Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა თაღლითური სქემა, რომელსაც ვინმე ქეთი მეგობრებთან ერთად იყენებს. სქემის მიხედვით, ის სხვადასხვა ორგანიზაციებს სტუმრობს, ამბობს, რომ ფრანგული კომპანიის "ლაფაეტის" წარმომადგენელია, თან დააქვს შავი ჩანთა და სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელიც ყალბი და ვადაგასულია.
პროდუქციას რეალურ ღირებულებასთან შედარებით 70%-იანი ფასდაკლებით ყიდის და ამბობს, რომ 15 აპრილს რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე "ლაფაეტის" წარმომადგენლობა გაიხსნება და პროდუქციის შეძენით, აღნიშნულ ბრენდ-მაღაზიაში ყველა მყიდველი სარგებლობს წლიური 45% ფასდაკლებით. ქეთი ტელეფონის ნომერს და სახელს და გვარს ტოვებს, რა თქმა უნდა, ყველგან სხვადასხვას.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება, "ფეისბუქში" კი გვერდი "ფრთხილად - ნუ გახდები თაღლითობის მსხვერპლი" შეიქმნა. როგორც გვერდის ადმინისტრატორები წერენ, აღნიშნული სქემით ქეთი უკვე სამი წელია მოქმედებს და მისი მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, რომლებიც ამბობენ, რომ ე.წ შანელის კრემი ყარს, სუნამოს საპნის სუნი აქვს. ქეთი თავის ყალბ პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობითაც "ასაღებს", ჯგუფი განსაკუთრებულად აქტიური კი წინასაახალწლო პერიოდში იყო.
გვერდის ადმინისტრატორები იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული "ჯგუფის" აფიორის მსხვერპლი გახდა, გამოხმაურებას სთხოვენ და ქეთის პოვნაში დახმარებას პირდებიან.
ამ სუნამოს შემთხვევაში, ქეთი "ლაფაეტს" პიქსელის შენობაში "ხსნიდა", სუნამოს მყიდველმა 100 ლარი გადაიხადა. ამასთან, ქეთიმ მყიდველის პირადობის ნომერიც ჩაიწერა და მასაც ფასდაკლების ბარათის დამზადებას დაპირდა.
ეს სუნამო ერთ-ერთ ორგანიზაციაში 60 ლარად შეიძინეს, რა თქმა უნდა, ისევ ქეთისგან, ისევ "ლაფაეტის" სახელით, ისევ ფასდაკლებით და ბარათის დამზადების პირობით!
ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge