პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში

პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში

პაციენტის ინფორმაციით, თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევის შედეგად, პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად აღნიშნულმა პირმა განუცხადა, ე.წ. PCR კვლევის განმეორებით ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ "ლაბორატორიის აპარატი, რომლითაც დიაგნოზი დაუსვეს, მწყობრიდან იყო გამოსული". მისივე ინფორმაციით, არ არის მხოლოდ ერთადერთი პაციენტი, რომლის დიაგნოზშიც ცდომილება აღმოჩნდა.

პაციენტის ინფორმაციით, კვლევა 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩაიტარა.

„ჩავაბარე ანალიზები ნარკოლოგიის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის კვლევისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ სამწუხაროდ, ჩემთვის ცუდი ინფორმაცია ჰქონდათ და მე С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი ვიყავი. დიაგნოზში წერია: „ტესტირებამ აჩვენა, თქვენ ინფიცირებული ხართ С ჰეპატიტის ვირუსით. თქვენი სისხლით სავარაუდოდ, დაბინძურებული საგნების გაზიარებით შესაძლოა გადასცეთ ინფექცია სხვა ადამიანებსაც. С ჰეპატიტის ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და საჭირო მკურნალობის მისაღებად თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს“. გადამოწმება არც მიფიქრია, თუმცა რამდენიმე დღეში თავად დამიკავშირდნენ და მითხრეს, აპარატურამ აურია და დიაგნოზი არასწორი იყო, რის გამო ანალიზები თავიდან უნდა გამეკეთებინა. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, თურმე С ჰეპატიტის ვირუსი არ მქონია.

ფაქტობრივად გადავრჩი, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვა ვერ მოვასწარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პაციენტმა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" თავად ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც დაუკავშირდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს, რისი მიზეზიც "შესაბამისი აპარატის ტექნიკური პრობლემა იყო".

"თავდაპირველად შესავალს გავაკეთებ, რომ ტესტ კვლევით ისაზღვრება ანტისხეულების არსებობა სისხლში და ეს არ არის საბოლოო პასუხი, რომ ადამიანს აქვს ვირუსი და სჭირდება მკურნალობა. ეს ანტისხეულები შესაძლოა იყოს, როგორც ნამკურნალებ პაციენტებში, ასევე თვითგანკურნებულ პაციენტებშიც, ასევე იმ პაციენტებშიც, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა. შემდეგ ტარდება PCR კვლევა. არის შემთხვევები, როდესაც გაყოფილი პასუხებია და ალტერნატიული მეთოდითაც ტარდება კვლევა დაზუსტებისთვის. განსაკუთრებით პაციენტების რისკ ჯგუფში, მაგალითად, წამალდამოკიდებულ პაციენტებში. რეალურად, ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც მოხვდა ამ ნაკადში, სადაც რამდენიმე შეუსაბამობა აღმოჩნდა და გადამოწმდა ალტერნატიული მეთოდით. როდესაც განსხვავებული პასუხი მივიღეთ, მოხდა ძირეული კვლევა.

ლაბორატორია არ არის ისეთი, რომ 100%-იანი შედეგი დადოს ყოველთვის. მუდმივი კონტროლი და შემოწმება სჭირდება. ასეთი შემთხვევები რომ დაფიქსირდა, გადამოწმდა კიდევ ერთხელ. კვლევა ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე, რომელიც მანქანაა და შესაძლოა, რაღაც აერიოს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აპარატში იყო პატარა ტექნიკური შეცდომა. იმ დღეს, რა კვლევებიც ჩატარდა, რამდენიმე ნიმუშში იყო ცდომილება; ზუსტად არ მახსოვს, მგონი 5 ნიმუშში. მაგრამ განსხვავებული შედეგით, ჯერ დადებითი რომ ყოფილიყო და განმეორებითი კვლევით რადიკალურად განსხვავებული შედეგი, უარყოფითი შედეგი დამდგარიყო, მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ვირუსის ციფრებში იყო მცირე ცდომილება. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ლაბორატორია 100%-იან შედეგს ვერ დადებს", - განაცხადა ალხაზაშვილმა და დასძინა, რომ "ასეთი რადიკალურად განსხვავებული შედეგით შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. ეს იყო პირველად".

"მერე ტექნიკური ინჟინერიც გამოვიძახეთ და გავასწორეთ აპარატი. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ ლაბორატორიაში პერიოდულად ყველაფერი მოწმდება. აპარატურას წელიწადში ოთხჯერ რუტინული გამოკვლევა უტარდება; გარდა ამისა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევაა, კიდევ დამატებით გამოკვლევა ტარდება. ყველა გამოკვლევა სერთიფიცირებული ინჟინრის მიერაა ჩატარებული და ჩანაწერების სახით არსებობს, დოკუმენტირებულია. გარდა ამისა, ვართ გარე სისტემის მონიტორინგში ჩართულები და მუდმივად გვაქვს კონტროლი, მაგრამ ხდება მსგავსი შემთხვევებიც, რაზეც ახლა ვისაუბრეთ", - აღნიშნა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება კვლევის ცდომილების ზღვარს, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია კვლევის მეთოდზე.

"20%-იანი ზღვარი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ანტისხეული დადებითია, მაგრამ PCR კვლევა არის უარყოფითი. რაც შეეხება ტესტის ცდომილებას, ის მინიმალურია, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებშია. ეს შემთხვევა შეიძლება ითქვას დასაშვები ცდომილების ფარგლებში იყო", - განაცხადა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტის ბაზაში ჩასმას და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მონაცემების ჩასწორებას, ალხაზაშვილის თქმით, ლაბორატორიის მიერ განსხვავებული მონაცემების დადგენის შემთხვევაში თავად დაწესებულება ინფორმაციას არ ასწორებს.

"ჩვენ არ ვაგზავნით პირდაპირ ამ ჩასწორებულ ინფორმაციას, ჩვენ მონაცემებს ვაგზავნით მკურნალ ექიმთან და შემდეგ ის ახდენს მონაცემების ჩასწორებას. რა თქმა უნდა, ჩასწორება ხდება. კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ გვიცნობებია. ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო და ჯერ პროგრამაში არ იყო ასახული. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენგან პირველადი პასუხის გაცემა ნაჩქარევად მოხდა. პასუხი გავეცით მანამდე, სანამ განმეორებითი კვლევის შედეგს ვნახავდით. რამდენად იყო ეს კლინიკის ბრალეულობა, ვერ გეტყვი; ეს არის აპარატის შეცდომა, რომელიც პირველად დაფიქსირდა", - განმარტა მან.

ალხაზაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპარატმა შეცდომა დაუშვა და პირს, რომელსაც ვირუსი არ აქვს, მსგავსი დიაგნოზი დაუსვეს, პაციენტი მკურნალობის პროგრამაში მაინც ვერ ჩაერთვება. ალხაზაშვილის განმარტებით, PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის.

"პაციენტი გადაზღვეულია რამდენიმე სხვადასხვა კვლევით. PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის. PCR არ არის საბოლოო კვლევა. გენოტიპის კვლევის დროს აუცილებლად გამოიკვეთებოდა, რომ პაციენტს არ აქვს ვირუსი და დაისმებოდა კითხვის ნიშანი", - განაცხადა ალხაზაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის ჯანდაცვის სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოკვლევას დაიწყებს.

"ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. რასაც თქვენ ყვებით, ეს უფრო ტექნიკური ხასიათის შემთხვევაა და დაწესებულებასთან არის გასარკვევი, რა როგორ იყო. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ კვლევის შედეგით პაციენტები სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები, მაშინ ეს უნდა შემოწმდეს.

თამთა კაკაურიძე, გიორგი ფარქოსაძე; "ინტერპრესნიუსი"

ქობულეთში 70 წლის მამაკაცს ნარჩენების დაწვისას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა