სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში მუსლიმთა სამლოცველოს ცეცხლი წაუკიდეს და მისი დაწვა სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამლოცველოს გადაწვის მიზეზი აჯალიევების ქორწილში მომხდარი მკვლელობა გახდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქორწილში ახალგაზრდებს შორის კამათი თავდაპირველად მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ ერთ-ერთს მოთხოვნილი სიმღერა არ ჩაურთეს. ჩხუბი სამლოცველოს ეზოში გაგრძელდა.

"მე ეს სიმღერა მინდა და თქვენ რატომ არ უკრავთო - ამის გამო, ასაკოვან მამაკაცს ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა და გაარტყა. ასტანოვი ქორწილში იყო, ის ხალხის დაწყნარებასა და მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. ამ დროს მას ხადიროვმა დანა დაარტყა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ომარ მუსაევი.

40 წლის ორუჯ ამირ ასტანოვი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა. დანით მიყენებული ჭრილობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 35 წლის ხადიროვმა სოფელი მუღანლო მალევე დატოვა და დღემდე მიმალვაშია.

მათივე ცნობით, მომხდარის გამო აღშფოთებულმა სოფლის მოსახლეობამ, დაახლოებით 1500 ადამიანმა, ის ადგილი გადაწვა, სადაც მკვლელობა მოხდა.

"ეს მეჩეთი კი არა, რაღაც გაურკვეველი დანიშნულების შენობა იყო, სადაც ლოცულობდნენ ხადიროვი და მისი მეგობრები. ისინი შენობაში იკრიბებოდნენ და ვითომ ლოცულობდნენ, თანაც რაღაც გაურკვეველ ქმედებებს სჩადიოდნენ. სამლოცველო კი არა, ბუნაგი ჰქონდათ მოწყობილი გარყვნილებისთვის", - ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის თემის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის ვალადიმერ ლურსმანაშვილისის განცხადებით, როდესაც ის სამლოცველოსთან მივიდა, ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ცდილობდნენ. მისივე თქმით, იქვე შეკრებილი იყო სოფლის მოსახლეობა, ხალხი მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასჯას მოითხოვდა:"ამბობდნენ, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, მათი სამლოცველოს ადგილი კი მუღანლოში არ არისო".

ხანძრის შედეგად სამლოცველო შიგნიდან მთლიანად დაიწვა, ხანძარს მხოლოდ კედლები და სახურავი გადაურჩა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამლოცველოს დაწვის ფაქტზეც და გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

მარი ვარდოშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია