ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა

ფოთის საროსკიპოში მყოფი სტალინი და ბოზი მაყვალა

ნოდარი და თამუნა... გიული და ასაწყობი კაცი... ქეთინო და ბადრი... ლეილა და ზღვა... სტალინი და ბოზი მაყვალა... - ესენი სპექტაკლის - "7+1" პერსონაჟები, უფრო სწორად, ნოველების გმირები არიან, წარმოდგენა ხომ 8 ამბისგან შედგება! ლაშა ბუღაძის (15 წლის წინ დაწერილი) პიესები ერთმანეთის თანამიმდევრობით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული დარბაზის სცენაზე დაიდგა, ამ სცენის გახსნა კი თეატრის ხელმძღვანელობამ "7+1"-ის პრემიერას დაამთხვია.

ასე რომ, ახლა პრემიერის დღეებია და თეატრში მისულ მაყურებელს რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას საინტერესო ნამუშევარი ელის. მათ თვალწინ ნაცნობი, ხშირად კი აბსურდული, მაგრამ ძალიან სასაცილო თბილისური ამბები გაცოცხლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა ბუღაძის დრამატურგიულ ოსტატობას ფეხი რეჟისორმაც აუწყო... ჩემი აზრით, ყველაზე საჩოთირო მაინც, "ბოლო ღამეა", რომლის მთავარი მოქმედი გმირი სტალინია. ის საროსკიპოში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან - მაყვალასთან ერთად 1942 წელს ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდება. ის სარელაქსაციოდ მოსკოვიდან ფოთში სპეციალურად ჩაფრინდა...

გოგა ქაჩიბაია, რეჟისორი:

- რატომ აირჩიეთ ლაშა ბუღაძის ეს პიესები?

- საერთოდ, ლაშას შემოქმედება ძალიან მიყვარს. წლების წინ, როდესაც მისი 25 პიესა გამოვიდა გაყიდვაში, მაშინვე წავიკითხე და ძალიან მომეწონა... ახლა კი საშუალება მომეცა, ამ ნაწარმოებებიდან რამდენიმე შემერჩია და მათ მიხედვით სპექტაკლი დამედგა. მაშინაც, როცა ეს პიესები პირველად წავიკითხე, მომეჩვენა, რომ არც ერთს წერტილი არ აქვს დასმული. ყოველი მათგანი რაღაც პრობლემას ეხმიანება, რაც ჩვენი ცხოვრების მწარე რეალობაა. ვეცადეთ, თითოეულ ამბავში ის პრობლემა დაგვენახა, რომელსაც ავტორი ეხმიანება; ლაშა ხომ ყოველთვის ცხოვრების მანკიერ მხარეებს აშიშვლებს და ყველაფერს საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს. მას რიგი საკითხებისადმი თავისებური მიდგომა და სტილი აქვს... ისე, კი ვეცადეთ, რაღაცები შეგვერბილებინა...

- თუმცა, ნოველებში ჩვენი ცხოვრების მანკიერი მხარეების (ფარისევლობა, ღალატი, ტყუილი, ცრუ პატრიოტიზმი...) დანახვა ძნელი არ არის და რეჟისორის თამამი გადაწყვეტილებაც ჩანს...

- მომეწონა მოულოდნელობაზე აწყობილი ამბები. ჩემი აზრით, ნოველებში ისეთი ტექსტებია, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ამაზე ფიქრობენ... ჩვენ სხვა კუთხიდან ვიმუშავეთ, - ყველაფერი ერთი იდეის გარშემო გავაერთიანეთ და ვეცადეთ, ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით მაინც, რომელ ნოველაზე იმუშავეთ?

- სტალინზე ანუ პიესაზე - "ბოლო ღამე"...

- მაგრამ ეს უკვე არა რეალობა, არამედ სამწუხარო წარსულია. სტალინის ასეთი კუთხით წარმოდგენა ძნელი არ იყო?

- საერთოდ, ამაზე მეტად თამამ გადაწყვეტილებებსაც მივესალმები, - სკანდალურს, საკამათოს და ამ ყველაფრის სცენაზე გამოტანასაც არასდროს ვეწინააღმდეგები. ნამდვილად ვარ ხმაურიანი და საჩოთირო პიესის დამდგმელი! ვფიქრობ, სხვანაირად თეატრი წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება...

- ერთ-ერთ ნოველაში გასაბერი კაცი მღვდელი აღმოჩნდა. ამით სასულიერო პირებს დასცინით?

- იმ მღვდელში სწორედ ისეთი ტიპაჟი ვუჩვენე, როგორიც ზოგიერთი მათგანი რეალურად არის (უმრავლესობაზე ამას ვერ ვიტყვი). მოკლედ, ამ ყველაფრის მიღმა მთავარი სათქმელი და პრობლემა ჩანს...

- ჰო, მაგრამ სასულიერო პირის ასეთ ამპლუაში წარმოჩენა მკრეხელობა ხომ არ არის?

- ამაზე ბევრი რომ გვეფიქრა, შეიძლება, ის ტიპაჟი სხვანაირი გამოსულიყო. ლაშა სტერეოტიპულ გმირებზე ანეკდოტურად გვიყვება. ასეთები ჩემ ირგვლივ ნამდვილად არიან და შეიძლება, შეწუხებულიც კი ვიყო მათი საქციელით...

- ჰოდა, ადექით და მათ ნიღაბი ჩამოხსენით?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ნიღბის ჩამოხსნის პრინციპზეა აწყობილი. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა.

მერაბ მაისურაძე, სტალინის როლის შემსრულებელი:

- თავიდან რომ მითხრეს, სტალინი უნდა განასახიეროო, შემეშინდა. დიახ, ბელადის თამაში რთულია!.. მაგრამ ეს ლაშა ბუღაძის პიესაა და მას თავისებური ხრიკები ახასიათებს: სტალინი საროსკიპოში არავის უნახავს და ამ თემაზე მგონი, არც არსად დაწერილა; ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, როგორ იხსნის საროსკიპოში მყოფი ბელადი სტრესს. როდესაც მუშაობას შევუდექით, ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და შესაბამისად, ქალთანაც დადიოდა. მაგრამ სიცილს იწვევს ერთი ფაქტი: როდესაც მეძავი გაიგებს, თუ ვისი მომსახურება მოუწევს, მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მოტივით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვენი!"

- რაც შეეხება საფინალო სცენას, - ბოზმა მაყვალამ სტალინს ესროლა. ფრთაშესხმული ბელადი ზეცაში მიფრინავს... როგორ ფიქრობთ, სტალინმა სამოთხეში დაიმკვიდრა ადგილი?

- მართლმადიდებლები ამაზე კამათობენ - ზოგი ამბობს, მორწმუნე იყო და "მამაო ჩვენოს" კითხულობდაო. იმასაც ამბობენ, ხალხს სასულიერო აკადემიების გახსნისკენ მოუწოდებდა და ქრისტიანული სარწმუნოების პროპაგანდას ეწეოდაო. მოკლედ, მის ზეცად ამაღლებაში ორაზროვნებაა ჩადებული, - სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?.. გოგა ქაჩიბაიასთან მესამედ ვმუშაობ. კარგი ხედვა აქვს და ერთმანეთის მშვენივრად გვესმის. ასე რომ, ვიცნობ რეჟისორის ხელწერას და თვითონაც მიცნობს. ის თავისას მეუბნება, მე ჩემსას ვამბობ და ასე აგურ-აგურ ვქმნით ყველაფერს. გოგა მსახიობს ჩარჩოში არასდროს აქცევს, პირიქით - თავისუფლებას ანიჭებს. მოკლედ, მუშაობის პროცესში მაქსიმალურ კო­მფორტს გიქმნის... ვფიქრობ, სტალინის ეს როლი ჩემს შემოქმედებაში "ოქროს ასოებით" ჩაიწერება (იღიმის)...

- როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც რეჟისორმა გითხრათ, - ბოზი მაყვალას როლი უნდა ითამაშოთო?

სოფო ფერაძე, მსახიობი:

- ძალიან "გემრიელი" სამუშაო აღმოჩნდა. რეჟისორ გოგა ქაჩიბაიასა და ჩემს პარტნიორ - მერაბ მაისურაძესთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავე. კარგი გუნდი შეიკრა, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და მგონი, ცუდი ნამუშევარი არ გამოვიდა. ბუღაძის პიესაში პირველად ვითამაშე და ამ ავტორით კმაყოფილი ვარ.

- თქვენს პერსონაჟს თანაუგრძნობთ? მაყვალა როგორი ქალია?

- მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ყოფაქცევისაა, ძალიან საყვარელი ქალია.

ნოველაში - "გიულის ძღვენი" მსახიობი პაატა მხეიძე ასაწყობი კაცის როლში გვევლინება, რომელიც ბოლოს მღვდელი აღმოჩნდება:

- როდესაც მითხრეს, - ასაწყობი კაცი ანუ მღვდელი უნდა იყოო, ცოტა დავიძაბე, მაგრამ მერე რეჟისორთან ერთად ყველაფერი გავაანალიზე და როლი გავითავისე. ვეცადეთ, ეს გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო...

- თუმცა, ნოველაში "ლეილა და ზღვა" მეორე როლიც გაქვთ - მეზღვაური ხართ, რომელსაც ცოლი ღალატობს...

- ნაოსნობიდან შინ დაბრუნებული მერაბი შინ მაშინ მივა, როცა ცოლი ღალატობს... ეს სამწუხაროდ, ის თემაა, რაც ჩვენს ცხოვრებაში არც ისე იშვიათად ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს ისევე, როგორც თავად პიესის ავტორი, იუმორით მივუდექით.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია