დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე

დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე

საქართველოში ცოფის ვირუსზე ღამურების გამოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ "მთელი კვირა" საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს ესაუბრა.

იმის გამო, რომ ღამურები მსოფლიოში სხვადასხვა დაავადებების რეზერვუარებად მიიჩნევა, მათ შორის ცოფისაც, აშშ-ს დაავადების კონტროლის ერთობლივი პროექტით ქართველმა სპეციალისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმეებში დაბუდებული ღამურები გამოიკვლიეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღამურები ცოფით დაავადების წყაროა. მათი ნაკბენი და მათთან კონტაქტი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც იმნაძე აღნიშნავს, მსოფლიო ახლა ღამურებისგან გავრცელებული ცოფის პრობლემის წინაშე დგას, ვინაიდან ევროპასა და ამერიკის გარკვეულ ნაწილში არათუ ქალაქის მაწანწალა ცხოველებში, გარეულ ნადირშიც კი აღმოფხვრილია ცოფის ვირუსი.

სამწუხაროდ, საქართველო ცოფთან ბრძოლაში ამგვარი მიღწევით ვერ იამაყებს. საამაყო მხოლოდ ერთი გვაქვს - მსოფლიო მასშტაბით, ადამიანის აცრების მხრივ საქართველოს პროცენტულად პირველი ადგილი უჭირავს. საქართველოში ცოფზე წელიწადში მოსახლეობის 1% იცრება. 50 ათასი მიმართავს ანტირაბიულ კაბინეტს - აქედან 40 ათასამდე ადამიანი ანტირაბიულ აცრებს იტარებს. მიუხედავად ამისა, ცოფის შემთხვევები მაინც არის - 2012 წელს სამი, ხოლო 2013-ში ოთხი შემთხვევა გვქონდა. რაც შეეხება ღამურებს, როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით საქართველოში ღამურებში ცოფი არ დასტურდება.

პაატა იმნაძე: მსოფლიოში არის შემთხვევები, როდესაც ღამურის ნაკბენიდან ცოფი განუვითარდათ. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში ღამურებში ცოფის მსგავსი ვირუსები ნაპოვნია. ამიტომ, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოშიც დავიწყეთ ღამურების გამოკვლევა. ღამურები გამოვიკვლიეთ დავით გარეჯის, წყალტუბოს, სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრის და ზემო რაჭის მღვიმეებში. სულ 250-მდე სხვადასხვა სახეობის ღამურა იყო. ცოფი არცერთში არ აღმოჩნდა. ასევე, მათი ნაწილი გამოკვლეულია ე.წ. ჰანტა ვირუსებზე, რაც ასევე არ აღმოჩნდა. აღმოაჩნდათ ბაქტერიები - ბარტონელები. ეს ბაქტერიები ადამიანებში დაავადებებს ნაკლებად იწვევს. ამჟამად შენახულ მასალებში ე.წ. კორონა-ვირუსების გამოკვლევას ვიწყებთ.

კორონა-ვირუსები საკმაოდ საინტერესო ვირუსებია. 2003 წელს ჩინეთში ატიპური ვირუსები რომ გავრცელდა, სწორედ კორონა-ვირუსები გახლდათ. ზოგადად, ეს ვირუსები მრავალნაირია. მაგალითად, ჟურნალისტები რომ უწოდებენ ატიპურ ვირუსებს და ჩვენ, სპეციალისტები კი - სარს-ს რომ ვუწოდებთ, სწორედ ეგ იყო კორონავირუსები; ახლა რომაა აქტუალური მერსი  ვირუსი, რომლის შემთხვევებიც საუდის არაბეთში და მის გარშემო ქვეყნებშია აღწერილი, ასევე რამდენიმე შემთხვევა ევროპაშიც იყო, ვინაიდან მოგზაურობის დროს შეიტანეს, ესეც სწორედ კორონა-ვირუსს წარმოადგენს და გვაინტერესებს, ჩვენს ღამურებში თუ გვხვდება.

"მ.კ.": ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან ვრცელდებოდა?

- პ.ი.: არა, საქმეც ისაა, რომ თავის დროზე ადამიანებზე გარეული კატის ერთ-ერთი ჯიშიდან გადავიდა. რაც შეეხება მერსის, ჯერ კიდევ დაუდგენელია, საუდის არაბეთში საიდან გადავიდა ადამიანებზე. გენეტიკურად მისი მსგავსი ვირუსები ნაპოვნია ღამურებში. ამ შემთხვევაში, ასე კონკრეტულად ვერ ვარაუდობენ, რომ ადამიანებზე ღამურებიდან გადავიდა. ვერსიები სხვადასხვაა და მათ შორის იმასაც ფიქრობენ, რომ ადამიანების დაავადების წყარო აქლემია. თუმცა ამასაც ვერ ადასტურებენ. მოკლედ, საბოლოოდ დადგენილი არაა და ჯანმოში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - რედ.) შექმნილია საგანგებო კომიტეტი, რომელიც საუდის არაბეთში მერსის ვირუსის შემთხვევებზე მუშაობს, ვინაიდან შესაძლოა, ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს არა მხოლოდ არაბეთის ნახევარკუნძულის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

"მ.კ.": რა სიმპტომები ახასიათებს მერსის ვირუსს?

პ.ი.: ესაა მძიმე მიმდინარე პნევმონია (ე.წ. ფილტვების ანთება - რედ.) და თუ დაავადებულს ჯანმრთლეობის სხვა პრობლემები აქვს, იგივე ქრონიკული დაავადებები, ხშირად ის ლეტალურად, პაციენტის სიკვდილით მთავრდება. გასული წლის ზაფხულიდან ჯანმოს გენერალური მდივნის მიერ შექმნილია საგანგებო კომიტეტი რჩევებისთვის, ვთქვათ, საჭირო გახდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. თავად ვარ ამ კომიტეტის წევრი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ჯანმოს 15 სპეციალისტია არჩეული.

რაც შეგვეხება ჩვენ, მერსის ვირუსის დიაგნოსტიკუმი გვაქვს. ხომ შეიძლება ვინმე ჩამოფრინდეს საუდის არაბეთიდან და ფილტვების ანთება დაემართოს?! აქვე შევძლებთ მერსის ვირუსზე გამოკვლევას. სხვათა შორის, ყველას გვეშინოდა, რომ ჰაჯის (მუსლიმების მიერ მათი წმინდა ქალაქების – მექასა და მედინას - მონახულება, რომლებიც საუდის არაბეთში მდებარეობენ - რედ.) დროს შეიძლება დაავადება გავრცელებულიყო. საბედნიეროდ, არაფერი მოხდა. თუმცა, ჯანმო სიფხიზლისა და მზადყოფნისკენ ყველას მოუწოდებს. ჩვენც მზად ვართ ამისთვის. ღამურების გამოკვლევაც ამისთვის ხდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰანტა-ვირუსები არ აღმოაჩნდათ. ეს ვირსუებიც გარკვეულ ცხელებას იწვევენ ადამიანის ორგანიზმში. ბარტონელებს რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესო ბაქტერიებია, - ადრე ერთი ჩვენი თანამშრომელი იკვლევდა ბარტონელებს ცხოველებში. საქართველში მან ბარტონელების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინა, რომლებიც მანამდე ცნობილი არ იყო.

"მ.კ.": საქართველოში ღამურას თუ დაუკბენია ვინმე და თუ მოგმართავენ ასეთ შემთხვევებით? აქვე მინდა ხაზი გავუსვათ ცოფის ბოლო შემთხვევებს – თუ აღინიშნა და გასულ წელს რამდენი იყო?

პ.ი.: ძალიან იშვიათად მოგვმართავენ ღამურას ნაკბენით. ძალზედ იშვიათი შემთხვევებია. ზოგადად, გაიდლაინის მიხედვით, ღამურასგან ცოფით დაინფიცირება მასთან ნებისმიერი კონტაქტით შეიძლება მოხდეს. დადასტურებული არაა, მაგრამ, აღწერილია, როცა მსოფლიოს უდიდეს მღვიმეებში ცოფით დაავადებული ღამურებისგან შეიძლება დაინფიცირება. ღამურები იქ ფეკალიებთან ერთად ვიურსებს და ბაქტერიებს გამოყოფენ და ჰაერში ვირუსების აეროზოლიზაცია ხდება. ამიტომ, იქ მღვიმეებშიც არის დაავადების საფრთხე. თუმცა, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. თანაც, კიდევ ვიმეორებ - უკვე ჩატარებული კვლევებით, საქართველოში ღამურები ცოფით არ არიან დაავადებულები. მითუმეტეს თბილისში. თუმცა, დაკბენის შემთხვევაში მაინც სასურველია, მიმართონ ექიმს.

რაც შეეხება ცოფის საკითხს საქართველოში, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ადამიანის აცრების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობა ძაღლებსა და კატებს არ ცრის, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ აცრა ადამიანებს უწევთ. შემთხვევები მაინც გვაქვს.

აცხა პატარა ბიჭზე გვქონდა ეჭვი, ადრე ძაღლმა დაკბინა. მართალია, ძაღლი ერთი თვის შემდეგ მოკვდა და ცოფი მასთან უკვე გამორიცხული იყო, მაინც გადავწყვიტეთ ბავშვის შემოწმება, ვინაიდან სიმპტომები გვაეჭვებდა. ახლა მივიღე პასუხი, რომ ლაბორატორიულად ცოფი არ დადასტურდა და მეც მიხარია და ექიმებსაც. ბავშვის მდგომარეობაც უმჯობესდება, რაც ცოფის შემთხვევაში არ ხდება. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ცოფით გარდაცვლილთა შორის 13% იყო ბავშვი. ეს დაბალი მაჩვენებელია, ვინაიდან აფრიკასა და ინდოეთში, სადაც ცოფი ძალიან არის გავრცელებული, ძირითადად ბავშვები იღუპებიან.

ეტყობა, ჩვენთან მშობლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვებს საეჭვო კონტაქტებისას. საერთო მონაცემით კი, ვინც ანტირაბიულ კაბინეტებს ასაცრელად მიმართავს, მათ შორის 80% პატრონიანი ძაღლის დაკბენილია. ბოლო წლებში ცოფით გარდაცვლილებდან 50 პატრონიანი, ხოლო 50% მაწანწალა ძაღლების დაკბენილი იყო.

ნინო ფრანგიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია