ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან

ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან

ბავშვობა ადამიანის ცხოვრების ის ხანაა, რომელშიც ბევრი მოზრდილი ადამიანი სიამოვნებით დაბრუნდებოდა. მაგრამ ვაი, რომ დრო მიდის და უკან დაბრუნება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ზოგს თურმე ბავშვობაში დარჩენა ხელეწიფება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცე რწმენით, ეს მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ...

მოზრდილ ადამიანებს ბევრი ფაქტორი ზღუდავს, ისინი ხშირად, სხვადასხვა წესისა და სტერეოტიპის ტყვეობაში არიან მოქცეულნი. ბავშვები კი ისე იქცევიან, როგორც სურთ. გარკვეულ წესებს მხოლოდ ამა თუ იმ თამაშის დროს მისდევენ. სწორედ ასეთი მიდგომით გამოირჩევა ბავშვობაში დარჩენილ მამაკაცთა ერთ-ერთი ტიპი.

მარინა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი:

- ცნება - ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცი - პირობითი გახლავთ. ის, რომ მამაკაცი იპარსავს წვერს, ეწევა სიგარეტს, ილტვის საპირისპირო სქესისკენ, ზის ძვირად ღირებული მანქანის საჭესთან და სვამს ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უკვე "დიდი ბიჭია". შესაძლოა, გაესაუბროთ ზრდასრულ მამაკაცს და მიხვდეთ, რომ ის ბავშვობაშია დარჩენილი. ასეთი ტიპის მამაკაცები შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველში შედიან მამაკაცები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველგვარი წესის გარეშე ცხოვრობენ - ისე, როგორც ამა თუ იმ მომენტში მოესურვებათ. მზად არიან, ნებისმიერ ხერხს მიმართონ, ოღონდაც საკუთარი კაპრიზი აისრულონ. გაიხსენეთ, თქვენი უახლოესი მამაკაცი - მამა, ძმა, ქმარი თუ უბრალოდ მეგობარი - როდის ნახეთ ბოლოს, სიხარულისა და აღტაცებისგან თავბრუდახვეული; როდის გაიცინა ბოლოს მთელი გულით. მსგავსი კითხვები ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს რომ დავუსვი, იცით, რა მიპასუხა?.. შარშანწინ, ზამთარში, როდესაც მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვიყავი, დავნაძლევდით, რომ ორსართულიანი სახლის სახურავზე საბუხრე მილით ავძვრებოდი; ისინი მიმტკიცებდნენ - ვერ შეძლებო; უკვე სახურავზე ვიყავი, როდესაც თოვლზე ფეხი დამიცურდა და მიწაზე დავეხეთქე; მართალია, ამის გამო ჩემი მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჩასმული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ძალზე გახარებული ვიყავი, რადგან თავი ბავშვი მეგონა და ჩადენილი ცელქობის მიზეზით დაზიანებული კიდური სულაც არ მანაღვლებდაო... რასაკვირველია, მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის გამო ვერ ვიტყვით, რომ ეს კაცი ბავშვობაშია დარჩენილი. მაგრამ შემდგომი საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ გახლდათ: როდესაც სამსახურში ყოფნა მწყინდება, შეუმჩნევლად ვიპარები, კაბინეტიდან ფეხაკრეფით გამოვდივარ ხოლმე, რომ უფროსმა ვერ შემნიშნოს და ან კინოში მივდივარ, ან - ზოოპარკში, ან ქალაქში დავხეტიალებო, - მიამბობდა ჩემი პაციენტი... აღმოჩნდა, რომ მას ასევე ძალიან იტაცებდა: ზღაპრების კითხვა, მულტფილმების ყურება. სხვებისგან მალულად, როდესაც შინ მარტო იყო, საწოლზეც ხტუნაობდა და თავისი შვილის ველოსიპედითაც სეირნობდა ხოლმე ოთახიდან ოთახში... ხშირად უჩნდებოდა სურვილი, რომ რაიმე გაეფუჭებინა. როდესაც ცოლი იკითხავდა – ვინ გატეხა კარის სახელური? ვინ გაკაწრა კარადის კარიო? - ის პატარა ბავშვივით თავს იმართლებდა ან ჩადენილს არ აღიარებდა... ეს პაციენტი ჩემთან ამ პრობლემის გამო როდი მოსულა. მას დეპრესია ჰქონდა და ეს სულაც არ გახლავთ გასაკვირი. თუმცა, მიზეზს თავადაც ვერ აცნობიერებდა. წლების განმავლობაში მას ბევრი ისეთი სურვილი დაუგროვდა, რომელსაც ვერც მალულად და ვერც სხვების დასანახავად ისრულებდა. თუმცა, როგორც მასთან ურთიერთობისას გაირკვა, მას არც ახდენილი სურვილები აკმაყოფილებდა. "მინდა, რომ ვისაც თმა უკან, ცხენის კუდივით აქვს შეკრული - მოვწიწკნო, ღიპიან მამაკაცებს ენა გამოვუყო, ეზოში ჩავიდე, ხელები რუპორივით პირთან მივიტანო და ბავშვობის მეგობარს შევძახო - გელა, წამოდი, ფეხბურთი ვითამაშოთ-მეთქი", - მიამბობდა პაციენტი. მას არ აკმაყოფილებდა გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. ერთფეროვნად მეჩვენებაო, - ამბობდა. სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მას უნდა ევლო სამსახურში, რადგან ჰყავდა ოჯახი, რომელიც მის კმაყოფაზე იყო. უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მისი ასაკის მამაკაცს შეჰფერის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჟად მონათლავდნენ და შესაბამის დაწესებულებაში გაამწესებდნენ... არადა, სამწუხაროდ, ასეთის ბავშვობიდან მთლიანად დაბრუნება თითქმის შეუძლებელია - რაოდენ ბუნებრივადაც არ უნდა იქცეოდეს, ის მაინც გარკვეულ დისკომფორტს განიცდის... ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცების მეორე ტიპს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ აღწერილი მოთხოვნები, მაგრამ ისინი ბავშვობის მოგონებებით სულდგმულობენ. ასეთი რამ ძირითადად, იმათ ახასიათებს, ვისაც სრულიად უზრუნველი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ და მოზრდილობის ჟამს, ცხოვრებაში წარმატებებს ვერ მიაღწიეს...

ნატო, 35 წლის:

- როდესაც გავთხოვდი, მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ის დედისერთა გახლავთ, მაგრამ როცა შესაძლებელია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მშობლებისგან მოშორებით იცხოვროს, რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი?.. როდესაც ახალ ბინაში გადავბარგდით, გურამმა უამრავი უსარგებლო ნივთი წამოიღო თან: რაღაც ძველი სათამაშოები, თავისი პირველი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოები, რვეულები, სამთვლიანი ველოსიპედი... როცა ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინე, რამდენიმე, ძალზე ძველი სათამაშო სანაგვე ყუთში გადავყარე. გარკვეული ხნის შემდეგ, ქმარმა ის სათამაშოები მოიკითხა. როცა ვუთხარი, თუ რა გზას გავუყენე, ლამის გაგიჟდა. ისე ვიჩხუბეთ, არასოდეს დამავიწყდება. ეს ყველაფერი ბავშვობაა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, როგორ არ გესმისო?! მიყვიროდა გურამი... მალე შევრიგდით, მაგრამ დროდადრო, დღემდე მსაყვედურობს ამ შემთხვევის გამო. ძალზე უყვარს ამ ამბების გახსენება, რომლებიც ბავშვობაში გადახდენია თავს. ყველა ამბავი უკვე ზეპირად ვიცი. ის კი არც ერთ შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ კიდევ და კიდევ მოჰყვეს. მე და მის მეგობრებს უკვე აღარ გვეცინება, ის კი მთელი გატაცებით გვიამბობს ხოლმე. თუ როგორ ჰპარავდა ბებიას ჩურჩხელებსა და ტყლაპს, როგორ იპარებოდა მდინარეზე საბანაოდ, რა უჩუქებიათ მისთვის დაბადების დღეს და როგორ დაისაჯა მთელი მისი კლასი შატალოზე წასვლის გამო... მოყოლისას თვალები უელავს და იგრძნობთ, რომ ძალზე ბედნიერია. ხშირად მეუბნებოდა – დედაჩემი ასე, ხელით მაჭმევდა საჭმელსო, - და მთხოვდა, ხანდახან, მეც პატარა ბავშვივით მეჭმია მისთვის რაიმე... ერთი წლის წინ, ჩემთვის შევიძინე ოთახის ჩუსტები - ვარდისფერი, კურდღლის ყურებითა და ცხვირით. ძალზე მოეწონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, შინ მისული, მის ჩაცმას ვეღარ ვასწრებდი, რადგან უკვე გურამს ჰქონდა ფეხები ჩაყოფილი და არაფრის დიდებით არ მითმობდა... სულ ცოტა ხნის წინ კი, მართლაც სასაცილო შემთხვევა მოხდა: გვიან ღამით გამეღვიძა და გურამი საწოლში ვერ აღმოვაჩინე. აივანზე მივაგენი. იდგა და დაბლა იყურებოდა. გვერდით ამოვუდექი და ვკითხე – რატომ არ გძინავს-მეთქი? პასუხის ნაცვლად, გურამმა კიდევ ერთი ამბის მოყოლა დაიწყო: აი, ასეთი მთვარიანი ღამე იყო, როცა ბავშვობაში, ნაძლევით, სასაფლაოზე გავიარეო... დაწვრილებით აღმიწერა თავისი განცდები, თუ როგორ ეშინოდა, საფლავებს შორის მარტო რომ იყო... ამ დროს, საიდანღაც ღამურა გამოჩნდა და გურამს თავთან ჩაუქროლა. შეშინებული, პატარა ბავშვივით ამომეფარა ზურგს უკან და ჩამეკრა. მალევე მიხვდა, რომ კარგად არ გამოუვიდა და თავის მართლება სცადა...

- მისი ასეთი საქციელი პრობლემებს გიქმნით?

- იცით, თითქოს რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილია და დღესდღეობით მხოლოდ იმისთვის ცხოვრობს, რომ წარსული გაიხსენოს... ის შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და ბავშვობაში მისი ნებისმიერი სურვილი მშობლებისთვის კანონი იყო. როცა დაოჯახდა, დედის მზრუნველობა მოაკლდა, მამაც მატერიალურად ვეღარ ეხმარებოდა, იძულებული გახდა, ოჯახი ერჩინა. ამისთვის ბევრი შრომა მოუხდა. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო იხსენებდა ხშირად ბავშვობას, თითქოს, ამ მოგონებებს იშველიებდა თავის დასაცავად - მაშინ ხომ მართლა ძალზე ბედნიერი იყო...

მარინა რეხვიაშვილი:

- ყველა ზრდასრული ადამიანი, გარკვეული "დოზით" ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თავად არის მშობელი. მამაკაცი, რომელიც ბავშვობაში დარჩა, ყოველთვის საჭიროებს ვიღაცის მზრუნველობას, მოფერებას. ზოგჯერ ვიღაცამ უნდა დატუქსოს კიდეც, რომ რამე გააკეთოს... ასეთი მამაკაცი არაფერს აკეთებს დედის, ცოლის ან შეიძლება, უახლოესი მგეობრის კარნახისა თუ რჩევის გარეშე. ის დაკომპლექსებულია და გამუდმებით ეჭვობს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს. მაგრამ თუ ვინმესგან მხარდაჭერას იგრძნობს, შესალძოა, დიდ წარმატებასაც მიაღწიოს. ის აღტაცებაში მოჰყავს ვინმეს შექებას. ეს ძლიერ სტიმულს აძლევს და უბიძგებს იმისკენ, რომ კვლავაც ეცადოს კარგი შედეგის მიღწევას და დაარწმუნოთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია... იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, განსაკუთრებით დრამატულია – მეტი რომ არ ვთქვათ, - ის, როცა მამაკაცი ბავშვობაში რჩება მცირე ასაკში გადატანილი სტრესის გამო. ამ შემთხვევაში, ბავშვობაში დარჩენა პირდაპირი გაგებით იგულისხმება: ადამიანი სწორედ იმ ასაკში რჩება, რომელშიც სტრესი გადაიტანა. ასეთ დროს, საქმე გვაქვს გონებრივად ჩამორჩენილობასთან - როცა ვთქვათ, 30 წლის მამაკაცი ისე აზროვნებს, როგორც 7-8 წლის ბავშვი...

მადონა, 45 წლის:

- ჩემი შვილი 26 წლის გახლავთ. 8 წლის იყო, როცა მამამისთან ერთად, ქუჩაზე გადადოდა. ამ დროს საიდანღაც გამოვარდა ძალზე სწრაფად მომავალი მანქანა. ჩემმა მეუღლემ ვერ მოასწრო, გარიდებოდა მას, თუმცა, მანამდე მოახერხა, რომ გიორგისთვის ხელი ეკრა და ტროტუარზე შეეგდო. ბავშვი უვნებლად გადარჩა, ჩემი მეუღლე კი კარგა ხანს იწვა საავადმყოფოში. ბოლოს და ბოლოს, გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, შვილი დაგვიავადდა: იმ დღიდან, მკვეთრად შეიცვალა - ჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხმას არ იღებდა, შემდეგ, როგორც იქნა, ალაპარაკდა, მაგრამ სულ იმ ტრაგიკულ ამბავს იხსენებდა. მის თვლაწინ დატრიალებულმა შემთხვევამ ძლაზე იმოქმედა. გამუდმებით ჰყვებოდა, თუ რა შიში ჭამა, როგორ ეგდო მამამისი ასფალტზე სისხლში მოსვრილი... გავიდა წლები. გიორგი ფიზიკურად გაიზარდა, მაგრამ გონებრივად აღარ განვითარდა. მანამდე კლასში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, უცებ ითვისებდა ახალ გაკვეთილს და მასწავლებელი ყოველთვის აღნიშნავდა, - გიორგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გონიერი ბავშვიაო. იმ ამბის შემდეგ კი, სწავლაში ჩამორჩა, ახალს ვეღარაფერს ითვისებდა... 20 წლის ბიჭი ისევ პატარა ბავშვებთან თამაშობდა და თუ სათამაშოს წაართმევდნენ, ისევე ტიროდა, როგორც წინათ. მშვენივრად ერთობოდა სილაში და მოსწონდა, როცა გათხრილ გვირაბს ფეხით ანგრევდა... თუ ნაყინს არ ვუყიდი, ახლაც ისევ ისე იტირებს, როგორც პატარაობაში. თავის თანატოლ ბიჭებსა და გოგონებს ბიძია-დეიდებს ეძახის და შეუძლია, მივიდეს და კალთაშიც ჩაუჯდეს... მთელმა უბანმა იცის გიორგის ავადმყოფობის შესახებ. ამიტომ არავის უკვირს მისი ასეთი საქციელი. მაგრამ უცხო ადამიანები ყოველთვის გაოცებით უყურებენ: მას შეუძლია, მშვიდად, ხმამაღლა მითხრას – დედა, კალთაში ჩაგიჯდები და "მარშრუტკაში" მარტო 50 თეთრს გადაიხდი, მეორე 50-ით კი ნაყინი მიყიდე ან კომპიუტერებში გამიშვი სათამაშოდო...

მარინა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი:

- ჩვენ მიერ განხილული პირველი და მეორე ტიპის მამაკაცები ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ადამიანები არიან. უბრალოდ, ისინი რეალურ ცხოვრებას გაურბიან და ცდილობენ, საკუთარი ბედნიერება ბავშვურ ქცევებსა თუ ბავშვურ მოგონებებში პოვონ. გიორგის მდგომარეობა კი, რასაკვირველია, სრულიად განცალკევებით დგას. ცხადია, ეს არატიპური შემთხვევაა, თუმცა, ერთი შეხედვით, პირდაპირ ასახავს მოცემულ თემას - ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცი. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპს განვიხილავთ და არა ასე ვთქვათ, სამედიცინო შემთხვედვას. ჰოდა, თუ ამ ასპექტს დავუბრუნდებით, ნათქვამს მინდა დავამატო კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც შესაძლოა, ინფანტილური უფრო ეთქმის: ეს ის მამაკაცია, ვისაც ყოვლედღიურობაში, ყოფაში ესაჭიროება მეურვეობა. გაიხედ-გამოიხედეთ თქვენ ირგვლივ და უმალ გაგახსენდებათ, რომ თქვენს ახლობელ მამაკაცს ხშირად რჩება დაუკეტავი ბინის კარი, ონკანი; აუცილებლად უნდა შეახსენოთ, რომ ვთქვათ, სამსახურიდან შინმომავალმა, საბავშვო ბაღში ან სკოლაში უნდა გაიაროს და შვილი წამოიყვანოს; თუ ავად გახდა, ვერაფრით უმკურნალებს თავს, რადგან აუცილებელია, ვინმემ უკარნახოს, თუ რა დროს რა წამალი უნდა მიიღოს... ეჭვგარეშეა, რომ ასეთ კაცს ყველაფერს – დილით ჩაის დალევის საჭიროებით დაწყებული, საღამოს სასკოლო ჩანთაში წიგნებისა და რვეულების ჩაწყობის აუცილებლობით დამთავრებული - ყველაფერს დედა ან ბებია ახსენებდა. ამის შედეგად, ბავშვი კი გაიზარდა, მაგრამ "დიდ ბიჭად" ვერა და ვერ იქცა...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#31 4.08.2005

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია