სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისი-აპანას გზის 25-ე კილომეტრზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა გზის სავალი ნაწილი დაფარა.

დატბორილია გზის სამასმეტრიანი მონაკვეთი. წყალში ჩარჩენილია ერთი მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი. ტრანსპორტში მყოფი მგზავრები ევაკუირებული არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ავტომანქანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობენ.

სოფელ ჟონეთში წყალმა სახლების პირველი სართულებიც დატბორა. მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი სიტუაცია ყოველ წელიწადს ხდება. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ამასთან, წყალდიდობის შედეგად წყალტუბოს რაიონის სოფლები, ჟონეთი და ოფურჩხეთი გარე სამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარე რიონმა გადმოლახა კალაპოტი, რის გამოც 300 მეტრის მანძილზე ამ ორი სოფლის მისასვლელი გზა მთლიანად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მაშველებს მოსახლეობა სამშვიდობოზე ნავებით გადმოჰყავთ.

გარდა ამისა, მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია. წყალმა წაიღო სოფლების დამაკავშირებელი ხიდები და ელექტრობოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია სიმინდის ყანები და ხეხილი.

"გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, ძირითადად, ხობისწყალი, რომელმაც დატბორა ნათესი ყანები, თხილნარები, ასევე გაარღვია ჯებირები და მიწაყრილები. ძირითადი ზიანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ.

სტიქია მძვინვარებს აჭარის რეგიონშიც. შავი ზღვის სანაპიროებზე 5 ბალიანი შტორმი და ძლიერი ქარი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი ღელვის შედეგად ბათუმის ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე მცირე რაოდენობით ნატანია ამოყრილი. მისივე განმარტებით, უამინდობას ქალაქის მასშტაბით მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

"5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება დილის 06:00 საათის შემდეგ. შტორმი შენარჩუნდება საღამომდე, შემდეგ კი დაიკლებს. ბათუმის ახალ ბულვარში მცირე რაოდენობით ნატანია ამოყრილი. ქარის სიჩქარე 18-20 მეტრ წამში ფიქსირდებოდა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, უამინდობის შედეგად ქედაში, სოფელ ზვარესთან მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაკეტა. მამუკა თურმანიძის განცხადებით, დამეწყრილ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა აღდგენილია.

ქედაში, სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე, მდინარემ ცენტრალურ გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, ადიდებულმა აჭარისწყალმა ცენტრალურ გზას ძირი გამოაცალა. მისივე თქნმით, დოლოგანის მონაკვეთზე ასფალტის ნაწილი გზის თეთრ გამყოფ ზოლამდეა ჩახეთქილი.

"მდინარემ ცეტრალურ გზას ძირი გამოაცალა, გზის ნახევარზე მოძრაობა აკრძალულია, გადაადგილება ცალმხრივად შესაძლებელია, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამ დონემდე ადიდებული აჭარისწყალი დიდი ხანია არ მინახავს", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მამუკა თურმანიძის განმარტებით, დოლოგანში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან. მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და ჩოლოქში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა, რუსთაველის ქუჩაძე ხის მოგლეჯის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძები დაზიანდა, რის გამოც ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისივე თქმით, ძლიერი ქარის დროს ჩოლოქში ხე წაიქცა და თურქების ტრაილერს დაეცა.

"რუსთაველის ქუჩაზე წაიქცა ხე, რამაც მაღალი ძაბვის ელექტრობოძები დააზიანა. ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება, "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობს ხაზების აღდგენაზე. ამ დილით ჩოლოქში ერთი ხე წაიქცა და დაეცა თურქების ტრაილეს. შემთხევევის შედეგად გზა იყო გადაკეტილი, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ. მისივე თქმით, ძლიერ ქარს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ვხვდებით მოუმზადებელი სტიქიურ უბედურებებს და რატომ არ ხდება მათი ეფექტური მართვა საქართველოში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია