სალომე 5 ტყვიით ყოფილმა ქმარმა იმ საღამოს მოკლა, როდესაც მის წინააღმდეგ შსს-ს გენინსპექციას მიმართა - საქმის უცნობი დეტალები

სალომე 5 ტყვიით ყოფილმა ქმარმა იმ საღამოს მოკლა, როდესაც მის წინააღმდეგ შსს-ს გენინსპექციას მიმართა - საქმის უცნობი დეტალები

25 ივლისს, ზესტაფონში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძე მკვლელობის დღეს შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებოდა. მოქმედი პოლიციელის სერგი საცერაძის ქმედებებთან დაკავშირებით მან სწორედ ამ დღეს მიმართა პოლიციას. ამის შესახებ Ambebi.ge-ს სალომეს ოჯახის ახლო ნათესავმა განუცხადა. მისივე ცნობით, დღეს, 28 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საცერაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი აღმკვეთ ღონისძიებად 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით - "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

- პარასკევს, მკვლელობის დღეს, სალომე დაბარებული იყო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ მას სერგი საცერაძემ ხელი დაარტყა. ამის გამო სალომეს პოლიციისთვის მიუმართავს. მისი ყოფილი ქმარი გაფრთხილებულიც იყო. 25 ივლისს კი, ქუთაისში - პოლიციის შესაბამისს სამსახურში სალომე იყო დაბარებული, რაც ალბათ ოფიციალურადაც დაფიქსირებულია. როგორც სალომეს ოჯახის წევრები ყვებიან, მკვლელობის დღეს საცერაძე ორჯერ მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს. დაახლოებით საღამოს 7-8 საათი იყო, როცა სალომე ქუთაისიდან ზესტაფონში დაბრუნდა. ტრანსპორტის გაჩერებიდან, რომელიც სალომეს სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით არის, სალომეს დედამისისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ სახლთან ახლოს იყო და ბავშვი გაემზადებინა დასაბანად. რომ აღარ დაბრუნდა 20-30 წუთის მერე, დადამისმა გადაურეკა და სალომე ტელეფონს აღარ პასუხობდა. მეზობლების ინფორმაციით, სალომეს ყოფილი ქმარი დახვდა. ისიც ითქვა, რომ საცერაძე ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სალომეს მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მას ყოფილი ქმარი მანქანაში ან ძალით, ან დაშინებით ჩასვამდა, რადგან ნებით ის არ გაყვებოდა. საცერაძემ სალომე მიიყვანა პარკში. როგორც ამბობენ, სალომესთვის იქ მის ყოფილ ქმარს უთქვამს, რომ თუკი ის უბედური იქნებოდა, არც მას აცოცხლებდა. ესროლა ხუთი ტყვია – ორი მოხვედრი აქვს გულ-მკერდის არეში, ორი - მუცელში და ერთი – ხელში. იყო ნასვამ მდგომარეობაში.

- რამდენი ხნის დაშორებული იყო სალომე ქმართან?

- სერგი საცერაძემ სალომე მოიტაცა, როცა სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული. იყო მეჩვიდმეტე წელში. დაახლოებით 4-5 თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეუღლეს დაშორდა. პირადად სალომესაგან ვიცი, რასაც ასევე მისი მშობლემიც ამბობენ, რომ ეს ბიჭი თამაშობდა. რაც კი ამ გოგოს ებადა, ყველაფერი გაუყიდა, ჰქონდა ბევრი ვალი. მათი დაშორების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეს იყო.

- დაშორების შემდეგ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- უკვე წელიწადნახევარია, რაც დაშორდა. დაახლოებით ექვსი თვის წინ, როგორც უკვე გითხარი, სალომეს ყოფილი ქმარი ფიზიკურად შეეხო, ხელი დაარტყა. ზოგადად, მათი პირადი ურთიერთობის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ეს ბიჭი სალომესთან ოჯახში მიდიოდა და ბავშვი მიყავდა. ამ ფაქტის შემდეგ კი, სალომეს მშობლებმა საცერაძეს სახლში ასვლა აუკრძალეს და როცა ბავშვის წაყვანა უნდოდა, მას შვილს სახლის ჭიშკართან ახვედრებდნენ და ასე ატანდნენ.

Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სალომე ჯორბენაძემ მკვლელობის დღეს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

სალომე 19 წლის იყო. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო "მის იმერეთი" და გატაცებული იყო სამოდელო საქმით.

სალომეს წლინახევრის ვაჟი დარჩა.

თეონა სისვაძე, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია