ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს

ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს

უკვე მეექვსე წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. ის საწოლს არის მიჯაჭვული და ცხადია, დამოუკიდებლად განძრევაც არ შეუძლია. მას დედა და 80 წლის ბებია უვლიან.

შარშან, როდესაც ჯაბას დედას, მანანა გვასალიას შევეხმიანე, მან წვრილად გვესაუბრა იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ოჯახი იმყოფება და ასევე პაციენტის შესახებაც... იმ ინტერვიუს შედეგად მოჰყვა ის, რომ მათ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და დახმარება აღმოუჩინა. რაც მთავარია, სრულიად უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჯაბას დედას სურვილი აუსრულა, - ავადმყოფს ორთოპედიული საწოლი გამოუგზავნა, რითაც უმძიმესი პაციენტის პატრონს საქმე შეუმსუბუქა. მათ ფინანსურადაც დაეხმარნენ.

Ambebi.ge დღეს ისევ შეეხმიანა ქალბატონ მანანას:

- აბა, რა გითხრათ? ჯაბას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მე და დედაჩემი თავს არ ვზოგავთ, რომ არაფერი დააკლდეს. უკვე ექვსი წელია ვცხოვრობთ გლდანში, ნაქირავებ ბინაში. დედაჩემი შვილიშვილს გამო ხანდახან ქუჩაშიც გადის და ადამიანებისგან შემწეობას ითხოვს... ეს მოხუცი ქალი მეხმარება ჯაბას გადაბრუნებაში... ამდენი წელია წევს, მაგრამ ისე ვუფრთხილდებით, რომ სხეულზე არანაირი ნაწოლი და არ აქვს გაჩენილი. ცოტ-ცოტა, უმნიშვნელო წინსვლაც აქვს, თუ ეს შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს, ამას წინათ, ნემსი რომ გაუკეთა ექთანმა, როგორც ჩანს, ეტკინა და ხელიდან შპრიცი გააგდებინა...

რა ვიცი, ხომ ვამბობ, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ იმ სიზმრის იმედი მაქვს, რომელშიც 7 რიცხვი ფიგურირებდა... მგონია, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ამასთან, ის პირველად, მამა სოგრატმაც რომ ნახა, თქვა: "ჩვენსკენ არის!" ამიტომ, როდესაც ძალიან დამძიმდება ხოლმე, ერთი წუთი არ ვუშვებ იმას, რომ მას რამე დაემართება. ასე იმედით ვცოცხლობ...

ცოტა ხნის წინ, ბინის შეცვლა მინდოდა, მაგრამ ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთი ავადმყოფით სახლში ჩვენი შეშვება არავის მოუნდა. და ალბათ მართალებიც არიან... კარგი იქნებოდა, ჩვენი ერთი ოთახი მაინც რომ გვქონდეს და გვქონდა კიდეც, მაგრამ ჯაბას ავადმყოფობამ მთელი ჩვენი ქონება გაანადგურა. ეს იყოს კარგად და მაგას რას დავეძებ... მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამინს, ვისაც ვახსოვართ და პერიოდულად პატივს გვცემს. ყურადღებას უცხოეთში მცხოვრები ქართველები იჩენენ. მადლობა ასევე მათ.

- ცნობილი ადამიანები თუ გაკითხავენ, უბრალოდ თუ ინტერესდებიან თქვენი შვილის მდგომარეობით?

- არა, არავინ... ეს კი ყველას მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო...

- კიდევ დასახმარებლად არავისთის მიგიმართავთ?

- არა, ეს არ შემიძლია. პირიქით, მადლობის მეტი მათთვის რა მეთქმის, ვინც ამას თავისით აკეთებს...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ჯაბა ბოჯგუას დახმარების მსურველმა ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0901 700 039

საბანკო ანგარიშია: GE22BR000001038169963 (ბანკი "რესპუბლიკა") მანანა გვასალიას სახელზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია