სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა.

ამ ეტაპზე სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება აკრძალულია ასევე ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

მდინარე კინტრიშის მეორე სანაპიროს მიმდებარე უბანი სრულად დატბორილია.

ამასთან, სტიქიის გამო, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები, სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც "ამბები.გე"-ს კომპანიიდან აცნობეს, წუხელ აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქობულეთი", რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ დროულად განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმოფხვრას უამინდობით მიყენებული ზიანი", - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: მეწყერი სოფლებში, დატბორილი ქუჩები და შეჩერებული სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში - ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია