ზოგჯერ ოჯახი ინგრევა, მაგრამ ამის ნამდვილ მიზეზს არ ახმაურებენ და სხვა ყოფით მიზეზებს ასახელებენ. ხშირად არც ინგრევა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შეუღლებიდან 5, 7, 11 წლის შემდეგ ქალი ისევ ქალიშვილია. ამას სექსოლოგიაში ვირგოგამიას უწოდებენ და ამ ამბავს წყვილი მალავს. რატომ მალავენ, ასეთ შემთხვევაში შეუძლია თუ არა სექსოლოგს დახმარება, საერთოდ, თუ იციან ადამიანებმა სექსუალური პრობლემისას ვის მიმართონ, როდესაც საქართველოში დაახლოებით, 20 ლიცენზირებული სექსოლოგია და მათი მიგნებაც კი ჭირს; ძირითადად, რა პრობლემით და ჩივილით მიდიან პაციენტები და კიდევ ბევრ საჭირბოროტი საკითხზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტი პაატა სოფრომაძე მოვიწვიეთ:
- ზოგიერთი მამაკაცი საკუთარ თავსაც არ უტყდება, პრობლემა რომ აქვს, რადგან მისთვის ეს ძალიან პრესტიჟული ფუნქციაა. თუ გინდა კაცს, მით უფრო - ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენო, შე იმპოტენტოო, უნდა უთხრა, ამიტომ საკუთარი უუნარობა თუ პასიურობა პარტნიორთან მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. უმეტესწილად მამაკაცს აქვს ხოლმე პრობლემა - თუ მას აქტის ჩასატარებელი აუცილებელი პირობა - ერექცია, რაც ქალს არ გააჩნია, არ აქვს, უკვე დარღვევაა. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ქალების ანატომიურ აგებულებაშიც არის ხოლმე ისეთი თავისებურება, რაც აქტის ჩატარებას ხელს უშლის. შეიძლება ქალს აქტის ჩატარების შიშიც ჰქონდეს, რაც ძლიერ სპაზმს იწვევს და მამაკაცმა ვერაფერი მოახერხოს. შემთხვევები გვაქვს, მამაკაციც და ქალიც ჯანმრთელები არიან, მაგრამ ურთიერთობას ვერ ახერხებენ, ვერ ეწყობიან. ამიტომ როდესაც ვირგოგამიაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის მამაკაცის ბრალი არ არის - ქალს, როდესაც ის ფიზიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც ჯანმრთელია, შეიძლება კონკრეტული მამაკაცისადმი მიუღებლობა - ავერსი ჰქონდეს. თუ სექსოპათოლოგი ჩაეძიება, წესით, მიზეზსაც იპოვის. მაგრამ ამის აღმოფხვრას რთული და საფუძვლიანი მუშაობა სჭირდება. ... მაგალითად, დღეს ერთმა ქალბატონმა დამირეკა, ექვსი წელიწადია, გათხოვილი ვარ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქმართან სექსუალური ურთიერთობისას სიამოვნება არ მიმიღიაო. მამაკაცზე ხომ ავტეხავდით ამბავს, აქამდე რატომ არ მიაკითხა ექიმსო? იმავეს ვიტყვი: ამ ქალბატონმა 6 წლის განმავლობაში რატომ არ მიაკითხა ექიმს? ჩემთან მოდის წყვილი, ანუ ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთთან სექსითაა დაკავებული და ძალიან ხშირია, ქალი პარტნიორს ვერ იყოლიებს სექსოლოგთან მოსვლაზე. ყოველთვის უშუალოდ სექსუალური აქტის ჩატარება-არჩატარებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია სექსის მორალურ მხარეზე, პიროვნულ დამოკიდებულებაზე, მიმღებლობის დიაპაზონზე, სურვილების შეთანხმებაზე - თითოეულს როგორ უნდა. ბევრი მეცნიერი, ექიმი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი ეცადა, პარტნიორული ურთიერთობის ნორმის კრიტერიუმები ჩამოეყალიბებინა - ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაზე მარტივი კრიტერიუმები იცით, რა არის? პირველი - სექსუალური ურთიერთობა არ უნდა იყოს მავნე არც ერთი პარტნიორის ჯანმრთელობისთვის; მეორე - ურთიერთობის ესა თუ ის ფორმა აუცილებლად უნდა იყოს მისაღები თითოეულის პირადი მორალისთვის; მესამე - სასიამოვნო უნდა იყოს თუნდაც ერთი მათგანისთვის - ეს ე.წ. არეკლილი სიამოვნების მომენტია: მე გაჩუქე წიგნი, რომელიც ჩემთვის უცხო ენაზეა დაწერილი, მაგრამ ეს ენა შენ იცი და წიგნის წაკითხვაც უდიდეს სიამოვნებას მოგგვრის. მე კი მსიამოვნებს, რომ შენ კმაყოფილი ხარ.
- თქვენი პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ძირითადად, რა პრობლემები აწუხებთ წყვილებს?
- გვხვდება ჯანმრთელობის, ანუ სომატური პრობლემები, რომელიც შემდეგ საწოლში ქმნის პრობლემებს და არსებობს ინტერპერსონალური ურთიერთობის პრობლემები. შესაძლოა, ორივე ერთად იყოს. როდესაც ერთ-ერთისთვის უშუალოდ სამედიცინო ჩარევაა საჭირო, მკურნალობის უდიდესი დიაპაზონი გვაქვს, დაწყებული ფსიქოთერაპიით და დამთავრებული ქირურგიული ჩარევით. მეორე შემთხვევაში კი უფრო რთულია, რადგან წყვილთან გვაქვს საქმე. უმეტესად მაინც მამაკაცები გვაკითხავენ, ისინი ძირითადად, ერექციის უქონლობას უჩივიან. ასაკიც, ფაქტობრივად, განუსაზღვრელია. ვთქვათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე პატარა პაციენტი 16 წლის გვყავდა, ყველაზე დიდი კი - 79-ის. სხვათა შორის, ეს ასაკოვანი კაცი ყველაზე ჯანმრთელი აღმოჩნდა. ჩივილი არც ჰქონია, თურმე, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია სექსი, ურთიერთობის პერსპექტივა გაუჩნდა - ინიციატორი ქალბატონი ყოფილა და მამაკაცს აინტერესებდა, გადავდგა ეს ნაბიჯი თუ არაო. გამოვიკვლიეთ, ყველაფერი რიგზე იყო და ასე ვთქვათ, მწვანე შუქი ავუნთეთ.
- ხშირია დიდი ასაკობრივი სხვაობის ადამიანებს შორის პარტნიორობა, ქორწინებები, ურთიერთობები. სექსოლოგიური თვალსაზრისით ეს მისაღებია თუ არა?
- ამას წინათ ბეკინა სამანიშვილის მსგავს ამბავს გადავეყარეთ: 60 წელს გადაცილებულმა შვილებმა რაიონიდან ჩამოგვიყვანეს საკმაოდ ასაკოვანი ქვრივი მამაკაცი, რომელსაც ქალის მოთხოვნილება ჰქონია და ცოლის შერთვა გადაეწყვიტა. შვილებმა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში შეიტანეს ეჭვი. გამოვიკვლიეთ და კაცი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიოლოგიურადაც სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ საკუთარ თავსაც შესანიშნავად უვლიდა და საოჯახო მეურნეობასაც. საცოლე იყო 26 წლის ქვრივი ქალბატონი. საბოლოოდ, ცოლად შეირთო და ერთ წელიწადში შვილიც ეყოლათ. 26 წლის ქალი ბავშვი ნამდვილად არ არის, ამიტომ როგორ განვსაზღვროთ, ეს არის თუ არა ნორმალური? ყოველ შემთხვევაში, ამას ავადმყოფობას ვერ დაარქმევ, თუმცა არც იდეალურია...
ირმა ხარშილაძე
![]()
გაზეთი "ყველა სიახლე"