თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში

თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში

3-4 კვირაში თბილისის გზებზე არსებული პრობლემები მოგვარდება - ასე პასუხობენ ასფალტის საფარის მდგომარეობით აღშფოთებულ მძღოლებსა და საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერიაში და აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარებას ხელს უამინდობა უშლის და არა თანხის უქონლობა, ან საზოგადოებაში უკმაყოფილების დათესვის მცდელობა, რასაც მათ ბევრი აბრალებს.

ქალაქის ქუჩებში "იამკების" მომრავლებასა და ამაზე ურეაქციობას ბოლო დროს როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები აქტიურად აპროტესტებენ და მერიას სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებენ - საკრებულოს წევრები ქალაქის ხელისუფლებას საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებენ, მოქალაქეები კი - ასფალტის საფარის უხარისხოდ დაგებაში, "ფულის მოტეხვასა" და გულგრილობაში.

"ბოლო დროს თბილისში მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ქუჩების უმეტესობა საშინელ დღეშია. იმის გარდა, რომ საშინელი საცობების ატანა გვიწევს, თურმე "იამკებიც" უნდა ავიტანოთ. გზები დანგრეულია, თან ისეთ ქუჩებზე, სადაც, ზუსტად მახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ დააგეს. რა ენაღვლებათ, ყოველ წელს დააგებენ. ამ საქმეში ხომ ფულის მოტეხვა ყველაზე ადვილია.

"ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ უნდა გააკეთოს? დროზე მიხედონ საქმეს, სანამ სულ დაგვენგრა ნერვებიც და მანქანებიც", - უთხრა "რეზონანსს" ბატონმა ლევანმა, რომელსაც მძღოლობის 13-წლიანი სტაჟი აქვს.

მთელი თბილისის მასშტაბით, გზის საფარის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია და კონკრეტულ მაგალითად ქუთაისის ქუჩა მოჰყავს. მისი თქმით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და იგი 64 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად, გზებზე სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

სამუშიას განცხადებით, თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობა საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, რადგან დედაქალაქში არ დარჩა არც ერთი უბანი, სადაც გზის საფარი დაზიანებული არ არის.

დეპუტატმა ასევე ხელოვნურად გაჭიანურებული ტენდერის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამგეობები, ამჟამინდელი ხელისუფლების თითქოსდა უუნარობის წარმოჩენას ამ გზით ცდილობენ.

ჯაბა სამუშია ასევე აცხადებს, რომ 7 მარტამდეც, ანუ სანამ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა, 1/12-ის პრინციპით ხარჯვის პირობებშიც და დღესაც, როდესაც თბილისს უკვე ბიუჯეტი აქვს, მერიას პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი სახსრები ჰქონდა.

"მერია სამუშაოების დაწყებას ხელოვნურად აჯანჯლებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საქმე საბოტაჟთან ან რაიმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს. მივმართავ მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს, სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და აღნიშნული პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიწყოს. არ შეიძლება თბილისი დაემსგავსოს ქალაქს, სადაც მანქანით გადაადგილება არა კომფორტი, არამედ დიდი ტვირთია", - აღნიშნა სამუშიამ.

მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სამუშაოები, 11 ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს. მათი თქმით, დღისით, ცენტრალურ ქუჩებზე, ტრანსპორტის სიმრავლიდან გამომდინარე, მუშაობა შეუძლებელია, ამიტომ ღამის საათებში მუშაობენ. გარეუბნებში კი სამუშაოები დღისითაც მიდის.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ყოჩიაშვილმა ის ქუჩებიც ჩამოგვითვალა, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია. ესენია: სარაჯიშვილის ხიდი, ხიზანიშვილის ქუჩა გლდანში, ბაგრატიონის, ცაბაძის, ჯავახეთის ქუჩები, დავითაიას ქუჩა ისანში, ვაზისუბნის დასახლება, თაბუკაშვილი, ლერმონტოვი.

ანუ, ყოჩიაშვილის თქმით, კომპანიები, რომლებმაც ტენდერებში გაიმარჯვეს და რომლებთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ათივე რაიონში მუშაობენ.

სამუშაოების ყველაზე დიდ ხელისშემშლელად კი კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა ნალექი დაასახელა. მისი თქმით, წვიმიან და თოვლიან ამინდში მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია და ამ დროს უფრო მეტი ორმო ჩნდება. ხოლო რაც შეეხება თანხის უქონლობას, მისი თქმით, ეს მიზეზი არაფერ შუაშია და გზების შესაკეთებლად თანხა საკმარისია.

"თბილისელები ქუჩაში რომ გაივლიან, თავადაც დაინახავენ, რამხელა სამუშაოებია გაჩაღებული. დაახლოებით 3-4 კვირაში ამ პრობლემას მთლიანად მოვაგვარებთ. თუ, რა თქმა უნდა, წვიმიანმა ამინდმა ხელი ისევ არ შეგვიშალეს. როგორც გითხარით, ნალექიან ამინდში საგზაო სამუშაოების წარმოება შეუძლებელია", - გვითხრა ყოჩიაშვილმა.

ჩვენთან საუბარში მან ასევე უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ასფალტი თავის დროზე უხარისხოდ დაიგო და ორმოები მალევე გაჩნდა. მისი თქმით, პრობლემები მხოლოდ იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ასფალტი 10-12 წლის წინაა დაგებული და ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა.

"მაგალითად, თბილისის ზღვის შემოვლით 13-კილომეტრიან გზაზე, რომელიც 4 წლის უკან დავაგეთ, ერთ ორმოსაც ვერ ნახავთ. ასევე იპოდრომის მიმდებარე გზას, რომელიც 2 წლის წინ გაკეთდა, ხარვეზს ვერ უპოვნით. მანახეთ ორმო აღმაშენებლის ხეივანზე, რომელიც 8 წლის წინ გაკეთდა. ყველა გზა, სადაც ნალექისა და ყინვისგან გაჩენილ ორმოებს შეხვდებით, მინიმუმ 10-12 წლის წინაა დაგებული.

"სოციალურ ქსელებში ხშირად კითხულობ, 1 წლის წინ გააკეთეს გზები და რატომ გაფუჭდაო, გარანტია 15-20 წელი უნდა ჰქონოდესო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო-საგზაო ნორმების შესაბამისად, 15-20 წლიანი გარანტია არ არსებობს. ნორმების მიხედვით, საექსპლუატაციო ვადა 4-5 წელია. ზოგ შემთხვევაში 6 წელიც. გააჩნია ადგილმდებარეობას, ასფალტის სისქესა და გზის დატვირთვას. ამის შემდგომ კი გზების მოვლა-პატრონობა, ანუ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ჩვეულებრივი პროცესია", - განაცხადა ყოჩიაშვილმა.

თაკო მათეშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია