გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა დედა და შვილი მოუკლა - სასტიკი შურისძიება და დაპირისპირება გოგაშენში

გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა დედა და შვილი მოუკლა - სასტიკი შურისძიება და დაპირისპირება გოგაშენში

ახალციხის რაიონის სოფელ გოგაშენში დაპირისპირება გრძელდება. 6 თვის წინ სოფელში ტრაგედია მოხდა. გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა დედა და მცირეწლოვანი შვილი მოუკლა. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ბებია და შვილიშვილი ნათესავის ეზოსთან მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალე დააკავეს. მომხდარ ფაქტს სოფლის მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა, ისინი დაკავებულის ოჯახის წევრების სოფლიდან გასახლებას მოითხოვდნენ. ოჯახი საცხოვრებლად წალკაში გადავიდა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ რაიონში.

სულ ცოტა ხნის წინ, "სამხრეთს კარიბჭემ" გამოაქვეყნა სტატია, სადაც დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ისინი ახალციხის სამხარეო პოლიციაში სცემეს, ტანსაცმელი შემოახიეს და გაუპატურებით დაემუქრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სოფლის მოსახლეობა ისევ აღშფოთდა. Ambebi.ge-ს ახალციხის მკვიდრი ზურაბ ხუციშვილი დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა აღშფოთდა და ხელკეტებით შეიარაღებულები ჯერ "სამხრეთის კარიბჭესთან" შეიკრიბდნენ, ამჯერად კი იერიში დაკავებულის ოჯახის წევრებზე მიიტანეს, რომელთა უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.

- 6 თვეა წვალობს საპატრიარქო, გამგეობა, საპატრულო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. შეარიგეს და ჩააჩუმეს ორივე მხარე, მაგრამ "სამხრეთის კარიბჭემ" დაწერა რაღაც სტატია, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როცა სტატია გამოქვეყნდა, მაშინ თბილისში ვიყავი. მოსახლეობა სოფლიდან ჩამოვიდა  ხელკეტებით და დაეტაკა "სამხრეთის კარიბჭეს". უნდა დამშვიდდეს მდგომარეობა.

- კონკრეტულად რა დეტალმა გააღიზიანა ხალხი სტატიაში, რომელშიც სამხარეოს პოლიციის უფროსის მხრიდან დაკავებულის ოჯახის წევრების მიმართ სასტიკ მოპყრობაზეა საუბარი?

- როცა ამდენი ხალხი მუშაობს პრობლემის მგვარებაზე, ფაზიქად უნდა მიუდგე თემას. მათ დახმარებას დაპირდნენ და ისე დააწერინეს ის, რაც წერია სტატიაში. აქ მხოლოდ სამხარეო პოლიციაზე არაა საუბარი, აქ მორალზე და ზნეობაზეა საუბარი; შენმა ძმამ მოკლა ადამიანი და კიდევ რაღაცებს წერ?

- როდის დაბრუნდა გასახლებული ოჯახი სოფელში?

- არ ყოფილან გასახლებული. მოხდა ჩხუბი, ჩაერია საპატრიარქო, საპატრულო, გადაწყდა ორმოცამდე გაგვერიდებინა იქედან ოჯახი, ამის შემდეგ მოხდა შერიგება და მერე ისევ აირია. წალკაში ცხოვრობდნენ დროებით. მერე ისევ დაბრუნდნენ გოგაშენში. უკვე შეიქმნა ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში, რომელიც მივა სოფელში და ორივე მხარეს დაელაპარაკება, გაგრძელება რომ არ მოჰყვეს ამას. ადამიანს მოუკლეს დედა, შვილი და აბა რა იქნებოდა? იმიტომ გავარიდეთ ორმოცამდე ოჯახი სოფელს, რომ მოეგვარებინა ორივე მხარეს ურთიერთობა. უნდა შერიგდნენ, სხვა გზა არ არსებობს.

- ახლა რა ხდება სოფელში, ამჯერად ვინ უზრუნველყოფს დაძაბულობის თავიდან არიდებას?

- უკვე ექვსი თვეა, სამართალდამცავებს პოსტი აქვთ დაკავებულის სახლთან, დღე და ღამე იქ დგანან. ჩვენ მივმართეთ პირველი დღეს, 24 საათი იქ ხომ არ ვიქნებოდით? პოლიციელებს დაჰყავთ ბავშვები სკოლაში. არ უნდა დაიწეროს ასეთ დროს ისეთი რაღაც, რაც სხვას დააზარალებს. ამან დააშავა, თუ იმან დააშავა, მაგას სასამართლო დაადგენს. პოლიცია აშველებს ბრალდებულის ოჯახს და მოსახლეობას.

Ambebi.ge კომენტარისთვის "სამხრეთის კარიბჭეს" მთავარ რედაქტორს, ნინო ნარიმანიშვილს დაუკავშირდა.

- ჩვენ დაგვიკავშრდა ახალციხის მცხოვრები, რომელიც ამბობს, რომ კონფლიქტი ახალციხეში თქვენს საიტზე გამოქვეყნებულმა სტატიამ გაამძაფრა, რას იტყვით ამის შესახებ?

- ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ სტატიას სოფელში არსებულ ვითარებასთან. ეს არის ორი კონკრეტული ადამიანის ისტორია, რომლებიც საუბრობენ სამმართველოში მომხდარ ზეწოლაზე. ზურა ხუციშვილმა რამდენჯერმე სცადა დავედანაშაულებინეთ, არ ვიცით, ჩვენგან რა უნდა. სოფელში დღეს არანაირი დაძაბულობა არ არის. რას გულისხმობს დაძაბულობაში? ვინმე ჩხუბობს? ხალხი ქვებს ესვრის ერთმანეთს?

- ზურაბ ხუციშვილი ამბობს, რომ ხალხი ჩამოვიდა "სამხრეთის კარიბჭესთან" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. რას აპროტესტებდა სოფლის მოსახლეობა რედაქციასთან?

- ორი დღით იყო ხალხი, მაგრამ ხელკეტები და ქვებით არავინ ჩამოსულა. ხალხი ამბობდა, რაც სტატიაში წერია, ამას სამართალდამცავები არ ჩაიდენდნენ, ეს თქვენ არ უნდა დაგეწერათო, -  ეს იყო მათი მოთხოვნა პირველ დღეს და მეორე დღეს შეცვალეს ჩვენება და მოითხოვდნენ, ამოდით სოფელში და ოჯახი გაგვასახლებინეთო. ეს იყო სამმართველოს ორგანიზებული აქცია, რაც დაადასტურა კიდეც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და კიდევ იმ პიროვნებამ, რომელიც ჟურნალისტ თამუნა უჩიძეს მიუგზავნეს სახლში. მან უთხრა, რომ აქცია სამმართველოს მიერ იყო ინსპირირებული. იმის გამო, რომ ჩვენმა სტატიამ დაძაბა ურთიერთობა სოფელში, ეს ხალხი "სამხრეთის კარიბჭესთან" ამიტომ არ ჩამოსულა.

Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ "სამხრეთის კარიბჭის" განცხადებაზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის თაობაზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო გამოიძება. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს, მის საქმეს პროკურატურა სწავლობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია