ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა

ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი მოსწავლეების თვალწინ სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

როგორც AMBEBI.GE-ს დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განუცხადა, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა.

"პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო, დაამტვრია.

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა", - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

მოგვიანებით კონფლიქტი სკოლის დერეფანსა და სამასწავლებლოში გაგრძელდა, სადაც დირექტორის ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძე 14 მასწავლებელს დაუპირისპირდა და კომპიუტერები დაამტვრია. შეხლა-შემოხლის დროს ხუთი პედაგოგი დაშავდა, რომლებსაც ბათუმში ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. დავით ხარაბაძის თქმით, პოლიციამ გუშინ ის და მისი ოთხი კოლეგა ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

რაც შეეხება თანამშრომლების ცემაში ეჭვმიტანილ საქმის მწარმოებელს, ინეზა ხარაბაძე 27 წლისაა. მისი ოჯახის მტკიცებით, იგი შოკურ მდგომარეობაშია, საავადმყოფოში გადაყვანაზე კი უარს აცხადებს.

ინეზა ხარაბაძის ძმის, ენვერ ხარაბაძის თქმით, სკოლაში რა ინცინდენტს ჰქონდა ადგილი დაზუსტებით არ იცის, რადგანაც მისი და მომხდართან დაკავშირებით ვერ საუბრობს. ენვერ ხარაბაძის თქმით, დის დასაკითხად პოლიცია მივიდა, თუმცა ცუდადაა და ჩვენება ვერ ჩამოართვეს.

"ვერ გადაგვყავს საავადმყოფოში, სასტიკად წინააღმდეგია ამის, შოკურ მდგომარეობაშია. როცა ვცდილობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაველაპარაკოთ, მასზე უკეთესად ხომ არავინ იცის რა მოხდა, შოკში ვარდება, იწყებს ტირილს და ითიშება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პოლიცია იყო მოსული დასაკითხად, მაგრამ ჩვენება ვერ ჩამოართვეს, ვერ საუბრობს, ცუდადაა", - აღნიშნა ენვერ ხარაბაძემ.

ენვერ ხარაბაძეს პრეტენზიები აქვს სკოლის დირექტორთან და აცხადებს, რომ ავთანდილ ძირკვაძემ სკოლა დაამსგავსა "კლანურ ბუნაგს" და საათებს მხოლოდ მის მოსაწონ პედაგოგებს უნაწილებს.

არსებული ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძეს დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტი სამსახურიდან გაათავისუფლებს.

იხილეთ ვიდეო: ნაცემი 5 პედაგოგი და დამტვრეული სკოლის ინვენტარი - ახალი დეტალები და კომენტარები ინციდენტზე აჭარიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია