სამშაბათს პიატიგორსკში მომხდარი აფეთქების დეტალები გაცხადდა - ასაფეთქებელი, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული, 30 კგ ტროტილის ეკვივალენტური იყო. სტავროპოლის გუბერნატორის ვალერი გაევსკის განცხადებით, ბომბი სპეციალურ დამაზიანებელ ელემენტებს არ შეიცავდა.
პიატიგორსკის სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ერთ-ერთი დაზარალებული განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია და მისი მოსკოვში ტრანსპორტირება იგეგმება.
როგორც საძიებო ორგანოებმა დაადგინეს, კიროვის პროსპექტზე, კაფე "კეიპტაუნთან" "ВАЗ-2106" მარკის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ავტომობილის მფლობელის ვინაობა დადგენილია, თუმცა აღნიშნული პირი რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილზე არ აღმოჩნდა.
ტერაქტი პიატიგორსკში 17 აგვისტოს საღამოს განხორციელდა. ტერორისტებმა ავტომანქანა ააფეთქეს, რომელიც კიროვის ქუჩაზე მდებარე კაფეს წინ იდგა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.