მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის მსურველებმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრება დილიდან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პარაკლისი 12-დან საღამოს 5 საათამდე სპეციალურად შშმ პირებისთვის იყო განკუთვნილი, ტაძრის ეზოში მხოლოდ მათ ვერ ნახავდით. რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსულები მოთმინებით ელოდნენ, როდის მიეცემოდათ ტაძარში შესვლის შანსი. ეტლით მოსიარულეები ოდნავ აღელვებულები იყვნენ, მათთვის გამოყოფილ სპეციალურ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე მრევლი გზას კეტავდა.
ტაძარში 12 საათზე მივედი, ჩავდექი რიგში იმ იმედით, რომ 5 საათამდე შევაღწევდი იქ, თუმცა იმედი მალევე გადამეწურა და ოლიმპიური სიმშვიდით დავიწყე ხალხზე დაკვირვება, რაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა:
წარმოიდგინეთ უზარმაზარი რიგი, ეტლში მჯდომი უამრავი შშმ პირი, მათი მშობლები და ახლობლები, რომლებიც რამდენიმე საათია თავის რიგს ელიან, ატირებული თოთო ბავშვები... იქვე დაცვას ხალხი ეჩხუბება, არაორგანიზებულობას უწუნებენ... თუმცა, ალბათ არასამართლიანია გაბრაზდე მათზე, ვინც ტაძრამდე რწმენამ და უკიდურესმა გაჭირვებამ მოიყვანა.
დიდი აურზაურისა და კამათის შემდეგ ხალხმა შეთანხმებას მიაღწია - სტიქაროსნების დახმარებით ტაძარში შეუშვებენ მხოლოდ შშმ ბავშვებს და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს. იქვე ახლოს დაცვას შუა ხნის მამაკაცი ეკამათება, ჩემს მეუღლეს თავზე უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი, ნუთუ აუცილებელია ადამიანი ეტლში იჯდეს და უმძიმეს მდგომარეობაში იყოს, რომ შიგნით შესვლის საშუალება მიეცესო.
ყველას უნდა ტაძარში შესვლა, თანაც რაც შეიძლება სრაფად, რიგში ყველა პირველია, დაცვა კი ამდენ ადამიანს ძლივს, მაგრამ მაინც მოთმინებით უმკლავდება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩვენ გარშემო ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ამდენი შშმ პირი ერთად არასდროს მინახავს, იმ აქციებისა და მსვლელობების დროსაც კი, მათი უფლებების დაცვის დღეს რომ იკრიბებიან ხოლმე ხელისფლებისა და მაღალჩინოსნებისთვის დაპირებებისა და უფლებების კიდევ ერთხელ შესახსენებლად. თუმცა, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება; ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სასწაულის უფრო სწამთ, ვიდრე ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანების.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge