ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ.

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. იზორიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან.

სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან.

უკვე რამდენიმე საათია სტიქიის ზონაში იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები.

ამ ეტაპზე ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია