ხანძრის მესამე დღე: უახლესი ინფორმაცია და ფოტოები ბორჯომიდან

ხანძრის მესამე დღე: უახლესი ინფორმაცია და ფოტოები ბორჯომიდან

ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა, გავრცელების ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი უშუალოდ ბორჯომის მიმართულებითაა.

"ამ წუთში მუშაობს ორი ვერტმფრენი. ორი ვერტმფრენი თურქეთიდან არის გზაში და შუადღისთვის ჩამოვლენ. 9 საათზე თბილისიდან მესამე ვერტმფრენი დაემატება, რომლის გამართვაც ახლა მიმდინარეობს.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

მობილიზებულია დაახლოებით 500-მდე ადამიანი - ცოცხალი ძალა ბოლომდე მობილიზებული გვყავს. ორი გავრცელების კერა გვაქვს - ერთი წაღვერის და მეორე ქვემოთ, ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ადგილზე არიან, გზა გავიყვანეთ. ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა იქ, სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ერთ საათში", - განაცხადა ალავიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, "დასახლებულ ტერიტორიას ამ წუთში არაფერი ემუქრება".

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომის ხეობაში "ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა". მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში არსებული ვითარება ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა. კვირიკაშვილი სიტუაციას ინფსტრუქტურისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად გაეცნო.

"ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა. ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რა ზონებიც არის ჩასაქრობი. ვერტმფრენი მუშაობს. ახლა ერთი დაემატა. თურქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი. ქარის გამო დილით ვერ ჩამოფრინდნენ და ახლა არიან გზაში და სულ რაღაც საათნახევარ-ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან. ღამისთვის გვექნება გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ცოცხალი ძალა მუშაობს. ამ ეტაპზე რაც საჭიროა, ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას.

მისივე განმარტებით, ყველაზე მძიმე ერთი კერაა, რომელზეც მთელი ძალა იქნება მიმართული. "ხანძრის გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ ეს ქედი არ ჩავაქრეთ. თუ ეს ქედი ჩავაქრეთ, მწვავე ფაზას გადავივლით. მე მგონი, გავუმკლავდებით", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, გუშინ ღამე სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა ამ წუთში მათ სახლსაც არაფერი ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა მთელი საქართველოდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია