რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

"საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ფილიალზე თავდამსხმელმა მამაკაცმა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკის იყო, ადგილზევე მოიკლა თავი.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კიდევ ერთი თვითმხილველის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის წინ, "თი-ბი-სი ბანკის" გაძარცვას შეეცადა.

იხილეთ თვითმხილველის კომენტარი

ჭანტურია ფაქტს თავად შეესწრო და მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობამდე რამდენიმე საათით ადრე, წერეთლის გამზირზე, "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც სცადეს. პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს. არის თუ არა კავშირი წერეთლის გამზირზე მდებარე "თიბისი ბანკის" დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია