სასტუმრო "რუმსში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 180 კვ.მ. ფართობი დაიწვა

სასტუმრო "რუმსში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 180 კვ.მ. ფართობი დაიწვა

სასტუმრო "რუმს თბილისში", წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მეხუთე სართულიდან გავრცელდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სასტუმრო "რუმს თბილისთან" ის წუხელვე იმყოფებოდა.

სასტუმროს დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო დღესვე დაიწყებს ფუნქციონირებას.

"ყველა სტუმარი არის ევაკუირებული. ისინი გადაყვანილი არიან სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", არავინ დაშავებულა - არც სტუმარი და არც თანამშრომელი, რადგან მოხდა ძლიან სწრაფი რეაგირება როგორც სახანძრო სამსახურის, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან.

ჩეხერიას ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

"აჭარა ჯგუფის" მმართველი დირექტორის ინფორმაციით კი, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მისივე თქმით, მიზეზს გამოძიება დაადგენს. როგორც ბერულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძარი მეხუთე სართულზე სხვენში გაჩნდა. "ყველაფერი არის მოგვარებული, ჩვენი ყველა სტუმარი გადაყვანილია ჩვენს მეორე სასატუმროში", - განაცხადა ბერულავამ.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო "რუმს თბილისში" ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა.

"შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრაფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია