დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა

დღეს წმინდა ღირსი მამა გაბრიელის დაბადების დღეა. აღმსარებელი-სალოსი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა.

ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, - სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახაო. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაუგია: შემთხვევით, მეზობლების კამათს შეს­წრებია. თურმე, ერთს მეორისთვის უთქვამს, - ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, - ქრისტე ვინ იყოო? - ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო...

მერე ყველასგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და "ქრისტეს ისტორიის" შესაძენად ნავთლუღის შერეულ ბაზრობაზე წასულა. ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია. პატარა გოდერძის იმ მოხუცისგან სანატრელი წიგნი 70 მანეთად შეუძენია, გახარებულს გულში ჩაუკრავს და შინისკენ გაქცეულა. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის მაშინ დაუხედავს და "სახარება" ამოუკითხავს. უფიქრია, ეს ის წიგნი არ იყო, რომელიც უნდოდა და პატრონისთვის უკან დაბრუნების მიზნით, ბაზრობაზე დაბრუნებულა. იმ ადგილზე, სადაც წიგნი იყიდა, სხვა ვაჭრები დახვედრიან. უკითხავს, - აქ რომ მოხუცი კაცი იდგა, სად წავიდაო? მაგრამ მისთვის ვეღარ მიუკვლევია. ყველა ვაჭარი ერთი და იმავეს უმეორებდა: დღეს აქ მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო... ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო. წლების შემდეგ, საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არ გადაუხვია. გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი.

სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. ამ ყველაფერზე სრულყოფილად ერთ სტატიაში საუბარი შეუძლებელია. წმინდანის შესახებ მისი მკურნალი ექიმი - ზურაბ ვარაზი მოგვითხრობს:

- მისი უწმინდესობის აღსაყდრების შემდეგ ეკლესიური გავხდი და სიონში სიარული დავიწყე. მაშინ ტაძარში გაბრიელ ბერს ხშირად ვხედავდი, მაგრამ სახელი არ ვიცოდი. ყურადღებას კეთილი თვალებით, გარეგნობით, შესამოსლით იპყრობდა. ფრესკებზე გამოსახულ წმინდანებს ჰგავდა, გულზე ხატებითა და ჯვრებით. ის ზოგჯერ ხატს უყურებდა და ტიროდა, ქადაგებდა, ზოგჯერ ხმამაღლაც დაიყვირებდა ხოლმე. ცოტათი შიშის მომგვრელიც კი იყო. მრევლი მის გარშემო იკრიბებოდა, ის შუაში იდგა და ქადაგებდა. ხალხი ლოცვა-კურთხევას იღებდა. თავიდან მიახლების მრცხვენოდა. მერე ძალა მოვიკრიბე და მივედი, ჯვარზე ვემთხვიე. თავზე ხელი დამადო, თითქოს დამაჭირა და მითხრა: "ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს!" გავიდა დრო და 1994 წლის დამლევს გავიგე, - მამა გაბრიელმა მცხეთაში, სამთავროს მონასტერში ფეხი მოიტეხაო. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, წყალმანკი ჩამოუყალიბდა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. მდგომარეობა ექიმის აქტიურ ჩარევას მოითხოვდა, მაგრამ თავად არავის იკარებდა. ერთ დღეს მასთან ჩემი მეუღლის ბიძაშვილები - მანანა და ნატა ქურდოვანიძეები ყოფილან. უთქვამთ: ექიმი სიძე გვყავს, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს, ათონის მთაზეა ნამყოფიო. მამა გაბრიელს უთქვამს, - მშვიდობით მობრძანდესო.

დამიკავშირდნენ თუ არა, აღარ დამიყოვნებია, მცხეთაში წავედი. მისი კელია შთამბეჭდავი იყო: ყოველ მხარეს, საითაც უნდა გაგეხედა, ხატი გახლდათ დაბრძანებული. იქვე პატარა ტაბურეტები ეწყო. თავად ტახტზე იწვა, შესამოსელი ემოსა და უსათნოესი, სანთელივით ყვითელი სახე ჰქონდა. თვალდახუჭული იწვა. მივუახლოვდი თუ არა, ვთხოვე, - მამაო, დამლოცეთ-მეთქი. შემომხედა, თავზე ხელი დამადო და, - ქრისტე ღმერთმა გაკურთხოსო! მერე დედა პარასკევას უთხრა: ნახე, ექიმი მოვიდა და ჯერ ლოცვა-კურთხევა აიღო. აქ ვინც შემოდის, ყველა ექიმი მეუბნება, - როგორ ხარ? მე კი ვპასუხობ, - ბერი ვარ და როგორ უნდა ვიყო, ძალიან კარგად ვარ-მეთქი. ისინი ეკლესიურები არ არიან და ჩემთან საქმე არ აქვთო! გასინჯვის შემდეგ ავუხსენი, რომ მუცლიდან სითხის ამოღება იყო საჭირო. თანხმობა და კურთხევა მომცა. 10 ლიტრამდე სითხე ამოვიღე. მოეშვა, ამოისუნთქა. შემდეგ წინააღმდეგობას არ მიწევდა, მემორჩილებოდა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გავუმეორე. 9 თვის შემდეგ რაჭაში 1 კვირით მინდოდა წასვლა და მამა გაბრიელს დავეთხოვე, მუცელში დრენაჟი ჩავუყენე, რომელსაც საკეტი ჰქონდა და ვთხოვე, სითხე თუ შეგაწუხებთ, ეს საკეტი მოატრიალეთ და გადმოიღვრება-მეთქი. გაეცინა, - "კრანტი" დამიყენეო? 1 კვირის შემდეგ მოსანახულებლად რომ მივედი, სითხე აღარ ჰქონდა, ხელები მაღლა ააპყრო და თქვა: უფალმა ამოიღოო. მას შემდეგ წყალმანკით აღარ შეწუხებულა.

- გარდა იმისა, რომ მკურნალობდით, რას გელაპარაკებოდათ?

- მამა გაბრიელისთვის სულ უნდა გესმინა. მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო, თითქოს სხვა განზომილებიდან ლაპარაკობდა. რომ ვუსმენდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა გაბრიელს თეოლოგიური განათლება ჰქონდა.

- მას მხოლოდ 6 კლასი ჰქონდა დამთავრებული.

- ეს რომ გავიგე, განვცვიფრდი. ფსალმუნების, ლოცვების, წმინდა წერილების სიტყვებით ლაპარაკობდა.

- განვლილ ცხოვრებაზე რას გიამბობდათ?

- ვერ ვბედავდი, რაიმე მეკითხა, მაგრამ ამბებს თავად ჰყვებოდა. მას ჰქონდა საოცარი უნარი, - როცა კითხვის დასმა მოგინდებოდა, თითქოს გრძნობდა და უკითხავად გპასუხობდა. გულთამხილავი იყო. ბავშვთან ბავშვურად ლაპარაკობდა, კაცთან - კაცურად. დიდი სიბრძნე ჰქონდა. კიდევ ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ მისი ფენომენის შესწავლა მოხდეს. მამა გაბრიელი სალოსი იყო და იმ ურჯულო საზოგადოებაში სალოსის სამოსელმაც დაიცვა. ერთ დღეს მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა. ამის გამო დააპატიმრეს. იხსენებდა, "კაგებეში" რომ წამიყვანეს, უკან 7 ავტომატიანი კაცი მომყვებოდა. ვეუბნებოდი, - შვილო, თქვენ ეშმაკისგან შეშინებულები ხართ, ხელში ჯოხიც კი არ მიჭირავს და 7 ადამიანს რა უნდა გიქნათო? კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, - ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, - რა ვქნა-მეთქი? დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, - აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, - მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი! ზედამხედველმა იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი, გავიდა და კარი მოა­ჯახუნაო. იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის - ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, - ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. - მეც მოვესწრები და - შენცო... ახლა მოვიდეს შევარდნაძე და მითხრას, - ასე მოხდა თუ არა? მამა გაბრიელს ლენინის ძეგლის დამხობა ხილვაში ჰქონია ნანახი. ერთხელ ვუთხარი, ლოცვებში რომ ამბობთ, "ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა..." - ეს ლოცვა რამდენად გულწრფელია-მეთქი? გაეღიმა. მკითხა: სახლში ყველაზე საყვარელი ვინ არის, ვისაც ყველანი ეფერებით? - ჩემი შვილი, ნიკოლოზი. - მისთვის ხომ ლოცულობ? - რა თქმა უნდა! - გარშემო მეზობლები ხომ გყავს: ზოგი კარგი, ზოგი ცუდი და ხომ ლოცულობ, რომ ყველანი შენკენ სიკეთით მოაქციო? საქართველოს გარშემო მტრები ცხოვრობენ, თვალი ყველას ჩვენზე უჭირავს, უნდა ვილოცოთ, რომ ყველანი სიკეთით მოექცნენ და დალოცვილო, ეს ერთი შევარდნაძე რაღა გახდა? ღმერთმა მაგისი გული სიკეთით აავსოს, გონება - სიბრძნით. საერთოდ, მთავრობა ღვთისგან დაგვედგინება; რა ჩიტებიც ვართ, ისეთი გალია გვაქვს. თქვენ გინდათ, პრეზიდენტი დავით აღმაშენებელი იყოს და ეკლესიაში რომ შეხვალთ, წმინდა ნიკოლოზი და იოანე ზედაზნელი მოგეგებონ, ეგრე სად არის? ილოცეთ და ისეთ მთავრობას მიიღებთ, როგორსაც დაიმსახურებთო.

- მას ხილვა აფხაზეთის დაკარგავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა, არა?

- მამა გაბრიელი ამბობდა, - საქართველო ღვთისმშობლის ეზო-მამულია, სად წაიღებენ? ალბათ ღვთისმშობელი ჩვენზე გაწყრაო. მერე ხილვას იხსენებდა: 2 მხედარი გამომეცხადა და თეთრ სახლში შემიყვანეს. ამ სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქიდან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო. ეს რომ ვნახე, შევძრწუნდი და უეცრად ხმა გაისმა: მოდის! მოდის! უკან მივიხედე და ღვთისმშობელი მოდიოდა, შორიახლო დადგა და მითხრა, ამ ხალხისთვის მევედრებით? მათ საკუთარი შვილების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. ღვთისმშობელი განრისხებული გახლდათ. პირველად ვიხილე და იცით, როგორი საშიში იყოო?! მაშინ ყველას დაგვავალა, დაწერეთ, ილაპარაკეთ, ლექციები ჩაატარეთ, იქადაგეთ, ნურავინ გაიკეთებს აბორტს - ეს მკვლელობაა; ერთი ბავშვიც რომ გადარჩეს, იცოდეთ, უფალი გაცხონებთო.

- საქართველოს მომავალზე რას ამბობდა?

- ეს ყველაფერი მშობიარობის პროცესს ჰგავს, ყველაფერი დასრულდება და საქართველო გაბრწყინდებაო. ანტიქრისტე დედამიწაზე ტახტს დაიდგამს, მაგრამ ეს საქართველოში არ მოხდებაო. არასდროს დამავიწყდება, მორიგი შეხვედრის დროს, ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით. უეცრად მამა გაბრიელი გაირინდა, თვალები და ხელები ხატისკენ აღაპყრო, ასე გარინდებული 15 წუთი მაინც იდგა. ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი? დედა პარასკევამ მანიშნა, არ დაელაპარაკოო. გარკვეული ხნის შემდეგ შემომხედა და მითხრა, უფალი მოდის, მთელი კოსმოსი ძრწის უფლის წინაშე. მთავრდება მატერიალური არსებობა. ამ ხალხს ჰგონია, სულ დალხენილი ცხოვრება იქნება. ამ ამბავს თქვენ მოესწრებით და მე კი თქვენს სიყვარულს ღმერთთან ავიტანო. იმასაც ამბობდა, ხანდახან უფალი ძალიან ახლოს მოდისო და ტიროდა. მე ერთი მორწმუნე კაცი ვარ, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ზურა ექიმი. როცა იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე ვიყავი, უფლის სიახლოვე იქ ვიგრძენი. ხანდახან უფალი მართლა ძალიან ახლოს მოდის, გინდება იტირო და მის წინაშე გაქრე, - ათონის მთაზე ყოფნისას ასეთი შეგრძნება მქონდა. მამა გაბრიელის საფლავზე ხალხი რწმენით მიდიოდა, ეს კი ქილიკის საგანი გახდა. ზოგი გაკიცხეს, გააშაყირეს. რწმენა ამშვენებს ადამიანებს და რატომ უნდა დაუშალო? მივიდეს და ილოცოს.

- მამა გაბრიელს სისხლი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აუღეთ და წლების შემდეგ ისევ უხრწნელია.

- ბოლოს ცუდად რომ იყო, გადავწყვიტე, სისხლის საკონტროლო ანალიზი გამეკეთებინა. ვუთხარი, - სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. მკითხა, - რათა? - ღვიძლის ფუნქცია უნდა გამოვიკვლიო, ჰემოგლობინი... - მე ეგ თქვენი ჰემოგლობინი სულ არ მაინტერესებს. - მე მაინტერესებს-მეთქი. - ჰოდა, თუ გაინტერესებს, თვითონ აიღეო, - გაეცინა. ხელზე მივეფერე. - მამა გაბრიელ, ახლა რამე რომ შემეშალოს, სწორი დიაგნოზი ვერ დაგისვა და ცუდად გახდე, ამისთვის ღმერთი დამსჯის და უარს ნუ მეტყვი-მეთქი. - ეს რა მითხარი, აიღე რამდენიც გინდაო და ხელი გამომიწოდა. ისე მოხდა, რომ სინჯარა, რომლითაც სისხლი მოგვქონდა, ხელიდან გაუვარდათ და დიდი ნაწილი დაიღვარა, მხოლოდ 2 გრამამდე დარჩა. უკან ვეღარ მივბრუნდი, პროცედურის ხელმეორედ ჩატარებას ვეღარ შევბედავდი. თბილისში რომ ჩამოვედი, მიკროანალიზის გასაკეთებლად ლაბორატორიის ძებნა დავიწყე. სინჯარა რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორიაში შეინახეს. ამ ამბიდან მესამე დღეს მამა გაბრიელი გარდაიცვალა. სინჯარა აღარ გაგვხსენებია. 4 წლის შემდეგ კოლეგამ - ნათია არაბიძემ დამირეკა: მამა გაბრიელის სისხლი უჯ­რაში რომ შევინახეთ, ახლა ვიპოვე, ისევ ისეაო. ეს სასწაულია, ანალიზი 2 ლაბორატორიაში ჩავატარეთ და ორივეგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ, - ახალაღებული სისხლის თვისებები ჰქონდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი სისხლი რამდენიმე საათის შემდეგ ხრწნას იწყებს. მერე პათანატომიის კათედრაზე მივედით და ეს ამბავი თამარ დეკანოსიძეს ვუთხარით. - ასეთი რამ არც წამიკითხავს, არც მსმენია და ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომხდარიყოო.

- დღეს ეს სინჯარა სად ინახება?

- დედა პარასკევასთან. თავის დროზე ეს ამბავი პატრიარქსაც მოვახსენეთ. ის გადაწყვეტილების მიღებისას არასდროს ჩქარობს. თქვა, - დავაკვირდეთ, ძალიან საინტერესო ფენომენია და ასე სწრაფად დასკვნას ნუ გავაკეთებთო.

- მამა გაბრიელთან ცხოვრების უკანასკნელ წუთებშიც თქვენ იყავით, თვალები თქვენ დაუხუჭეთ...

- დღის 3 საათზე მივედი. შეწუხებული იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ჩაჭედილი თიაქარი გახლდათ. ეს მანამდეც დაემართა, მაგრამ გავუსწორე, ოპერაცია არ დასჭირდა. განმეორებისას უფრო რთულად ჰქონდა. ვუთხარი, - ოპერაციის გაკეთება აუცილებელია-მეთქი. - ამ კელიიდან არ გავალ... 12 წლიდან მოგდევ, უფალო! დავიღალე, ამოიღე სული, დალოცვილოო! - თქვა და ამ სიტყვებით მიმანიშნა, რომ ჩემი, როგორც ექიმის საქმე, იქ აღარაფერი იყო. დღის განმავლობაში მას აგონია ჰქონდა, კვნესოდა და წმინდა ნიკოლოზის ხატს თვალს არ აშორებდა. მისი მაჯა ხელში მეჭირა. საღამოს 9 საათი იყო, როცა მიტროპოლიტი დანიელი მობრძანდა და სულის განმათავისუფლებელი ლოცვა წაუკითხა; როგორც კი კითხვა დაასრულა, მამა გაბრიელმა გამოიხედა, გაიღიმა და სული განუტევა. მისივე ანდერძის თანახმად, ჭილოფში გახვეული დაიკრძალა. გასულ კვირას მისი მოძღვრების საფლავები გაიხსნა. მამა გაბრიელი ამბობდა, - მამა გიორგის გულზე სახარება მე დავადე და რომ გახსნით, ისევ ისე დაგხვდებათო. მისი ეს წინასწარმეტყველებაც ახდა. მამა გაბრიელს თვალები მე დავუხუჭე და საფლავი რომ გახსნეს, იქ დავხვდი.

- მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მეოხია, ბევრი სასწაული მოუხდენია.

- თავისი მადლის გარეშე არც მე დამტოვა. არ მინდა შევაწუხო, რამე ვთხოვო, მაგრამ რაც კი წამომცდა, ყველაფერი შემისრულა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემს მეუღლეს ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციის დღეს ჩემმა დამ დამირეკა, - კუჭიდან სისხლდენა დამემართაო. მამა გაბრიელს ვთხოვე, ძალიან გამიჭირდა და დამეხმარე-მეთქი. მეუღლეს ოპერაცია გაუკეთეს, ჩემს დას წყლული მოუწვეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მამა გაბრიელი იმ ღამესვე გამომეცხადა. დავინახე, ჩემ გვერდით საწოლზე იწვა, თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. უცბად თვალები გაახილა და მითხრა, - წყალი დამალევინეო. სამზარეულოდან წყალი მივუტანე. ჯერ ერთი ყლუპი მოსვა, მერე ჭიქა გამომართვა და მთლიანად დალია. მერე წამოჯდა.

- ამ ყველაფერს ცხადში ხედავდით?

- დიახ. მერე ფეხზე წამოდგა, თავზე ხელი დამადო და ისე დამლოცა, როგორც პირველად, - "ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს!" ამ დროს ქუჩიდან ხალხის გუგუნის ხმა გავიგონე: მამა გაბრიელი აღსდგა! მამა გაბრიელი აღსდგა! ბახტრიონზე ვცხოვრობ და რომ გადავიხედე, მთელი ქუჩა ხალხით იყო სავსე. ოთახში რომ შევბრუნდი, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელი იქ აღარ დამხვდა. მერე მის ხატთან სანთელი დავანთე, დავმშვიდდი. ღამის 4 საათი გახლდათ. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი შვილი სასწავლებლად ლიტვაში მიემგზავრებოდა. ვურჩიე, - ხატებთან მიდი და კურთხევა სთხოვე-მეთქი. მითხრა, - ივერიის ღვთისმშობლის ხატზე მირონია გადმოსულიო. ვფიქრობ, მირონი მაშინ გადმოვიდა, როცა მამა გაბრიელის გამოცხადება მოხდა. ხატზე სამი მსხვილი წვეთი ახლაც ეტყობა, შემშრალია.

- დაბოლოს, რას გვეტყვით?

- მადლობა უფალს, რომ მამა გაბრიელის მკურნალი ექიმი ვიყავი. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა მართლმადიდებლურ სამყაროში არის ერთი წმინდანი, რომელსაც შენ პირადად იცნობდი და ის შენი პაციენტი იყო, რომელსაც ხელით შეხებიხარ. მამა გაბრიელის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება. ყველას უფალი შეგეწიოთ!

- ამინ!

თამუნა კვინიკაძე

"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანი, პროექტი შესთავაზა

მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა