16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები

16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. გუშინ საღამოს ვარშანიძეების ოჯახი მეზღვაური ვაჟის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა, წვეულებაზე 16 წლის სარძლო ოჯახთან ერთად იყო დაპატიჟებული. მეზღვაური ნაოსნობაში იმყოფება, მისი იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილები კი საბოლოოდ საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ. ინტოქსიკაციის შედეგად არასრულწლოვანი სარძლო და კიდევ 10 მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოთავსებული, კიდევ 13 ადამიანი კი ბათუმის ორ სხვადასხვა კლინიკაში.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ჯერ სუფრა ბოლომდე გაშლილიც არ იყო, ოჯახის დიასახლისმა სტუმრებს ხაჭაპური მიართვა, მათ შორის ხაჭაპური ჭამა 9 თვის ბავშვმაც. მოგვიანებით ზოგს ჩაეძინა, ზოგს კი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. მეზობლები საუბრობენ განზრახ მოწამვლის ვერსიაზეც თუმცა, არ აკონკრეტებენ ვის, ან რატომ შეიძლებოდა მოეწამლა ვარშანიძეების ოჯახში შეკრებილები.

პედიატრი ხათუნა კაკაბაძე აცხადებს, რომ 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმი არ აკონკრეტებს რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია:

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი, შემდეგ კი თვითდინებით კიდევ 10 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, ძილიანობისკენ მიდრეკილებითა და გულის რევის შეგრძნებით. პაციენტები იმყოფებიან მონიტორის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და ველოდებით რეზულტატს", - აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ჰაერით ინტოქსიკაცია გამორიცხულია, მოწამვლა სავარაუდოდ, ქიმიურმა ნივთიერებამ გამოიწვია, რომელიც დაკავშირებული იყო საკვებ პროდუქტთან. კერძოდ, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ წვეულებაზე მყოფი 26 ადამიანიდან, ხაჭაპური 24-მა მიირთვა, მათ შორის 9 თვის ბავშვმაც და ყველა მათგანი, ვინც ეს საკვები პროდუქტი ჭამა საავადმყოფოში აღმოჩნდა. თუ რომელ ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი და როგორ იყო ის დაკავშირებული ხაჭაპურთან საზოგადოებრივ ცენტრში არ აკონკრეტებენ:

"ერთადერთი რაც ამ ოცდაოთხივეს აკავშირებს არის ხაჭაპურის მირთმევა. თუმცა საკვებით ინტოქსიკაცია არ ფიქსირდება. სავარაუდოდ, უნდა იყოს ინტოქსიკაცია შენაერთის საკვებ პროდუქტში არსებობასთან დაკავშირებით. მიზეზებზე საუბარი არის ძალიან რთული, შესაძლებელია ქიმიური ნივთიერება იყო საკვებ პროდუქტთან დაკავშირებული", - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გუშინ საღამოს შემდეგ ფაქტზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს წინასწარი გამოკვლევები, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს არ ასაჯაროებს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა