"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - უკანონო მოსმენები გრძელდება?

"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - უკანონო მოსმენები გრძელდება?

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული კამპანიის შესახებ დღეს განაცხადა. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!".

ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

"ადრე ვფიქრობდით, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება. გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შს სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაამონტაჟეს ე.წ. შავი ყუთები მობილური ოპერატორების ოფისებში. არჩევნების შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ქვია მიყურადება და თვალთვალი. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოუსმინონ 21 000 ადამიანს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი და რეგულაცია არ არსებობს, კანონმდებლობა არ არის დახვეწილი", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას.

"ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს საქართველოში. ეხება ძალიან ცუდად და პრობლემურად, ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ერთი დიდი თვალის ქვეშ. ნამდვილად არ მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და ამ ქვეყანაში ვიღაცეებს, ვიღაცეები უთვალთვალებდნენ ყველას. ეს არანორმალურია და არაჯანსაღია. გვჭირდება სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის რეფორმების გატარება", - აცხადებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

კამპანიის ფარგლებში დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა. ასევე იგეგემება აქციების, დისკუსიების და კონფერენციების მოწყობა.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი", "ფონდი ლიბერალური აკადებია", "საქართველოს ეროვნული პლატფორმა", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და სხვები.

კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ინიცირებული ცვლილებების განხორციელებაზე მზაობას განაცხადებს, მაშინ ისინი პარლამენტთან ერთად კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია