კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?

კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?

როგორ ხასიათზე დადგებით, როცა სტუმრებს მოიწვევთ, ხინკალს ერბოში ააშიშხინებთ და ერთ-ერთი სტუმარი ჩაკბეჩილი ხინკლიდან ამოიღებს... რას ამოიღებს, ამას რუსთაველი მოქალაქე, მამუკა მაისურაძე მოგიყვებათ:

- ხუთშაბათს, 7 თებერვალს სტუმრები იყვნენ ჩემთან სახლში. ხინკალი სახლში მოვატანინე, ერთ-ერთ ფირმას აქვს ასეთი სერვისი. ეს ცნობილი ფირმაა ჩვენთან, აქვს რესტორნების ქსელი. დილით შევუკვეთე 30 ხინკალი და ხაჭაპური და საღამოს, სტუმრები რომ მოვიდნენ, ეს ხინკალი კარგად გავაცხელეთ, გამოვიტანეთ და ერთ-ერთმა გოგომ, 21 წლის ჩემმა ნათესავმა ჩაკბიჩა ხინკალი და ამოაყოლა აი, რა.

- კბილი?

- შტიფტიანი, ხრახნიანი კბილი, რომელსაც საკმაოდ წამახული წვერი აქვს. ის ხინკალიც შენახული მაქვს. ამის შემდეგ დავრეკე ამ ფირმის ნომერზე, მოვიდა მენეჯერი, თუ არ ვიცი, ვინ იყო, დახედა ამას, გადაურეკა უფროსს და უთხრა, მართლა კბილიაო. იქიდან რა უთხრეს, არ ვიცი და ამან ლაპარაკი რომ დაამთავრა, შემომთავაზა, რაც გადახდილი გაქვს, იმას აგინაზაღაურებთო. ამაზე ვთქვი კატეგორიული უარი. მოვითხოვე, შემხვდეს თქვენი უფროსი-მეთქი. ვინმე ხელმძღვანელი მინდოდა, მენახა. ხვალ შეგხვდებაო და ველოდები (ეცინება).

- ამ თქვენი სტუმრის კბილი ნამდვილად არ იყო?

- არა, როგორ გეკადრებათ, 21 წლის ბავშვია, იმას ყველა კბილი ადგილზე აქვს. ხუთშაბათიდან რამდენი დრო გავიდა? კაცი არ შემხმიანებია. მანამდე კიდევ დავურეკე, შემხვდით-მეთქი, კაცო, რა მოხდა? და სიჩუმეა. ერთადერთი იმ ვიღაც უფროსმა, აუნაზღაურეთო და ესაა მათი ბოლო პასუხი.

- და საიდან მოხვდა ადამიანის კბილი ხინკალში, ამით არ დაინტერესდა?

- არა... ჩემი აზრით კი, რესტორანში ვიღაცამ ჭამა ხინკალი, ეს კბილი შიგნით დარჩა, მაგრამ ამ ნაჭამი ხინკლიდან რაც დარჩა, ის ფარში ისევ უკან ჩაატრიალეს და ისევ მოახვიეს ხინკალი.

- მოხარშული ფარშის ჩატრიალება ვის გაუგია?

- როგორ არ შეიძლება? აბა, სხვა რა ვიფიქრო? რა, კაცის თავს ხომ არ გაატარებდნენ ხორცის მანქანაში?

- რას ბრძანებთ! მე უფრო მგონია, რომ ვისაც ჰქონდა საქმე ამ ხინკალთან, მომსახურე პერსონალს, იგივე ამ ხორცის გამტარებელს, ან ხინკლის მომხვევს ჩამოუვარდა ეს პროთეზი.

- მე ჩემი ახსნა მაქვს და თქვენ - თქვენი. ფაქტია, რომ ის ჩემი სტუმარი გაგიჟდა კინაღამ, როგორია პირში რომ სხვის კბილს ნახავ? ხალხი რას ჭამს, არ უნდა კონტროლდებოდეს? ვიღაცის ნაჭამს მაჭმევენ? საიდან ხვდება ასეთი რამ საკვებში? ეგება იმ ვიღაცას ან ტუბერკულოზი აქვს, ან რამე დაავადება, ვიცი? მინდა, ამას ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ამიტომ მოგმართეთ პირდაპირ თქვენ, რომ გავახმაუროთ, რა ხდება. რამდენი ხანი იყო ეს მასა ხორცის ფარშში? მინდოდა ექსპერტიზის გაკეთება და არავინ შემხვდა მაგათგან. მე კიდევ სამხარაულში წასასვლელი ფული არ მაქვს. ისე, ყველაფერი შენახული მაქვს და გამოვიძიოთ.

სანამ გამოძიებას დავიწყებდეთ, მანამდე რედაქციაში ვიწვევ "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელს, გია ბურჯანაძეს:

- მოქალაქის თქმით, ფირმის წარმომადგენელმა დაადასტურა და აღიარა, რომ ნამდვილად მათ ნაწარმში იყო ეს უცხო სხეული. ამ დროს, ეს ისეთი საშიში რამაა, ეს მინი პროთეზი, რომ თავისი წამახული წვერით, შესაძლოა, ნაწლავი გახიოს, თუ გადაეყლაპა ადამიანს. ამისთვის კი საჭირო გახდება საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება და 30-თეთრიანი ხინკალი დაგიჯდებათ მინიმუმ 5000-ლარიანი ოპერაცია, ისიც დაზღვევა თუ ჩაერთო საქმეში. ეს კბილი, კუჭ-ნაწლავში მოხვედრამდეც უკვე სახიფათო იყო ადამიანისთვის. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსგან საჭიროა მეტი პრევენცია ამ საქმეში. შეიძლება, ამ ადამიანს შარი იქით მოსდონ, რომ ეს კაცი ან ინტრიგანია, ან კონკურენტმა ფირმამ მიაგზავნა და რა კბილი, რის კბილიო, იტყვიან.

- თქვენ თუ ხვდებით მსგავს შემთხვევებს, ასეთი უცნაური ნივთები რომ აღმოჩენილიყო საკვებში?

- რამდენიც გინდათ. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახულობთ შაურმაში, მაგალითად, "შურუპებს". არა მგონია, ეს ნაკბეჩიდან მოხვედრილიყო ფარშში, უფრო მომსახურე პერსონალიდან მგონია. ორ დღის წინ საბურთალოს რაიონში ვნახეთ შემთხვევა, ლობიანში ქალმა მინის ნატეხი იპოვა. მაგრამ, ვიმეორებ, მსგავსი შემთხვევების დროს გაღმა შემოდავება ხშირია და ეს კაცი ამას გადარჩენილა. ამ კბილს კი ჩვენ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და ამ საკითხს მივხედავთ.

ამის შემდეგ მოვიპოვეთ ნახსენები ფირმის გაერთიანების დირექტორის კოორდინატები და კომენტარისთვის მას დავუკავშირდით:

- ჩვენ ვთხოვეთ მეორე დღეს ექსპერტიზაზე წაღება, მე ვიხდიდი ყველანაირ ხარჯს, სადაც შესაბამისი სამსახურებიც გვყავს. მივედით, ჩავუტარეთ ვიზუალური დათვალიერება და არავინ არ მოინდომა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა. ნასვამი იყო, აქაო, მე "ოცნების" ლიდერი ვარო და დაგხურავთო.

- როგორ მოხვდა ეს კბილი ხინკალში?

- ჩემი მძღოლი ელაპარაკა და ეგ ითხოვდა, კიდევ მომიტანეთ ხინკალიო და მაგაზე მივსულიყავით? პირველი შემთხვევა არ არის, დაურეკიათ და ყოფილა, რომ ექსპერტიზაზეც წაგვიღია და ჩვენი ბრალი არასოდეს არ ყოფილა.

- თქვენი ვერსია მაინტერესებს, როგორ მოხვდა კბილის მინიპროთეზი საკვებში?

- მეც არ ვიცი, ჩემმა მძღოლმა ჩემი სიტყვები პირადად გადასცა და თუ საინტრიგნოდ რეკავთ, აზრი არ აქვს ლაპარაკს.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"