რუსი მსახიობის 50-მილიონიანი ქონებისთვის ორი ქართველი იბრძვის

რუსი მსახიობის 50-მილიონიანი ქონებისთვის ორი ქართველი იბრძვის

ცნობილ საბჭოთა მსახიობს, ალექსანდრე შალვას ძე პოროხოვშიკოვს შვილი არ ჰყავდა. ის 2012 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, ერთი თვით ადრე კი მისმა მეუღლემ თავი მოიკლა. მსახიობს ანდერძში მითითებული ჰქონდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ მისი მეუღლე უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა ორივეს გარდაცვალების გამო მემკვიდრეობის საკითხი ღიად დარჩა... 2013 წლის ოქტომბერში მოსკოვის ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ მსახიობის მემკვიდრედ ჩვენი თანამემამულე, შალვა ბარაბაძე ცნო - როგორც გარდაცვლილის ნახევარძმა. მან ქონების ნაწილობრივ განკარგვის უფლებაც მოიპოვა...

პოროხოვშიკოვს სოლიდური ქონება დარჩა: 2 ბინა მოსკოვის ცენტრში, აგარაკი რუბლიოვკაზე (რომელსაც მილიონერების უბანს ეძახიან) და სახლი არბატზე, რომელიც 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. უძრავი ქონების გარდა, რომელიც 50 მილიონად არის შეფასებული, მსახიობს საზღვარგარეთ მცხოვრები მდიდარი ნათესავებისგან (დედის მხრიდან) მემკვიდრეობაც ერგო. ამბობენ, რომ საბანკო ანგარიშებზე სოლიდური თანხაც ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ მემკვიდრეობის განკარგვის საკითხი შალვა ბარაბაძემ ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან გამოჩნდა მეორე ქართველი - შოთა შანიძე, რომელიც ასევე აცხადებს, რომ პოროხოვშიკოვის ნახევარძმაა და ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს. მან ფილმიც კი გადაიღო მსახიობთან თავისი ნათესაური კავშირის შესახებ. ფილმში "ჭეშმარიტება" თავად პოროხოვშიკოვი აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური მამა შოთა შანიძე (უფროსი) გახლდათ. სწორედ ამ ფაქტის გამო სასამართლო ემზადება ახალი საქმის მოსასმენად, რომელმაც შოთა შანიძისა (უმცროსის) და ალექსანდრე პოროხოვშიკოვის ნათესაური კავშირი უნდა დაადგინოს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ალექსანდრე პოროხოვშიკოვი დაიბადა 1939 წელს. ამ დროს დედამისი - გალინა პოროხოვშიკოვა გათხოვილი იყო ქართველ ექიმზე, შალვა ბარაბაძეზე (უფროსი). ბავშვს გვარი - "ბარაბაძე" მიანიჭეს და მამის სახელად შალვა ჩაუწერეს. მოგვიანებით, შალვა (უმცროსი) სამამულო ომში წავიდა, მალევე დაიჭრა და მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა გალინა ამ დროისთვის უკვე ცნობილ მევიოლინესთან, შოთა შანიძესთან ცხოვრობდა. განაწყენებული შალვა თბილისში დაბრუნდა, შექმნა ოჯახი და შეეძინა შვილი, ისიც - შალვა ბარაბაძე, რომელიც ახლა 67 წლისაა... გალინას არც შოთასთან აეწყო ურთიერთობა... შოთაც თბილისში დაბრუნდა, ქეთევან წეროძეზე იქორწინა და შეეძინა შვილი, ისიც - შოთა შანიძე.

ამის შემდეგ გალინა მესამედ გათხოვდა და ცოლად მიხაილ დუდინს გაჰყვა. ალექსანდრე მთელი ცხოვრება მამად სწორედ მიხაილს მიიჩნევდა, რადგან მამინაცვალმა საკუთარი შვილივით აღზარდა. მოგვიანებით, გალინას დაჟინებული მოთხოვნით, საშამ გვარი - "ბარაბაძე" გამოიცვალა და დედის გვარი - "პოროხოვშიკოვი" აიღო, მამის სახელი კი იგივე დარჩა. თავის ახირებას გალინა იმით ხსნიდა, რომ ბარაბაძეზე გაბრაზებული იყო, რადგან შვილი მიატოვა და არ სურდა, საშას უღირსი მამის გვარი ეტარებინა... სიკვდილის წინ კი გალინამ შვილს გაუმხილა, რომ მისი ნამდვილი მამა არა ბარაბაძე, არამედ ცნობილი მევიოლინე, შოთა შანიძე იყო.

დამეთანხმებით, ძალზე ჩახლართული ამბავია. სიმართლე გალინა პოროხოვშიკოვამ იმ ქვეყნად წაიღო, ოჯახს კი თავსატეხი გაუჩინა.

სერგეი ჟორინი, ალექსანდრე პოროხოვშიკოვის ინტერესების დამცველი, ადვოკატი:

-  მაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ შალვა ბარაბაძე ალექსანდრე პოროხოვშიკოვის ბიოლოგიური მამა არ ყოფილა. დედამ საშას სიკვდილის წინ გაუმხილა, რომ შოთა შანიძის შვილი იყო. თუ მათ ფოტოებს შეადარებთ, მიხვდებით, რომ ეს სიმართლესთან ახლოსაა. შენახულია გალინას წერილებიც, სადაც წარწერილია: "საშა, მამაშენი იყო არა შალვა ბარაბაძე, არამედ შოთა შანიძე". თუმცა ნათესაური კავშირის დამტკიცება მხოლოდ გენეტიკურ ანალიზს შეუძლია. ამ მიზეზით ბარაბაძის მემკვიდრედ ცნობის პროცესი შეჩერებულია.

არც შალვა ბარაბაძე და არც შოთა შანიძე პირადად არ შეხვედრიან მსახიობს. ბარაბაძე ამბობს, რომ როდესაც საშა ავად იყო, საავადმყოფოში მის სანახავად მივიდა, მაგრამ არ შეუშვეს... შოთა შანიძე კი საშასთან სკაიპით ურთიერთობდა და შეხვედრასაც გეგმავდნენ, მაგრამ ვერც მან მოახერხა ეს.

შოთა შანიძე:

-  მამაჩემი, შოთა შანიძე სამტრედიაში დაიბადა. იქიდან მოსკოვში გაემგზავრა 1936 ან 1937 წელს. დაამთავრა კონსერვატორია და იქვე მოღვაწეობდა. მკაცრი ბუნების ადამიანი გახლდათ. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და დედაჩემზე - ქეთევან წეროძეზე იქორწინა. ის გახლდათ მამაჩემის ერთადერთი მეუღლე. მამა 80 წლისა, 1996 წელს გარდაიცვალა. დიაბეტი ჰქონდა და სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ფეხიც მოჰკვეთეს. საშასაც ეს დაავადება აღმოაჩნდა, მასაც ფეხი მოჰკვეთეს.

-  მამას თუ უთქვამს, რომ შვილი ჰყავდა მოსკოვში ან თავად თუ იცოდა?

-  ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც ის ვიცი, თავად იცოდა თუ არა, შვილი რომ ჰყავდა მოსკოვში. მისი დუმილის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ დედას უფრთხილდებოდა. ძალიან უყვარდა მეუღლე...

-  თქვენ როგორ შეიტყვეთ ძმის არსებობის შესახებ?

-  2000 წელს ჩემი ბიძაშვილი მოვიდა და ახალი ამბავი მოგვიტანა. საიდან გაიგო, არ ვიცი. მაშინ ყურადღება არ მივაქციე, თუმცა სულ მახსოვდა მისი ნათქვამი... წლების შემდეგ, შინ მისულმა მაგიდაზე გაზეთი შევნიშნე. სათაურში დიდი ასოებით ჩემი გვარი ეწერა. მაშინვე ჩემი ბიძაშვილის ნათქვამი გამახსენდა. დიდი სტატია იყო, სადაც ჩემი ძმა, საშა, თავის ქართულ წარმომავლობაზე ლაპარაკობდა და ამბობდა, მამაჩემი შოთა შანიძე იყოო.

-  რა მტკიცებულებები გაქვთ, რომ საშა ნამდვილად თქვენი ძმა იყო?

-  საშა ამბობს, რომ მამამისი შანიძე იყო. მე გადავიღე დოკუმენტური ფილმი "ჭეშმარიტება", სადაც ამის შესახებ ჰყვება.

-  ძმის ნახვა მოახერხეთ?

-  კარგა ხანს ვერ ვბედავდი მასთან დაკავშირებას. ტელეფონის ნომერი დავადგინე, მაგრამ ხომ არ დავურეკავდი და ვეტყოდი, შენი ძმა ვარ-მეთქი? როგორც ვიცი, მან ჩემზე ადრე იცოდა, რომ ვარსებობდი და არ დამკავშირებია. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დავურეკე... როცა ვუთხარი, ვინც ვიყავი, ვიგრძენი, რომ ცუდად გახდა. მთხოვა, ნახევარ საათში დამირეკეო. რომ დავრეკე, მითხრა, კომპიუტერით მინდოდა შენთან დალაპარაკება, მაგრამ ვინაიდან ამის არაფერი გამეგება, ღამით, 2-ის ნახევარზე დარეკე, ირინა (ცოლი) შინ იქნება და დამეხმარებაო. დავურეკე. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, მერე ელექტრონული ფოსტის მისამართები გავცვალეთ და მითხრა, აუცილებლად შევხვდებითო. ამის შემდეგ ერთმანეთს სკაიპით ვეკონტაქტებოდით. მთელი მიმოწერა შენახული მაქვს. ისე გარდაიცვალა, ვერ ვნახე, რადგან მეც პრობლემები მქონდა და ამის გამო დაკრძალვაზეც ვერ მოვახერხე ჩასვლა.

-  რუსულ პრესაში წერდნენ, რომ თქვენ უარს ამბობდით მემკვიდრეობაზე.

-  ეგ ინფორმაცია ჩემმა ბიძაშვილებმა გაავრცელეს ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. მეორეც, როდესაც გავიგე, რომ საშას მემკვიდრედ სასამართლომ ის ადამიანი ცნო, რომელსაც მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არა აქვს, გავბრაზდი. არადა, საშას ბიძაშვილს, ალა დიმიტრიევას, რომელიც ჩემს ძმას სიცოცხლის ბოლო წლებში უვლიდა, არაფერი ერგო. საშას მამის სახელად "შალვა" ეწერა და ამას ჩაებღაუჭნენ. სინამდვილეში, გალინა მამაჩემისგან იყო ფეხმძიმედ, როცა ბარაბაძეს მისთხოვდა. რადგან ბავშვი შალვასთან ცხოვრების დროს გაჩნდა, გვარადაც "ბარაბაძე" მისცეს. მოგვიანებით კი დედამისმა აიძულა საშა, დედის გვარი მიეღო. შევეცდები, დავამტკიცო, რომ საშას ძმა მე ვარ.

-  წერენ, რომ თქვენ ცხედრის ექსჰუმაციასა და გენეტიკურ ანალიზს ითხოვთ.

-  არა, ექსჰუმაციას არ ვითხოვ. ეს არ არის აუცილებელი, რადგან სხვა მტკიცებულებები მაქვს ჭეშმარიტების დასადგენად და მალე გამოვაჩენ...

-  თუ ნათესაურ კავშირს დაამტკიცებთ, საკმაოდ დიდ ქონებას მიიღებთ...

-  დიახ, მაგრამ მთლიანად არ მივისაკუთრებ. დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში დავხარჯავ - იმ სახლს, რომელიც 49-წლიან მფლობელობაში ჰქონდა საშას, ქართულ-რუსული ურთიერთობის განვითარებისთვის გამოვიყენებ.

შევეცადეთ, შალვა ბარაბაძესაც დავკავშირებოდით, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა... გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე ხნის წინ რუსულ გამოცემა "ექსპრეს-გაზეტაში" დაიბეჭდა:

-  ადრე ხშირად დავდიოდი მოსკოვში. პროფესიით ქიმიკოსი ვარ, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი. მივლინებებით მიწევდა ჩასვლა. არბატზე ვმუშაობდი და ამ ძველ სახლსაც, რომელიც მემკვიდრეობით მერგო, ჩავუვლიდი ხოლმე, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ჩემი ძმის იყო. 2002 წელს, შემთხვევით გავიგე, რომ ნახევარძმა მყავდა. მამას სიცოცხლეში არაფერი მოუყოლია.

-  თუ შეხვდით ძმას?

-  სამწუხაროდ, ვერ შევხვდი... როცა გავიგე, რომ ჩემი ძმა იყო, ტელეფონის ნომერი გავიგე და დავურეკე...

-  რა განცდა გაქვთ, რომ ასე მოულოდნელად დიდი მემკვიდრეობა მიიღეთ?

-  ადამიანი აღარ არის და რა სიხარულს უნდა განვიცდიდე? ამასთან, გარემოებები, რომლითაც მემკვიდრე გავხდი, არ არის სასიამოვნო... მადლიერებით მივიღებ ქონებას: ღირსეულ ძეგლებს დავდგამ ალექსანდრესა და ირინას საფლავებზე.

P.S. ამ რთულ საქმეს ალბათ, სასამართლო მოჰფენს ნათელს და დაადგენს, ვინ არის ალექსანდრე პოროხოვშიკოვის 50 მილიონად შეფასებული ქონების მემკვიდრე.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია