საგზაო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში ფართოდ გამოიყენება სამსხვრეველები. გამოგონება "სამსხვრეველაზე" მისი ავტორი, ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმერ მირუაშვილი გვესაუბრება:
- ნებისმიერი ქვეყნის განვითარებას წინ უსწრებს ტექნიკური პროგრესი, ყოველ მეცნიერულ-ტექნიკურ სიახლეზე, გამოგონებაზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, მასში აუცილებლად უნდა ჩავდოთ გონების პროდუქტი, ნოვაცია. სამსხვრევ მანქანას ნებისმიერი მყარი მასალის - ოქროს, ქვანახშირის, სპილენძის, ასევე ინერტული სამშენებლო მასალის - მარმარილოს, ქვა-ღორღის და სხვათა დასამსხვრევად იყენებენ. ამგვარი მანქანები ყველგან სჭირდებათ და არაერთ ქვეყანაში აწარმოებენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სამსხვრევ დანადგარს ძალზე ფართო გამოყენება აქვს: მშენებლობა, სამთამადნო, ქიმიური წარმოება. ჩვენი სამსხვრევი მანქანა არაერთი თვალსაზრისითაა გამორჩეული, უწყვეტი მოქმედებისაა, მინიმუმ, ათჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, მეტი მწარმოებლურობა აქვს, მისი გამოყენებაც უფრო ხანგრძლივ პერიოდშია შესაძლებელი, რემონტის გარეშე. ამასთანავე, მუშაობისას მანქანა არ ზიანდება, მსხვრევის პროცესი ერთი დარტყმით, რამდენიმე კამერაში ერთდროულად მიმდინარეობს, მასალა რამდენჯერმე გაივლის სამსხვრეველაში, რომ საბოლოოდ, სასურველი სიდიდის ნატეხი, დაქუცმაცებული მასა მივიღოთ. ჩვენ მიერ შემუშავებული სამსხვრეველას მუშაობის პრინციპი სხვებისგან განსხვავებული, შეიძლება ითქვას, უნიკალურია. სამსხვრეველები მუშაობენ გასრესის, დარტყმის, გახლეჩის ან გადახერხვის პრინციპზე, ზოგიერთ მანქანაში მასალა გატყორცნით კედელს ეჯახება და ისე იმსხვრევა, ზოგან გასრესით, გადახერხვით, რის გამოც ნაწილები ცვდება. ჩვენი სამსხვრეველა მუშაობს დარტყმის პრინციპით, მსხვრევისთვის საჭირო დარტყმის ძალა ყველგან ერთდროულად გადაეცემა, ვრცელდება, რაც მეტი კამერაა, მეტ მასალას ამსხვრევს და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ნაკლები ენერგია სჭირდება. ამგვარი სამსხვრეველას წარმოებაში დანერგვა ეფექტური და ნაყოფიერი იქნება, მისი დამზადება ბევრად იაფია, ვიდრე მანქანების სხვადასხვა ქვეყნიდან ყიდვა. დანადგარი ასევე უსაფრთხოა ეკოლოგიური თვალსაზრისით, არავითარი მავნე ნივთიერება არ გამოიყოფა, ისევე როგორც გრდემლზე ჩაქუჩის დარტყმისას. ანალოგიური, ოღონდ გასრესის პრინციპზე მომუშავე სამსხვრეველას მოქმედი მოდელიც დავამზადე პატარა ძრავით, რომელიც გამოვცადეთ და საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ესაუბრა ნინო კვიტაშვილი
(გამოდის ოთხშაბათობით)