ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა - თბილისის მერიის განმარტება

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა - თბილისის მერიის განმარტება

თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, გზის დაზიანება კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

"ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.

მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაჰესის ხიდთან უმოკლეს დროში მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელმა მამუკა კიკალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წყლის მილი, რომლის დაზიანებამაც გზის ჩანგრევა გამოიწვია, საბჭოთა კავშირის დროინდელია, თუმცა ხიდისა და გზის რეაბილიტაციის პერიოდში მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, კომპანიამ მისი გამოცვლა საჭიროდ არ ჩათვალა.

"დღეს შემოვიდა შეტყობინება გზის სავალი ნაწილის ჩანგრევასთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს დიაგნოსტიკური სამუშაოები. დღესვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და უმოკლეს ვადაში მოხდება დაზიანების აღმოფხვრა. ზოგადად, კომპანიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს, აღნიშნული მილი საბჭოთა დროს არის ჩადებული, თუმცა მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. გარკვეულ მონაკვეთებზე მოხდა მილის გამოცვლა. თუმცა აღნიშნული ხაზი 8 კილომეტრიანია. შესაბამისად, მისი სრულად გამოცვლა ვერ მოხერხდა და ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო", - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია