ბეზრუკოვის თეატრს თბილისში სპექტაკლის გაუქმების შესახებ უკვე აცნობეს

ბეზრუკოვის თეატრს თბილისში სპექტაკლის გაუქმების შესახებ უკვე აცნობეს

ყველაზე საშინელება ის არის, როდესაც კულტურის მუშაკები პოლიტიკურ ავანტიურაში ერევიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა რუსეთის კულტურის მოღვაწეების (მათ შორის, სერგეი ბეზრუკოვის, ნიკოლოზ ცისკარიძეს, ზურაბ წერეთელის) მიერ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი განცხადების მიღებისა და ამის გამო თბილისში დაგეგმილი ბეზრუკოვის თეატრის ტურნეს გაუქმების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

ოქიტაშვილის თქმით, მან თეატრის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, მაისში ბეზრუკოვის სპექტაკლის თბილისში გაუქმების და ამის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

"ბეზრუკოვის თეატრის დირექტორს ოფიციალურად მივწერე. პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ რა პასუხიც არ უნდა გვითხრან, მე ნაკლებად მაინტერესებს. ყველაზე საშინელება ისაა, როდესაც კულტურის მუშაკები პოლიტიკურ ავანტიურაში ერევიან. ჩემთვის გასაოცარი იყო ბეზრუკოვის ეს განცხადება, იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას მან სულ სხვა განცხადება გააკეთა და დაგმო ის, რაც უკრაინაში ხდებოდა. მაგრამ რა მოხდა გუშინ და რატომ მიიღეს ასეთი განცხადება, არ ვიცი, თუმცა, ვიცი ის, რომ არასოდეს ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერ საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს არის იგივე, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად რუს მსახიობს ჰქონდა და ეს ქართული მხარის ინიციატივა არ ყოფილა.

დავით ოქიტაშვილს გული წყდება იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერ განცხადებას ხელს ბევრი საპატივსაცემო ადამიანი აწერს, თუმცა აცხადებს, რომ მისი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ ახლა რადიკალურად შეიცვალა.

რუსეთის კულტურის მოღვაწეები უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ. ხელოვანების მხარდამჭერი განცხადება რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"როდესაც ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი წყდება, რუსეთის კულტურის მოღვაწეები ვერ იქნებიან მხოლოდ გულგრილი დამკვირვებლები. ჩვენი საერთო ისტორია, საერთო ფესვები, კულტურა, სულიერება, ფუნდამენტური ღირებულებები და ენა, სამუდამოდ გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ხალხს და კულტურას ჰქონდეს მომავალი. სწორედ ამიტომ ვუცხადებთ მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასთან, ყირიმთან დაკავშირებით", - ნათქვამია მიმართვაში.

ამ ეტაპზე მხარდამჭერ განცხადებას 86 ხელოვანი აწერეს ხელს. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია