ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს

ვეჯინის სკოლაში გაკვეთილზე მე-10 კლასელი ბავშვი დანით დაჭრეს

კახეთში, სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში, მე-2 გაკვეთილზე, თანაკლასელმა დანით მე-10 კლასის მოსწავლე დაჭრა. შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა. სკოლის პედაგოგებმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც დაჭრილი ბავშვი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში მოათავსეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თანაკლასელი ბიჭები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დანებით ერთობოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ბავშვმა მეორე, დანით მუხლის არეში დაჭრა. ისინი საკლასო ოთახიდან ისე გავიდნენ, რომ მასწავლებელს მათთვის არაფერი უკითხავს.

"ეს იყო საგაკვეთილო პროცესის დასასრული, სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. ისინი ისხდნენ კართან, რაღაც მომენტალურად მოხდა და დატოვეს კლასი. კი დავინტერესდი, მაგრამ აქ საგანგაშო არაფერი ყოფილა", - ამბობს მასწავლებელი რუსუდან თევდორაშვილი.

სკოლის დირექტორის მოადგილის ლიანა ცანკაშვილის განცხადებით, ბავშვის მონათხრობიდან, რომელმაც თანატოლი დაჭრა, გამოარკვიეს, რომ მან დანა 22 თებერვალს ველისციხის ბაზარში იყიდა.

"მამაჩემისთვის მინდოდა საჩუქრად, მაგრამ ვერ მოვითმინე და გვერდში მჯდომ ბავშვს ვაჩვენეო. იმან მკითხა, როგორ იხსნებაო და ხელი რომ დავაჭირე, უცებ გაიხსნა და ეს ბავშვიც უცებ ისე შემოტრიალდა რომ ფეხში მოხვდაო. შეგვეშინდა ძალიან, რამე რომ არ მომხდარიყო, საკლასო ოთახიდან გამოვედით, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წავედითო", - აღნიშნავს ლიანა ცანკაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი