ბოლო განახლება: მთის მოწყვეტის შედეგად გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება
დარიალის ხეობაში მთა დღეს მოწყდა. მთის მოწყვეტის შედეგად, ადგილობრივების ცნობით, თურქი მუშები დაიღუპნენ. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 3 თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხი მოყოლილია გვირაბშიც, რომელთა გამოყვანა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის დარიალის ხეობაში მთის მასივის ჩამოშლასთან დაკავშირებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ამასთან, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, დარიალის ხეობაში, მთის მოწყვეტის გამო, სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა. მათივე ინფორმაციით, მთის მოწყვეტის გამო, ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.