შსს-ს თანამშრომლებმა ხუთი დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს

შსს-ს თანამშრომლებმა ხუთი დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.

ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად ისინი, 17-კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის მიმართულებით დღეს რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადმოიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია