირალევი გამოსულა. იქიდან წასულს 15 წუთში ავარია შეემთხვა...

- შეგიძლია თქვა, რომ ამ ტრაგედიამ რამე გასწავლა?

- როცა დედაც გარდაიცვალა, მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ყველაფერი გაუფასურდა, აზრი დაკარგა... მეგონა, ვერ გავძლებდი, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ სიკვდილის მერეც გრძელდება სიცოცხლე. დიახ, მგონია, რომ ჩემში ახლა სამი სიცოცხლე გრძელდება... ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მწარე გაკვეთილი კიდევ ის არის, რომ ერთი შვილის ყოლა, როცა შეგიძლია, კიდევ გააჩინო, - დანაშაულის ტოლფასია... თუ კადნიერებად არ ჩამეთვლება, მინდა, ყველა დედას, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო მეორე და მეტი შვილის გაჩენას არ აპირებს, ვუთხრა: ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, ეს იმ შვილისთვის უნდა გააკეთონ, რომელიც უკვე ჰყავთ. არავინ იცის, რა მოხდება ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. დღეს სრულიად მარტო ვარ. და ან ძმა რომ მყავდეს, ასე მგონია, სულ სხვა ძალა მექნებოდა, სხვა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას. გარდა ამისა, სწორედ დედას ძმა და მამას და არიან დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები. ერთი რამ ზუსტად ვიცი - აუცილებლად ბევრ შვილს გავაჩენ, თუკი, რა თქმა უნდა, უფალი ამას ინებებს.

შორენა ლაბაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია