"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"

"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას.

***

ჩემს რესპონდენტს ზოგი გაამტყუნებს, ბევრი ალბათ გაამართლებს. ამგვარ შემთხვევებში, ადამიანები უმეტესწილად, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ ხოლმე. ამ ქალმა კი გადაწყვიტა, საკუთარი თავიცა და თავისი ოჯახის დიდი ტკივილიც სააშკარაოზე გამოეტანა და არც ვინაობა დაემალა. დალი სეხნიაშვილი-მიქავა, როგორც თავად ამბობს, 7 ანგელოზისა და კიდევ ერთი - ზნედაცემული ანგელოზის დედაა. ყველაზე პატარები (ტყუპები) - 9 წლისანი არიან, ხოლო უფროსი, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, 21 წლის გულია, იგივე - ქეთი მიქავაა. ის თბილისში, ერთ-ერთ საუნაში მუშაობს და როგორც ამბობენ, კლიენტთა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს...

- ქალბატონო დალი, რამ გადაგაწყვეტინათ, თქვენი საწუხარი სააშკარაოზე გამოგეტანათ?

- ხომ გაგიგონიათ: კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო? მე რაც არ უნდა ვმალო და ვფარო, ქვეყნად თავი უკვე მოჭრილი მაქვს. ძალიან მიჭირს ჩემს საკუთარ შვილზე, ჩემს სისხლსა და ხორცზე საქვეყნოდ ლაპარაკი; ისიც მიჭირს, მას მეძავი რომ დავარქვა, მაგრამ სიმართლეს სად დაემალები?! ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ყველა ყველაფერს იგებს, სულ ბოლოს კი - ოჯახის წევრები, მაგრამ მე უკვე კარგა ხანია ვიცი, ჩემი შვილი როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს, რით სუნთქავს...

- რა იცით ქეთის შესახებ?

- ვიცი, რომ საბურთალოზე, ერთ-ერთ საუნაში მუშაობს; ვიცი, რომ ერთ ღამეში, საშუალოდ, 3-4 კლიენტს ისტუმრებს და ფულს ამით შოულობს... მოვა გამთენიისას, დაღლილ-დაქანცული, ჭამის თავიც აღარ აქვს; ლოგინზე მიეგდება და იძინებს. შუადღის 3-4 საათზე, ისევ გადის სახლიდან და ასე მეორდება ყოველდღე...

- როგორი ბავშვი იყო ქეთი?

- პატარაობისას, ძალიან საყვარელი და დამჯერი იყო. მოგეხსენებათ, 8 შვილი მყავს. პატარები სულ მაგის გაზრდილები არიან; ოჯახის საქმეშიც მეხმარებოდა. ქეთი ყველაზე უფროსია და ყველაზე მეტი ჯაფა მას ადგებოდა. დაუზარელი და ცოცხალი ბავშვი იყო... რომ წამოიზარდა, ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი... 13 წლისა, პირველად გაგვექცა სახლიდან. რამდენიმე დღე ვეძებდით, მერე ნათესავთან ვიპოვეთ და უკან დავაბრუნეთ... ბიჭივით იცვამდა, სვამდა კიდეც, კაცივით იგინებოდა... 14 წლისა გათხოვდა. ერთი საათის გაცნობილ, თავისზე 14 წლით უფროს კაცს გაჰყვა. თამამად ვიტყვი, რომ სუფთა და უმწიკვლო ჩაბარდა ქმარს. კარგი ადამიანი იყო ჩემი სიძე - განათლებული, სახელოვანი კაცი. ცოლს ხელისგულზე ატარებდა. ერთი წელი გაძლო მასთან, მაგრამ ვაი, იმ გაძლებას. ქმარს სცემდა, ამწარებდა. ამ ერთი წლის მანძილზე, რამდენჯერმე, პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს, რომ მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი... სიმართლე რომ გითხრათ, იყო თუ არა მისი ერთგული, ისიც არ ვიცი, მაგრამ მას რომ გაშორდა, მას შემდეგ უამრავი საყვარელი გამოიცვალა. ნახავდა ვინმე ახალ "კუროს", მერე იმის ყველა ძმაკაცს ლოგინში უწვებოდა...

- როგორ ფიქრობთ - რამ გამოიწვია ის, რომ ქეთი ასე ძლიერ შეიცვალა?

- არ ვიცი. ალბათ მეგობრებმა ან ცხოვრებამ... პატარაობისას ქეთიმ საკმაოდ იავადმყოფა; თუ რაიმე ბატონები არსებობს, ყველა თითქმის ერთბაშად შეხვდა. შეიძლება ამან მის ნერვულ სისტემაზე იმოქმედა: ოდნავ გაბრაზდება თუ არა, თავს ვეღარ აკონტროლებს, - შეუძლია ყველაფერი დალეწოს და თავზე დაგვამხოს.

- არ გიცდიათ, როგორმე გემოქმედათ მასზე? ან მშვიდად დალაპარაკებოდით, ან ეკლესიაში წაგეყვანათ...

- მე მორწმუნე ადამიანი ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვლოცულობ იმისთვის, რომ ჩემი ქეთი ჭაობიდან ამოვიყვანო, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამომდის. რაც შეეხება საუბარს - მასთან დალაპარაკება არ შეიძლება: არ მისმენს, იგინება, სახლიდან გარბის. ერთხელ, წმინდა გიორგის ხატთან მივიყვანე, სანთელი დავანთე და ვთხოვე, ელოცა. სულ გაგიჟდა: ხატს სულ ზედ აფურთხა და არანორმალური მეძახა... ერთხელ, ახლობლები გვესტუმრნენ. უხეშად მომმართა მათი თანდასწრებით. შვილო, დედა ვარ შენი, ასე რატომ მექცევი-მეთქი? - რით ვერ გაიგო ამ იდიოტმა ქალმა, რომ ყველა ბოზს პატიოსანი ხალხი ეჯავრებაო?! - სტუმრებს მიუბრუნდა ქეთი... სახლში როდესაც მოდის, ყველანი ვუყვარვართ, და-ძმებს ეფერება, საჩუქრებიც მოაქვს პატარებისთვის; სახლიდან გავა თუ არა, ყველანი ვავიწყდებით: შეუძლია, კვირაობით არ მოვიდეს შინ და არც იდარდოს იმაზე, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. ამჟამად, ფაქტობრივად, მთელ ოჯახს ის ინახავს.

- იქნებ, გაჭირვებამ აიძულა, ამ გზას დასდგომოდა?

- არა, გამორიცხულია. როცა მან ასეთი ცხოვრება დაიწყო, ჩვენ მატერიალურად არ გვიჭირდა, პირიქით - საკმაოდ წელგამართულებიც ვიყავით. მას ასეთი ცხოვრება მოსწონს. დარწმუნებული ვარ: სამსახურიც რომ ვუშოვოთ ნორმალურ დაწესებულებაში, მაინც დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.

- რომ გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც შეიყვარებდა, იქნებ, მის მიმართ ერთგულებაც გამოეჩინა?

- ასეთი ადამიანი არსებობს: ქეთის უყვარს, მაგრამ მისი ერთგული მაინც არ არის. თითქმის ორი წელია, მასთან მეგობრობს. იმანაც იცის, ქეთი რით სუნთქავს. უკმაყოფილებაც მოსდით ხოლმე ამის გამო, ცემა-ტყეპამდეც კი მიდის საქმე, მაგრამ თავს იმართლეს - სულით კი არ გღალატობ, ეს ჩემი ხორცია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვეპყრობიო?! - ეს არის ჩემი სამსახური, სადაც ვალდებული ვარ, მივიდე და ვიმუშაო, შენ კი, მიყვარხარ და შენი გულისთვის თავსაც გავწირავო, - ეუბნება... ერთხელ, ქეთიმ თავის საყვარელ ადამიანზე იეჭვიანა და ვენებგადახსნილი, ძლივს გადავარჩინეთ. უამრავი ჭრილობა მიაყენა თავს ამის გამო.

- მეგობრები თუ ჰყავს?

- ჰყავს, მაგრამ წესიერი და დალაგებული ცხოვრების მქონე - არავინ. ისე, მეგობრების გატანა და მათთვის თავდადება, ქეთის ყველაზე დადებითი თვისებაა. მათი გულისთვის, წარმოუდგენელი საქმის გაკეთებაც კი შეუძლია. ქეთი კეთილია, საოცრად თბილი და მიმნდობი. ერთხელ, გვიან ღამით ქუჩაში დაუნახავს გოგონა რომელიც ხეზე მიყრდნობილი ტიროდა. მოეფერა დაუყვავა და შინ მოიყვანა. თვეების მანძილზე ცხოვრობდა ქეთისთან. არ გეგონოთ, კითხვებით შეუწუხა გული - ვინ ხარ, რატომ ტიროდი, ან შინ რატომ არ მიდიხარო?.. ის გოგონა ისე წავიდა, მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

- თქვენმა მეუღლემ თუ იცის ეს ყველაფერი?

- არა. მინდა, ჩემს მეუღლეს დიდი ბოდიში მოვუხადო, რადგან სიმართლეს ვუმალავდი. ამ კაცს ყველა ნაცნობი პატივს სცემს და, როგორც პატიოსან ადამიანს, ისე იცნობს. აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, ამიტომ, შვილების აღზრდაში მონაწილეობა ვერ მიიღო; ეს საქმე მთლიანად მე მომანდო, მე კი, საუბედუროდ, ვერ გავუმართლე... თუ ასე გულღიად გესაუბრებით, ეს კიდევ იმიტომ, რომ მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა: ქალები ხშირად ხუჭავენ თვალს შვილების უმსგავს საქციელზე, ქმრებს უმალავენ სიმართლეს, შემდეგ კი, ჩემსავით სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს სატანა დაეპატრონა და ვერაფრით მომიხერხებია, რომ ხელიდან გამოვგლიჯო.

- ასეთი ცხოვრების წესი მის ჯანმრთელობას არ დაეტყო?

- ვენერიული დაავადებით ქეთი არასოდეს ყოფილა დაავადებული. ისე, რამდენჯერმე სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. ცუდად ხდებოდა ზუსტად იმ დღეს, როცა ყველაზე დიდი საეკლესიო დღესასწაული იყო... ვერცერთი დედა ვერ გაიმეტებს შვილს სასიკვდილოდ. მეც, მუხლებზე დაცემული ვევედრებოდი ღმერთს - ჩემი ქეთი დამიბრუნე-მეთქი, თან ვამბობდი: ახლა მაინც მოვა გონს და გამოსწორდება-მექთი, მაგრამ მტერსა და ავს ჰქონდეს ისეთი საწუხარი, მე რომ მაქვს.

- თავად ქეთის თუ გასჩენია სურვილი, ოდესმე თქვენთვის გადაეშალა გული?

- იშვიათად. ყოფილა შემთხვევა, თავისი ცხოვრებიდან რაღაც ამბავიც მოუყოლია. თუ ნასვამია, ზოგჯერ შეიძლება იტიროს კიდეც; თითქოს ნანობს თავის საქციელს, მაგრამ შემდეგ ისევ ავიწყდება, ერთხელ შევთავაზე: ერთი ქალი გამოლოცვებს აკეთებს და წაგიყვან, იქნებ რაიმე გიშველოს-მეთქი? ვერაფრით დავითანხმე, რამდენიმე ხნის შემდგე, ჩემი ყურით მოვისმინე, თავის მეგობარს რომ ეუბნებოდა: რომ გამომილოცონ, ვიცი, შევიცვლები და სხვანაირად ვიცხოვრებ, ამიტომ არ მინდა, დედაჩემს რომ გავყვეო... კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: გაბრაზებულმა (უკვე მერამდენედ, არ ვიცი), ბოთლი დაამსხვრია და ვენები გადაიჭრა. შველა გვინდოდა, მაგრამ სახლიდან გაგვექცა. სისხლი თქრიალ-თქრიალით მოსდიოდა. დიდხანს ვეძებდით, ბოლოს, ეკლესიაში მივაგენით: მისულა და შველა უთხოვია, მღვდლებს კი, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, შეშინებულები პირჯვარს იწერდნენ და - ღმერთმა შეგინდოსო, - მარტო ამის თქმასღა ახერხებდნენ...

- ვინ მიიყვანა ქეთი საუნაში სამუშაოდ?

- თავისმა მეგობარმა. ერთადერთი, რაც იმ ქალის შესახებ ვიცი, ის არის, რომ 16 წლიდან, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. კანონიერი ქურდის შვილია. დღეს 30-ს კარგა გვარიანად გადაცილებულია და კვლავ ქეთის მეგობრად რჩება. მამამისი კი, ამ რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.

- ის ქალები, რომლებიც ფულს ასეთი გზით შოულობენ, ყველაზე ხშირად, ამის მიზეზად, სიდუხჭირეს ასახელებენ და ამბობენ: ფულს მოვაგროვებთ, რაიმე საქმეს წამოვიწყებთ და სხვანაირად ვიცხოვრებთო... ქეთის არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ?

- არასოდეს. იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფულის სიყვარულმა დააყენა ასეთ გზაზე: უზომოდ ბევრს ხარჯავს. თუ ფული აქვს, არ ენანება, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მამაკაცს უთქვამს: ოღონდ ჩემთან იყავი და არაფერს მოგაკლებ, მანქანას გიყიდი, ცალკე ბინას შეგიძენ, ფულიც თავზე საყრელად გექნებაო, - მაგრამ მაინც ძველებურად ცხოვრება არჩია; გამოდის, რომ მოსწონს ნაირ-ნაირ კაცთან ურთიერთობა და უზნეო ქცევა... ერთხელ ვკითხე; ის მაინც გამაგებინე, როგორ უძლებ ამდენ კაცს, ნუთუ არ გბეზრდება-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? - ყველა, შენნაირი ხე და რკინა ხომ არ გგონიაო... ვფიქრობ, რომ მეძაობა, მისი მოწოდებაა, სიამოვნებას ჰგვრის და სურვილიც არ აქვს, ამ ჭაობიდან ამოვიდეს. არც რაიმე სინანულის გრძნობა აქვს და არც ცდილობს თავისი ცოდვილი სულის გადარჩენას. შესაძლოა, გავიდეს წლები და მწარედ ინანოს, მგარამ უკვე გვიანი იქნება.

- თქვენი დანარჩენი შვილები რას ამბობენ ქეთის შესახებ?

- ბავშვებს უზომოდ უყვართ თავიანთი და. მოზრდილები, საკმაოდ განიცდიან მის მდგომარეობას. ქეთი იმდენსაც ვერ ხვდება, რომ თავისი ქცევით, უმცროსებსაც უმრუდებს ცხოვრების გზას. 8 შვილიდან, 7 გოგო მყავს. უფროსი, ცუდი მაგალითის მიმცემია მათთვის და მეშინია, ისინიც ამ გზას არ დაადგნენ. ესეც რომ არ იყოს, სერიოზული და ნორმალური ოჯახის შვილი არავინ ახლოს არ გაეკარება ჩემს გოგოებს: მეძავი დის პატრონს ვინ ითხოვს?!. ასე რომ, ქეთი მარტო თავის თავზე არ უნდა ფიქრობდეს. მის უკან დგას მამა, რომლისთვისაც ამ ამბის გაგონება, უზარმაზარი დარტყმა იქნება; დედა, რომელიც დღე და ღამე მისთვის ლოცულობს და 7 და-ძმა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს და უკვე უზარმაზარ ტვირთს ატარებს. თუმცა, ქეთის ეს ნაკლებად აღელვებს; მისი მომდევნო გოგო, 19 წლის არის და ქეთი საყვედურობს: რომ დამჯდარხარ სახლში და გულხელი დაგიკრეფია, - გადი და შენც ისევე იშოვე ფული, როგორც მე ვშოულობ; რით ხარ ჩემზე მეტი, ჩემს კმაყოფაზე რატომ უნდა იჯდეო?!..

P.S. მე თვითონ, რამდენჯერმე შევხვდი ქეთის. ლამაზი, თბილი გოგონაა. თავად რომ არ ჰყვებოდეს გულწრფელად საკუთარი ცხოვრების შესახებ, ვერც წარმოიდგენ, რომ ამ გზას დასდგომია. ქალბატონი დალის მონაყოლი, დედის გულისტკივილით არის ნაკარნახევ და შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში მცდარიც კი იყოს, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რა ცეცხლი ანთია ამ გოგონას გულში... ღმერთი იყოს მისი მფარველი; უფლის წყალობა მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ კი, თუ გულახდილი საუბრის სურვილი გაუჩნდება, მზად ვართ, ქეთის აღსარებასაც დავუთმოთ ჟურნალის ფურცლები...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#20 16.05.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია