"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან

"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან

ალექსანდრე ახალკაცი 18 წლის იყო, სამართალდამცველებმა მოულოდნელად რომ დააკავეს. ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, - ბრალი შემითითხნეს და 6 წელი მოგონილი დანაშაულისთვის მომისაჯესო. ამას მოჰყვა გისოსებს მიღმა გატარებული უმძიმესი 5 წელიწადი, ბევრ პრობლემასთან შებრძოლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. ყველა განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა და ფარ-ხმალი არ დაუყრია.

საპატიმროშიც სულ წიგნებს კითხულობდა და როცა ხელისუფლებამ სწავლის მსურველ პატიმრებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შანსი მისცა, ალეკომაც სცადა ბედი. რამდენიმე პატიმართან ერთად, ისიც ხელზე ბორკილდადებული მიიყვანეს გამოცდების ჩასაბარებლად. ძალიან განიცდიდა, თანატოლების მსგავსად, მერხთან ჯდომა რომ არ შეეძლო და უცხოსავით რომ აყოლებდნენ თვალს, მაგრამ ბადრაგების თანხლებით გამოცდა მაინც წარმატებით ჩააბარა.

თუმცა მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ დადებული პირობა არ შეასრულა და სხვებისგან განსხვავებით, ციხის კა­რი არ გაუღო. ვიღაცის გადაწყვე­ტილებით, გამოცდის ჩაბარების მიუხე­დავად, ისევ პატიმრობაში დარჩა ორი ახალგაზრდა: გიორგი ზერეკიძე და ალექსანდრე ახალკაცი. მაშინ ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა, შედეგი კი არ გამოუღია. ჰოდა, გულდაწყვეტილი ბიჭებიც ბედს შეეგუვნენ...

ალეკო ციხიდან ამნისტიის შედეგად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში გამოვიდა. გისოსებს მიღმა დოკუმენტური პროზის წერას მიჰყო ხელი. თურმე, ბავშვობიდან წერდა ლექსებს, მოთხრობებს და რა გასაკვირია, რომ წერის სურვილი ციხეში მყოფს გაუმძაფრდა?! რამდენიმე სქელტანიანი რვეული გაავსო და ისიც მოახერხა, რომ ფარულად ჩანაწერები გამოეტანა. მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციამ ეს ამბავი შეიტყო და ნაწერების ნაწილი საკანში უპოვეს. ალეკო ამბობს: მაშინ ტუბზონაში ვიჯექი; დირექტორის კაბინეტში შემიყვანეს და ეს ფურცლები, პირდაპირი გაგებით, თავზე გადამახიესო...

ახალკაცის ჩანაწერებში საინტერესოდ არის მოთხრობილი ციხის რეალური მდგომარეობა; ის, რაც ამ ახალგაზრდას თავს გადახდა. ყოფილმა პატიმარმა ჩვენს რედაქციას სთხოვა: ძალიან მინდა, ეს რეალური ამბები ხალხმა წაიკითხოს; თუ თქვენი სურვილიც იქნება, ხელნაწერებს გადმოგცემთ და გამოაქვეყნეთო. "გზის" მომდევნო ნომრიდან ჩვენი ჟურნალის მკითხველი ამ საინტერესო ჩანაწერების წაკითხვას შეძლებს, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ალექსანდრე ახალკაცთან.

- ამნისტიის შედეგად გავთავისუფლდი. სასჯელის სრულად მოხდამდე რამდენიმე თვე მქონდა დარჩენილი. ციხეში 5 წელზე მეტი გავატარე. როცა დამაპატიმრეს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რექტორისგან - ალექსანდრე კვიტაშვილისგან მთელი რიგი პრობლემები შემექმნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ ფაკულტეტზე სწავლას მაინც ვაგრძელებ. მეუბნებოდნენ, - საბუთები სხვაგან გადაიტანეო, მაგრამ უარი ვთქვი. კანონიც ჩემს მხარეს იყო. მაგრამ ის მაინც მოახერხეს, რომ გრანტი შემიწყვიტეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შექმნას დაპატიმრებამდეც ვაპირებდი - "ახალგაზრდები, ახალგაზრდობისა და მომავლისთვის". ჩვენ ვმუშაობთ იმ თემებზე, რომელიც ახალგაზრდობას აწუხებს. ის ასევე, უფლებადამცველი ორგანიზაციაცაა.

- იქნებ დაპატიმრების დღე გაიხსენოთ...

- 19 წლის ციხეში გავხდი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დამაკავეს. სწავლა იწყებოდა და უნივერსიტეტში საგნის ასარჩევად მივდიოდი. იქ მელოდებოდა ჩემი მეგობარი გიორგი ფრუიძე. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო. ფილარმონიასთან პოლიციამ გამაჩერა და მანქანაში ჩამსვეს. მითხრეს, - ყაჩაღობა მოხდა და როგორც მოწმე, უნდა დაგკითხოთო. გზაში ჯიბიდან ტელეფონი რომ ამომაცალეს, მივხვდი, საქმე ისე არ იყო, როგორც მეგონა. გამახსენდა ის მუქარებიც, რომელიც ამ ფაქტს უძღოდა წინ.

- ვინ გემუქრებოდათ?

- ინგა გრიგოლიას გადაცემების ხშირი სტუმარი ვიყავი. ხმამაღლა ვლაპარაკობდი იმ პრობლემებზე, რაც ხდებოდა უნივერსიტეტში და ზოგადად, ქვეყანაში. დავით კირკიტაძის დეიდაშვილთან, გიორგი ავალიანთან დაპირისპირებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ის მოგვიანებით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. ჩვენ შორის დაპირისპირების მიზეზი უნივერსიტეტის თვითმმართველობის მაშინდელი ბიუჯეტის - ერთი მილიონი ლარის უკანონოდ ხარჯვა იყო. ეს თანხები ავა­ლიანისა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების "გასტროლებში" იფ­ლანგებოდა. ჩემი ხმაურიანი განცხადებების გამო, ტელეფონზე მუქარის ზარები არ წყდებოდა. ჰოდა, საბოლოოდ ყაჩაღობის მუხლით, 2007 წლის 23 სექ­ტემბერს დამაპატიმრეს. თითქოს მეგობართან ერთად დავაყაჩაღე გოგონა და წავართვი მობილური ტელეფონი. ვითომ დაზარალებული გოგო "ნაცმოძრაობის" აქტივისტი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩახლართული ამბავია, პროკურორი მედავებოდა: დანაშაული დაკავებამდე 9 თვით ადრე, 2007 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას ჩაიდინე და ნაყაჩაღარი მობილური გაყიდეო. რეალურად, აი, რა მოხდა: 2006 წლის 26 დეკემბერს, დედაჩემთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, სადაც ჩემი მოთხრობის გამო დიპლომი და ფულადი თანხა კახა ლომაიამ გადმომცა. მინდოდა, უკეთესი ტელეფონი მქონოდა და დაჯილდოების დღეს, 26 დეკემბერს ჩემი "სონი-ერიქსონი" ვაგზალზე გავყიდე. თან მახლდა მეგობარი გიორგი გოგნაძე. აღებულ თანხას ჩემი ჰონორარი დავამატე და ახალი ტელეფონი შევიძინე. ბრალდებაში კი ჩამიწერეს, თითქოს 19 იანვარს დავაყაჩაღე გოგო და 19-შივე გავყიდე ტელეფონი. ისინი ეძებდნენ დასაკავშირებელ არგუმენტს და ჩემი ტელეფონის გაყიდვა მიაწერეს ამ საქმეს.

- გოგონა გამხელდათ?

- მამხელდა! ამბობდა, თითქოს მე და ჩემმა მეგობარმა მას ტელეფონი წავართვით.

- რას ამბობდა, ყაჩაღობა სად მოხდაო? საინტერესოა, იმ გოგონას მანამდეც იცნობდით?

- ყაჩაღობა ვითომ, ჩემს ბინაში მოხდა. ე.წ. დაზარალებულს ნამდვილად ვიცნობდი. გეტყვით, როგორ გავიცანი. უკვე გითხარით, რომ იმ პერიოდში ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარები არ წყდებოდა. მაგინებდნენ უცნობები და მეუბნებოდნენ, რომ დამიჭერდნენ, რადგან ასე თამამად ვლაპარაკობდი პრეზიდენტზე. არადა, ვაპროტესტებდი იმას, რომ დროშებით "შეიარაღებული" სტუდენტები ენგურზე და სხვადასხვა აქციაზე დაჰყავდათ, ამაში 10 ლარს უხდიდნენ. ერთი სიტყვით, ბევრი გარემოება იყო, რის გამოც მაშინდელი ხელისუფლება გაღიზიანდა. მუქარების გამო შევცვალე ტელეფონის ნომერი. ჩემი ახალი ნომერი სულ 4-მა ადამიანმა იცოდა, არადა, უცნობისგან მესიჯი მივიღე. საღამო იყო, აგარაში, ბებიასთან ვიყავი. ვიღაც მწერდა: თქვენი გაცნობა თუ შეიძლებაო? ამ ნომერზე დავრეკე. გოგონამ მიპასუხა და გავაბით ურთიერთობა. 18 წლის ვიყავი, გამოუცდელი და არ დავინტერესებულვარ იმით, თუ საიდან ჰქონდა ჩემი ნომერი. თანაც, თავად მითხრა: სრულიად შემთხვევით ავკრიბე. ცუდ ხასიათზე ვიყავი, შეყვარებულს დავშორდი და მინდოდა, ვიღაც გამეცნოო. ჰოდა, მეც დავუჯერე. ორი თვე ამ გოგოსთან ერთად ვიყავი. ის ჩემი "გელფრენდი" იყო და სახლში დამყავდა ხოლმე. პოლიციაში რომ მიმიყვანეს, მკითხეს: წინწალაშვილს და გიორგი მინდორაშვილს თუ იცნობო? - გიორგი ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარია, ეს გოგოც მეგობარი გოგოა-მეთქი. - ჰოდა, შენ და გიორგიმ წინწალაშვილი დააყაჩაღეთო, - მითხრეს. ჩემთან ერთად გიორგიც დააკავეს. საქმეში ერთადერთი მოწმე ეს გოგო იყო. იცით, ვითომ დაზარალებული ჩემი ყოფილი "გელფრენდი" ჩემი საქმის გამომძიებელს გაჰყვა ცოლად. მე კი ყაჩაღობის ბრალდებით დამაკავეს და მომისაჯეს 6 წელი; იგივე სასჯელი გამოუტანეს ჩემს მეგობარსაც. საშინელება იყო, როცა ორთაჭალაში, მაშინდელ ე.წ. გუბერსკის ციხეში მოვხვდი.

- რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა გისოსებს მიღმა აღმოჩნდით?

- იქ საშინელი სიტუაცია იყო. პატარა ოთახში (20 კვმ იქნებოდა) 120 პატიმარი ვიყავით და ნორმალურად ვერ ვსუნთქავდით. ახლაც მიკვირს, როგორ შევეგუე იმ სიტუაციას. ჯოჯოხეთში ვიყავი. დაიწყო გაუთავებელი ტანჯვა. ორი თვე ფაქტობრივად, ფეხზე ვიდექით. ზოგს გული უწუხდა და იქვე იკეცებოდა - ეს საშინელი სანახავი იყო. ალბათ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. შემდეგ გადამიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც არანაკლებ ჯოჯოხეთში მოვხვდი. იქ სამჯერ მივიღე ტვინის შერყევა.

- ცემისგან?

- მთავარი ზონდერები გვისწორდებოდნენ. ცხრათითასთან ერთად მცემდა მაშინდელი ციხის დირექტორის - მელაძის აწ გარდაცვლილი დისშვილი. თანამშრომლების 90% სადისტი იყო. ახალი გადაყვანილი ვიყავი ციხეში, როცა პირველად იმის გამო მცემეს, რომ კარის გაღების ხმა უცებ ვერ გავიგე და თანამშრომლებს ფეხზე არ დავხვდი. ცხრათითამ ისე მომისროლა მეორე სართულიდან (სადაც ვიწექი), რომ ძირს დავენარცხე და ტვინის შერყევა მივიღე. მაშინ არც წამალი მოუცია ვინმეს და არც ექიმი შემოსულა, პატიმრები მივლიდნენ. მეორედ იმის გამო მცემეს, რომ გვერდით საკანში პატიმრის საშინელი წამება ვერ ავიტანე. მესმოდა მისი ღრიალი. მანამდე ვერ წარმომედგინა, კაცი ასეთ საშინელ ხმებს თუ გამოსცემდა. ეს არც კაცის ყვირილს ჰგავდა, არც - ქალისას, რაღაც არაადამიანური ხმა ამოსდიოდა. ჰოდა, ვერ მოვითმინე, კარზე დავაბრახუნე და ცემის შეწყვეტა მოვითხოვე. ამ პროტესტის გამო გამიყვანეს აბანოში. თუ ადამიანის ცემა უნდოდათ, აბანოში გაჰყავდათ, იქ სისხლი ადვილად ირეცხებოდა... მესამედაც აბანოში მცემეს. ცემისას მეუბნებოდნენ, - ბიჭო, ავალიანს რომ დაუპირისპირდი, ის ჩვენი ძმააო. წელიწადი და 4 თვე გლდანის ციხეში ვიყავი, მერე რუსთავის მეორე დაწესებულებაში გადამიყვანეს.

- იქ უკეთესი პირობები დაგხვდათ?

- ხშირად მიცვლიდნენ საკანს და ტუბერკულოზიან პატიმრებთან მამყოფებდნენ. არც ვიცოდი, ტუბერკულოზი რა იყო. ბიჭები მეუბნებოდნენ, - ამ დაავადების მქონე პატიმრებს ერიდეო, მაგრამ ეს როგორ უნდა მომეხერხებინა? საკანში 4-ნი ვიყავით; აქედან ორი დაავადებული იყო. ჰოდა, დაავადება მეც გადამედო, სიცხეები მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ექთანმა მითხრა, - არაფერიაო. ერთ თვეში ხველა დავიწყე. მუკალტინი მომცეს. მდგომარეობა ნელ-ნელა გამირთულდა. ბოლოს მითხრეს, - ფილტვების ანთება გქონიაო. 300 ლარის წამლები მოატანინეს ჩემებს, მაგრამ არაფერმა მიშველა. ერთხელაც ვიგრძენი, რომ გულმკერდი ძალიან გამიცხელდა. რომ წამოვდექი, სისხლდენა დამეწყო და ამის დანახვაზე შოკში ჩავვარდი. გამოცდილმა პატიმრებმა მაშინვე მარილწყალი დამალევინეს. მითხრეს, - ეს სისხლდენას შეაჩერებსო. ამან მართლაც, მიშველა. ექიმს დაუძახეს. თქვა: არაფერიაო და სისხლდენის შესაჩერებელი ნემსი გამიკეთა. ასე ვიწვალე კარგა ხანს, საავადმყოფოში ჩემს გადაყვანას არ აპირებდნენ, მაგრამ მერე ჩემმა მეგობარმა შიმშილობა დაიწყო. ამის გამო, ცოტა ხანი სამედიცინო ნაწილში მამყოფეს, მაგრამ ტუბზონაში არ გადამიყვანეს მანამ, ვიდრე მდგომარეობა უკიდურესად არ გამიმწვავდა. იქ რომ მიმიყვანეს, უკვე მარჯვენა ფილტვი ბოლომდე დაშლილი მქონდა, მარცხენაც იშლებოდა. ექიმმა მითხრა, - შენი განძრევაც კი არ შეიძლებაო. არადა, ასეთი ავადმყოფი თანამშრომელმა - ლევან პაჭკორიამ კარცერში ჩამიყვანა და მცემა.

- რატომ?

- როცა ოთახში შემოვიდა, ფეხზე ვერ წამოვდექი. პატიმრებმა უთხრეს, - ცუდად არისო. - მაშინ ვასწავლი, როგორ უნდა დამხვდესო, - და კარცერში ჩამიყვანა. მაგრად მცემეს... ეს ყველაფერი აღწერილი მაქვს ჩემს ჩანაწერებში. ღმერთის ნებით, გადავრჩი. მესმოდა, მეორე თანამშრომელს როგორ უთხრა, - რომ მოკვდება, დამირეკე და მითხარი, რომ ახალკაცმა თავი ჩამოიხრჩოო. კარი მომიხურეს. კარცერში მყოფს ისევ სისხლდენა დამეწყო. ვნახე, კუთხეში პურის ნაფხვენები და მარილი ეყარა. ეტყობა, იქ ჩემამდე სხვა პატიმარი ჰყავდათ. საშინელი სიბინძურე იყო. მარილი მაინც შევჭამე და სისხლდენაც შემიჩერდა. 3-4 საათის შემდეგ შემოიხედეს და ჩაცუცქული რომ დამინახეს, გაუკვირდათ. მესმოდა, როგორ დაურეკა ერთ-ერთმა პაჭკორიას, ე.წ. ნინძას, - ბიჭო, ცოცხალიაო... 8 თვე უნდა ვყოფილიყავი ქსნის ტუბზონაში და მემკურნალა, მაგრამ 6 თვეში სხვა დაწესებულებაში მიკრეს თავი. იქ რომ გადამიყვანეს, კამერაში პატიმრები გავაფრთხილე: ავადმყოფი ვარ და არ გადაგედოთ-მეთქი. ბიჭებმა დიდი ხმაური ატეხეს და ამის მერე იქვე, სამკურნალო განყოფილებაში, "სანჩასტში" გადამიყვანეს. იქ გახლდით კიდევ ერთი თვე, ვიდრე ისევ სისხლდენა არ დამეწყო. მერე ისევ დამაბრუნეს ტუბზონაში. ისეთ წამლებს გვიწერდნენ, ბევრი პატიმარი ამის გამო ფსიქიატრიულში ხვდებოდა. ერთ მუჭა წამალს ვსვამდი, ამ დროს კი რაღაცები გელანდება, ცუდად ხარ. წარმოიდგინეთ, ასეთ წამლებს ვსვამდი მაშინაც, როცა ეროვნულ გამოცდებზე გავედი.

- ასეთ უმძიმეს პირობებში გამოცდებისთვის მომზადება როგორ შეძე­ლით? რატომ გადაწყვიტეთ, უმაღლესში ხელახლა ჩაგებარებინათ?

- 2010 წელი იყო ანუ მეორე წელი, პატიმრების გამოცდებზე გაყვანის. წინა წელს ვინც ჩააბარა, ყველა გაუშვეს. ეს იყო ერთადერთი გადარჩენის გზა ჩემთვის. ის წამლები, რომელსაც გვაძლევდნენ, მეხსიერებას აქვეითებს, ამიტომ სულ ვცდილობდი, წიგნები მეკითხა. ვამბობდი, - იქნებ ამან გადამარჩინოს-მეთქი. გამოცდებზე გასვლის ნება დამრთეს, მაგრამ ქართულის ჩასაბარებლად არ გამიყვანეს. მითხრეს, უსაფრთხოების ზომები არ არის დაცულიო. შინ დავრეკე და ოჯახის წევრებს ეს ამბავი შევატყობინე. მალე პრესაში გაჩნდა სტატიები, გაკეთდა სიუჟეტები, რომ ტყუილად დამბლოკეს. ამ ხმაურის მერე, მეორე გამოცდაზე გამიყვანეს. მეუბნებოდნენ, - რა ინტრიგანი ყოფილხარო. ჩავაბარე უნარების გამოცდა და მაღალი ქულა მივიღე. მოკლედ, გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ციხიდან არ გამომიშვეს. მხოლოდ მე და გიორგი ზერეკიძე დაგვტოვეს. ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი გათავისუფლების ძალიან მცირე შანსი იყო, მაგრამ მაინც ვიბრძოდი. მერე გავამზადე სტრასბურგში გასაგზავნი საქმე. ადვოკატები ჩემი ოჯახის წევრებს ატყუებდნენ. მათ ზოგი ეუბნებოდა: სტრასბურგში საქმის გაგზავნას 7.000 სჭირდებაო, ზოგი - 11 ათასიო. ვინ იცის, რამდენი ადვოკატი გამოვიცვალე. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ ვინმე ჯინჭარაძე, რომელიც თურმე, წინა მთავრობასთან იყო შეკრული და მან ჩემებს 20 ათასი ლარი გამოსძალა, ვითომ საპროცესოს გაგიკეთებთო. დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხეს თანხის დაბრუნება. ის ადვოკატი ახლა ციხეშია... დედაჩემი პედაგოგი იყო. ჩემი დაჭერის შემდეგ ის სკოლიდან დაითხოვეს.

- წერა ალბათ, ყოველთვის გეხერხებოდათ, არა?

- მართლაც, ადრეული ასაკიდან ვწერდი ლექსებს, ჩანახა­ტებს. ჯერ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის სკოლაში ვსწავლობდი, მერე - "ვეკუაში", მათემატიკურზე ჩავაბარე, შემდეგ უნივერსიტეტშიც მოვეწყვე. ჩემი მოთხრობები სხვადასხვა გამოცემაში ქვეყნდებოდა და პრიზებსაც ვიღებდი. 2009 წელს, თავად შაშკინმა გამომიგზავნა წიგნები ლიტერატურულ კონკურსში - "ალუბლობა" მონაწილეობისა და გამარჯვების გამო. ფულადი პრემია მაშინ წიგნებით ჩაანაცვლეს... ციხეში კი დოკუმენტური პროზის წერა დავიწყე და მისი შეფასება თქვენი ჟურნალის მკითხველისთვის მიმინდვია. აღწერილი მაქვს გამოცდაზე გაყვანის სცენაც. საშინელებაა, როცა აბიტურიენტი ხარ და ხელზე ბორკილდადებული მიჰყავხართ გამოცდაზე. მახსოვს, 5-6 ბადრაგი თავზე მადგა. გამოყოფილ სივრცეში ვიჯექი და სხვა აბიტურიენტები საპირფარეშოში რომ მიდიოდნენ, უცნაურად მიყურებდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ პატიმარი ვიყავი... ზოგისთვის პატიმარი ხარ, ზოგისთვის დამნაშავე, ძალიან ცუდი ადამიანი... მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა. დეპრესიაშიც ბევრჯერ ჩავვარდნილვარ, თუნდაც მაშინ, როცა პირველ გამოცდაზე არ გამიყვანეს; დეპრესია მქონდა პატიმრობის დასაწყისშიც. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა იქ დარჩენა. თანაც, გაგა მკურნალიძე ყველა სპეცეტაპს აცილებდა და პირადად სცემდა პატიმრებს. ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ წამალი მოვითხოვე. ჰოდა, მაშინ მითხრა მკურნალიძემ: ჯერ ვერ დაგაჩოქეთ, მაგრამ დაგანახვებთ, ბოლოს ვინ გაიმარჯვებს, ეს კარგად დაიმახსოვრე. 2013 წლის 26 სექტემბერს გიმთავრდება პატიმრობის ვადა. შენ ჩემს ცოლს-შვილს ასე უქენი (შეიგინა), თუ შტირზე დამატებით, 6 წელი არ მოგისაჯონ და ახალ პროცესზე არ მოგიხდეს ყოფნაო. ამის გამკეთებელი იყო, მჯერა. ბოლოს და ბოლოს, აკრძალულ ნივთს ჩამიგდებდნენ და სასჯელი დამემატებოდა. დედაჩემი დაშინებული ჰყავდათ. ერთხელ სახლში მიუცვივდნენ და სტრასბურგში გასაგზავნი საჩივარი საკუთარი ხელით დაახევინეს. როცა პარლამენტში პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭების საკითხს იხილავდნენ, დედას ვთხოვე, - ჩემი საქმის მასალები მიეტანა, მაგრამ ვერ გაბედა. ეშინოდა, უარესი არ მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო. თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. 5 წელიწადი დავკარგე, მაგრამ რას ვიზამთ... მაშინ გამოუცდელი ვიყავი; იმდენი რომ მცოდნოდა, რამდენიც ახლა ვიცი, მერწმუნეთ, ბევრად კარგად ვიმოქმედებდი და იმ რეჟიმს უფრო მეტ დარტყმას მივაყენებდი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)