მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)

მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)

ბათუმი ხიმშიაშვილის #43-ში დღეს დილით, აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მეცხრე სართულზე მცხოვრებ 46 წლის იზო ბერიძესთან სტუმრად იმყოფებოდნენ მისივე მეზობელი ცოლ-ქმარი ეკა დევაძე და იოსებ ბოლქვაძე. ყავის დალევის შემდეგ, სამივენი გავიდნენ აივანზე, რა დროსაც აივანი მოიშალა.

იზო ბერიძე გასულ წელს ბათუმის ბულვარში მოკლული მარიამ კოჩალიძის დეიდა იყო. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა და ორ შვილს მარტო ზრდიდა. იზო ბერიძეს 23 და 15 წლის ვაჟები ჰყავს.

37 წლის ეკას და 40 წლის იოსებს შვილები არ ჰყოლიათ, მათ იზო ბერიძის ბინის სხვენი წლების წინ შეიძინეს და გაარემონტეს.

გურამ ნაკაშიძე, მეზობელი:

- იზო ბერიძემ წლების წინ მისი ბინის სხვენი გაყიდა, რომელიც შეიძინეს ცოლ-ქმარმა, ეკა დევაძემ და იოსებ ბერიძემ. დილით ყავის დასალევად ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა იზოსთან, სამივენი გავიდნენ აივანზე. ამ დროს მოიშალა აივანი, იოსები მერვე სართულზე დაეცა, ეკა და იზო ძირს გადმოვარდნენ და დაიღუპნენ.

რომან ჩიჩუა, ამხანაგობის თავმჯდომარე:

- არსებულ აივანზე დამატებულია 30 სანტიმეტრი ფართობი, დაახლოებით 20 წლის თუ მეტის არა... აივნის მოშლის მიზეზებზე საუბარი რთულია, მაგრამ აქ ახლოს არის ზღვა, მარილიანი წყლის ჰაერი, რაც ხელს უწყობს არმატურის დაჟანგვას. დაახლოებით 300 კილომდე სიმძიმე იყო აივანზე, დააწვა სიმძიმემ და გადმოტეხა. 10 წლის წინ გვერდით სახლის აივანიც გადმოტყდა და გარდაიცვალა ქალი. იზო ბერიძეს ქმარი ადრე გარდაეცვალა, ორ ობოლ ბიჭს ზრდიდა მარტო, ერთი სკოლაშია და ჯერ არც მოსულა სახლში, არც კი იცის დედის გარდაცვალების ამბავი, მეორე შვილი აქვეა და ყველაფერს ხედავს, როგორ გადაიტანს ამ უბედურებას არ ვიცი.

ხუსეინ სირაბიძე, ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსი:

- 10:45 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ცხრასართულიან სახლს მოწყდა აივანი. მოსვლისთანავე დავადგინეთ, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაზიენებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუ რა გახდა აივნის ჩამოვარდნის მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს. ჩამონგრეული აივნის ჩამოხსნის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მუშაობენ სამართალდამცველებიც და სიმართლეს დაადგენენ.

გოჩა ძნელაძე, ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

- შენობა დაახლოებით 70-იანი წლების ბოლოს არის აშენებული. ვიზუალური დათვალიერებით აივანი ავარიული იყო. უფრო კონკრეტულად, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს არის დახურული ტიპის აივანი, არსებულ აივანზე დაახლოებით 20 წლის წინ არის მიშენებული 30 სანტიმეტრამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ვინც კი დაინახავს, რომ მიმდინარეობს მსგავსი მშენებლობა, მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუნდაც ანონიმურად მერიის ცხელ ხაზზე.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია