ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

რამდენიმე წუთის წინ შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა.

იზორიას განცხადებით, ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, რამდენიმე წუთში ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან.

სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან.

უკვე რამდენიმე საათია სტიქიის ზონაში იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები.

ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის მეხანძრე მაშველები აწარმოებენ. რამდენიმე კერის ლოკალიზება ამ დროისთვის უკვე მოხერხდა, თუმცა აღნიშნულ ტყის მასივში კიდევ იჩინა თავი ერთმა კერამ.

ამ ეტაპზე ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მიიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.

თავდაცვის სამინისტროს 250 კაციანი დანაყოფი სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე წუთში ჩაერთვება.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულ კერაზე ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ თუ ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალისთვისაც შენარჩუნდება ხანძრის კერები, თავდაცვის უწყება დანაყოფების მობილიზებას აღნიშნულ ტერიტორიებზეც მოახდენს და შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოებში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩაერთვება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია