ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული

ვინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას და სად მიდის შეგროვებული ლიფტის ფული

"პალიტრა მედიამ" და Scoopshot-მა რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომელიც ყველა აქტიურ მოქალაქეს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღოს მონაწილეობა ახალი ამბების შექმნაში. Ambebi.ge-ს რედაქციაში ბოლო დროს შემოსული ფოტომასალების უმეტესობა თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებული სადარბაზოების, ქუჩებისა და ეზოების პრობლემას ასახავს. ზოგი მწყობრიდან გამოსულ ლიფტს შეუწუხებია, ზოგს კი კორპუსთან ახლოს მდებარე სკვერებში დაზიანებული საბავშვო საქანელების ბედი აწუხებს. ვინაიდან რედაქციაში შემოსული ფოტოების უმეტესობა რეგიონებში არსებულ პრობლემებს ასახავს, ზოგი ადგილის მისამართი კი გაურკვეველია, გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მიგვემართა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის.

როგორც ცენტრალურ რაიონებში, ისე გარეუბნებში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების უმეტესობა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც კორპუსების მშენებლობა დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიფტების უმეტესობა დაახლოებით 30-40 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ხშირად მწყობრიდან გამოდის და შედეგად, სულ მცირე, ლიფტში გაჭედილი დახმარების მთხოვნელი მეზობლის მუდარას ვიღებთ.

ზურა ორმოცაძე მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და სამეზობლოში არსებულ თითქმის ყველა პრობლემას ზედმიწევნით იცნობს. მიაჩნია, რომ დაზიანებული და ძველი ლიფტების პრობლემა დღემდე ერთ-ერთ ძნელად მოსაგვარებელ პრობლემად რჩება და ფიქრობს, რომ თბილისის მერია ამ საკითხს უფრო მეტ ფინანსებსა და ყურადღებას უნდა უთმობდეს:

"დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენი კორპუსის მეორე სადარბაზოში მოულოდნელად ლიფტი გამოვიდა მწყობრიდან, მუხრუჭმა უმტყუნა და შუა ხნის ქალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რამდენიმე წლის წინ კი ახალგაზრდა ბიჭი ლიფტის კაბინაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ლიფტებს უფრო ხშირად ძარცვავდნენ. სამწუხაროდ, უფუნქციოდ დარჩენილ ლიფტს კარი არ ჰქონდა აჭედილი, მიეყრდნო და ჩავარდა... მართალია, ამჟამად ვითარება შედარებით გამოსწორდა, მაგრამ კაპიტალურ დათვალიერებასა და შეკეთებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება და მოსახლეობა ხშირად უარს ამბობს მოტორის, მუხრუჭის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გამოცვლაზე. მეზობლების უმეტესობას უჭირს ეკონომიურად და ძნელია თითო იჯახს 70-80 ლარი მოსთხოვო. ყოველ თვე ხომ ვაგროვებთ ლიფტის ფულს, თვის ბოლოს მოდის კერძოდ დაქირავებული ლიფტის ხელოსანი და მას მიაქვს ეს თანხა, მაგრამ უმეტესობა თვითნასწავლია. თანაც იმ ლიფტებში, სადაც რკინის ყუთებია დამონტაჟებული, ხშირად ძველ რკინის მონეტებს ყრიან და უმეტესად თვის ბოლოს 2-3 ლარზე მეტი არ გროვდება. თბილისის მერიამ ამხანაგობებს მოგვანდო ამ პრობლემის გადაწყვეტის პასუხისმგებლობა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თავად დაედგინათ ტარიფები და პერიოდულად მონიტორინგი მაინც ჩაეტარებინათ. უმჯობესია, ოფიციალურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდებოდეს ლიფტების მოვლა-პატრონობა, ვიდრე სიტყვიერი ნდობის საფუძველზე", - განაცხადა ზურა ორმოცაძემ.

ვინ არის პასუხისმგებელი საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების უსაფრთხოებაზე და ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ, თუკი მათ სადარბაზოში დაზიანებული ლიფტის აღდგენა ან ახლის დამონტაჟება სურთ? ამ კითხვებით ქ. თბილისის მერიას მივმართეთ:

"იმისათვის, რომ მოხდეს ლიფტის აღდგენა ან ახალის დამონტაჟება, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მოიძიოს მისთვის სასურველი მომსახურე ორგანიზაცია, რომელიც შეუდგენს დეფექტურ აქტს და ხარჯთაღრიცხვას. ამხანაგობის თავმჯდომარემ განაცხადი ბლანკთან ერთად უნდა წარადგინოს 1-10 რიცხვის ჩათვლით მუნიციპალიტეტში. ამის შემდეგ კი დაფინანსდება და გამოიცემა დაფინანსების დადგენილება. დადგენილების გამოცემიდან 21 დღეში ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა გადაიხადოს მათი წილი 30% და დაიდოს ხელშეკრულება მომსახურე ორგანიზაციასთან. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ობიექტის მიწოდების ვადები და გარანტია.

თავმჯდომარის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, გაფორმდება ხელშეკრულება ამხანაგობასა და გამგეობას შორის.

არსებული პრობლემის მოგვარების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების აქტი, რომელსაც უნდა ერთვოდეს ტექნიკური გამართულობის დოკუმენტი, რომ ლიფტი ნამდვილად შეკეთდა. ამის შედეგ გამგეობა ურიცხავს დარჩენილი თანხის 70%-ს. კონტროლი ლიფტზე და გარანტიები ხელშეკრულებაში არის ჩადებული ამხანაგობასა და ორგანიზაციას შორის", - განმარტავს ქ. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი რედაქცია ყურადღებით ადევნებს თვალს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ ფოტომასალას. Ambebi.ge ერთგულ მკითხველს პერიოდულად გაგაცნობთ საინტერესო მასალებს მსგავსი პრობლემებისა და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ.

სალომე შიხაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ბმული: www.facebook.com/scoopshotgeorgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია