რა ხდება ახლა ბორჯომის ტყეში, ხანძრის ადგილას - უახლესი ინფორმაცია

რა ხდება ახლა ბორჯომის ტყეში, ხანძრის ადგილას - უახლესი ინფორმაცია

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. სამუშაოებში გამთენიისას, 07:00 საათიდან ვერტმფრენიც ჩაერთო.

ნახეთ ვიდეო

"ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

ამასთან, ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბორჯომში დამატებითი ძალების მობილიზება გვიან ღამით მოხდა.

რაც შეეხება ხანძრის მასშტაბს, უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, კონკრეტულად რა ფართობის ტერიტორიაზეა ცეცხლი გავრცელებული.

"მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. შეყვანილია მძიმე ტექნიკა. ღამით დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო და ჯამში, ახლა 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. გამთენიისას მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში მოხდება ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია, როგორც სამცხე-ჯავახეთი, ასევე შიდა ქართლი და თბილისი. მთელი საქართველოს მასშტაბითაა მობილიზებული სახანძრო ბრიგადები", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძარი 2 - 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. გვაზავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იწვის დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორია.

მისივე განმარტებით, ტყის მასივი გადარჩენილია და ცეცხლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტერიტორიას და ბუჩქნარს უკიდია.

"დაახლოებით 2-2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული და არა 5 ჰექტარზე, როგორც ითქვა. აქ ვარ ორი დღეა და ეს არასწორი ინფორმაციაა. ძირითადად ტყის მასივი გადარჩენილია. დაიწვა ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა - სოფელ ყვიბისის მხრიდან გაიწმინდა და გაიჭრა გზა და დაახლოებით 10-12 მანქანა უკვე ავიდა ხანძრის კერამდე. დილიდან ვერტმფრენიც მუშაობს და მივდივართ ხანძრის ლოკალიზაციისკენ", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ჩაქრობა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება.

"ახლა ოდნავ ნიავია, მაგრამ მზიანი ამინდია და ვვარაუდობთ, რომ დღის მეორე ნახევარში მოხდება ლოკალიზება", - აღნიშნა გვაზავამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია